11 ივნისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში  სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დაარსებიდან 95 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ სასწავლებლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, პედაგოგები, ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კამერული ორკესტრი რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას ესწრებდონენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი.

კონცერტის დასრულების შემდეგ თამაზ ხუბუა და ნუგზარ მგალობლიშვილი გულთბილად მიესალმნენ  კონცერტში მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას. მათ ისაუბრეს იმ  მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, რომელიც სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალური განათლებისა და ესთეტიკური აღზრდის საქმეში აქვს შეტანილი, რისთვისაც ამ სასწავლებელს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

თამაზ ხუბუამ და ნუგზარ მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცეს მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატებებისთვის, სსიპ ქ.სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგებს: თამარ იაშვილს, მადინა ტეხოვას, მანანა ბერულავას, მაია ცაავას, ციური აბესაძეს, ანან რეხვიაშვილს, ირმა მორალიშვილს, ალდონა კალანდიას, ნესტან ქარდავას. უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცეს კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძეს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს, კომპოზიტორ გიორგი (გოგა) შავერზაშვილს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელები გადაეცათ სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წარჩინებულ მოსწავლეებს: სალომე სირბილაძეს, მარიამ გოგებაშვილს, ნათია გულუას, ზვიად ხუხუას, სასწავლებლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს: ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტს  ლელა სიხარულიძეს, საოპერო მომღერალს  ქეთევან კაკაბაძეს, სოხუმის დ.არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის და ბუდაპეშტის „ლისტის აკადემიის“ წარჩინებული კურსდამთავრებულს, მილანის უნივერსიტეტის „ნეირომეცნიერების და ადამიანური რესურსების“ ფაკულტეტის მაგისტრანტს, პიანისტს და კონცერტმაისტერს ნინა უსტინოვას.

 

გალერეა

სხვა სიახლეები