27 სექტემბერს, მწერალთა სახლში, აფხაზეთის დღეების ფარგლებში,  ახალგაზრდა მკვლევარ ლუკა ჯღარკავას წიგნის „აფხაზეთის აზნაურთა საგვარეულოები“ და ვაჩე რაინდელის (ილია ჭკადუა) წიგნის − „ენგურის ორი ნაპირი“ პრეზენტაციები გაიმართა.

ლუკა ჯღარკავა გახლავთ წარმოშობით აფხაზეთიდან, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია. აფხაზეთის სიყვარულმა მისი წარსულისადმი ინტერესი გაუღვიძა. კონკრეტულად აფხაზი არისტოკრატიით კი იმიტომ დაინტერესდა, რომ მათი მემკვიდრეა.

ლუკა ჯღარკავას წიგნში წარმოდგენილია აფხაზეთის აზნაურთა ათი საგვარეულო, მათი ისტორიები - ფოტოებთან ერთად.

ახალგაზრდა მკვლევარი სამომავლოდ ამ ნაშრომის და ზოგადად ამ თემის გაგრძელებას, გავრცობასა და გაღრმავებას აპირებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, მეგობრები, ნათესავები.

ღონისძიებას  წიგნის „აფხაზეთის აზნაურთა საგვარეულოები“ რედაქტორი, მწერალი ნანა ქარდავა უძღვებოდა.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ჯემალ გამახარია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი. ისინი მიესალმნენ წიგნის ავტორს, დამსწრე საზოგადოებას. მაღალი შეფასება მისცეს ლუკა ჯღარკავას მიერ გაწეულ სამუშაოს. ჯემალ გამახარიამ გამოთქვა სურვილი წიგნის თარგმნისა რუსულ ენაზე და ავტორს დახმარება აღუთქვა თარგმანის გამოცემაში, ასევე მის გავრცელებაში.

„ენგურის ორი ნაპირი“ - ვაჩე რაინდელის ამ ფოტოგამოფენით დაიწყო მწერალთა სახლმა აფხაზეთის დღეების აღნიშვნა.

გამოფენა 25 სექტემბერს გაიხსნა და 30 რიცხვამდე გაგრძელდება.

წიგნი „ენგურის ორი ნაპირი“ აფხაზეთსა და მის დღევანდელობაზე უშუალოდ თვითმხილველისაგან შეიქმნა და რაც მთავარია, ვაჩე რაინდელმა ისე მოინახულა აფხაზეთი თანაც ორჯერ, რომ საამისოდ არავითარი ოფიციალური ნებართვა არ აუღია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფალთაგან. მან თანამედროვე აფხაზეთი დაგვანახა. დადებითი შეფასება მიიღო დამსწრე საზოგადოებისგან მის მიერ გაწეულმა ღვაწლმა.

გალერეა

სხვა სიახლეები