მიმდინარე წლის 16 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

ერთობლივი სხდომის პირველ საკითხთან  დაკავშირებით მოკლე ინფორმაციული ანალიზით სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი თენგიზ ნასარიძე; ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  ბატონი თამაზ ხუბუა და ერთობლივი სხდომის თავმჯდომარე  რუდიკ ცატავა. 

მინისტრმა აგრეთვე უპასუხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს. 

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვლმა, ადამიანის უფლებების დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავამ.  

მსჯელობების, გამოსვლებისა და განხილვების შემდეგ კომიტეტების  ერთობლივი სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.

ერთობლივი სხდომის კომიტეტების წევრებმა ცალ-ცალკე - კომიტეტების მიხედვით, ღია კენჭისყრით  არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რეკომენდაცია მიეცეს ინფორმაცია განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე და კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს.

ერთობლივი სხდომის მეორე საკითხის განხილვის შემდეგ  კომიტეტების წევრებმა ცალ-ცალკე - კომიტეტების მიხედვით, ღია კენჭისყრით  არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რეკომენდაცია მიეცეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის  პროექტი განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი მიზნად ისახავს რეგლამენტის ინტერპელაციის ფორმატის პროცედურის სრულყოფას, რითაც უმაღლესი საბჭოს   სუბიექტებს მიეცემათ დრო და შესაძლებლობა  სრულყოფილად შეისწავლონ და განიხილონ უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილი წერილობითი პასუხები; ანუ შეკითხვის ავტორი წერილობით პასუხს მიიღებს პლენარული სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 2 დღით ადრე. 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ მჟავია, დეპუტატები ჯემალ საჯაია, ანზორ წოწონავა, ეთერ ასტემიროვა, როსტომ შამუგია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების პასუხისმგებელი მუშაკები.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

 

გალერეა