აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა ძირითადი ყურადღება ბიუჯეტის ზრდაზე, სტრატეგიულ დაგეგმვაზე და რესურსების ოპტიმიზაციაზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობისა და დევნილ მეწარმეთა მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას. მოხსენების ფარგლებში, მინისტრმა ასევე სამინისტროს 2026 წლის სტრატეგიაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა. მან ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდასა და 2026 წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.
ღონისძიების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილი სამი მეწარმე ქალი დააჯილდოვეს, რომლებმაც სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამის ფარგლებში გრანტი მიიღეს. ასევე სპეციალური ჯილდო გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობენ.
ანგარიშის წარდგენას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.