მიმდინარე წლის 22 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის ანგარიში 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“.

კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვის შემდგომ საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ 2025 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მან ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, კერძოდ: აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამემამულეების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ასევე დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების გადაწყვეტის კუთხით. ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ უწყებასთან კოორდინირებულ მუშაობაზე. აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში, კომიტეტისა და მისი აპარატის მონაწილეობით კანონპროექტების განხილვისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარდა 19 სხდომა, მათ შორის კომიტეტების 8 ერთობლივი სხდომა; კომიტეტმა განიხილა 22 საკითხი; შეიმუშავა 18 დასკვნა; ჩატარდა 68 სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა პროფილურ სამინისტროს ხელმძღვანელებთან და მათ დაქვემდებარებულ საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან; კომიტეტმა განიხილა 178 წერილობითი და ზეპირი განცხადება; განხორციელდა რეაგირება კომიტეტში შემოსულ 103 კორესპონდენციაზე; კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეწია წერილობითი და ზეპირი შუამდგომლობები ცენტრალურ ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა უწყებაში.  

რუდიკ ცატავამ ასევე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სოციალური-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ გადმოყვანის პროცედურებში, მათ შემდგომ სრულ პატრონაჟში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივი საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური ანაზღაურება, რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება, სხვა ღონისძიებების განხორციელება.

ანგარიშის მოსმენის შემდგომ გაიმართა საქმიანი დისკუსია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაო, დეტალური ანალიზი. გამოითქვა საქმიანი წინადადებები.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატთა კორპუსმა დადებითად შეაფასეს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის აპარატის, მისი თავმჯდომარის რუდიკ ცატავას საქმიანობა და მადლობა გადაუხადეს მას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის.

გალერეა