31 მარტი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე

  რეფერენდუმის ჩატარებისა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი შემოქმედის - 

       ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

 

საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველი დღიდანვე გადადგა თანმიმდევრული, წინასწარ  ზუსტად გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯები,  რომლებმაც მშვიდობიანად მიგვიყვანეს 1991 წლის 9 აპრილამდე. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი გახლდათ საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებმა პასუხი გასცეს კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც უშუალოდ ვმონაწილეობდით  რეფერენდუმში, ადგილებზე მის მომზადებასა და ჩატარებაში, მუდამ თვალწინ გვიდგას ის ბედნიერი დღე,  საყოველთაო საზეიმო განწყობა, ეროვნული ერთიანობისა და ერთსულოვნების მანამდე და, სამწუხაროდ, შემდგომშიც არნახული განცდა, რომელმაც ასახვა ჰპოვა რეფერენდუმის შედეგებშიც. საქართველოს მასშტაბით რეფერენდუმზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 90. 57%, დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა 99. 08 %, წინააღმდეგი იყო მხოლოდ 0.51%.

განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რეფერენდუმი წარმატებით ჩატარდა სეპარატისტულ რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ არძინბას ხელისუფლებამ და აფხაზეთში არსებულმა, კრემლიდან მართულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს რეფერენდუმს, კენჭისყრაში მაინც მიიღო მონაწილეობა ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (აფხაზეთში სულ იყო  347 175 ამომრჩეველი) 61. 23%. აქედან რეფერენდუმზე დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა 97. 73%, რაც შეადგენდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59. 84 %. ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი პოლიტიკური გამარჯვება სეპარატიზმზე, განსაკუთრებით იმ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის წილი მხოლოდ 46-47%-ს შეადგენდა. როგორც შედეგები გვიჩვენებენ, რეფერენდუმში ქართველებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აფხაზებმაც (საარჩევნო უბნებზე 1600 აფხაზურენოვანი ბიულეტენი გაიცა), სომხებმაც, ბერძნებმაც, რუსებმაც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებმაც.

რეფერენდუმმა მყარი პოლიტიკური საფუძველი შეუქმნა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებულ თანამედროვე დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს. მან დიდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებაში. 1991 წლის 31 მარტისა და 9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლიც მიუთითებს: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.

1991 წლის მარტში განვითარებულ მოვლენათა  (17 მარტს საბჭოთა კავშირის შენარჩუნების თაობაზე დანიშნული რეფერენდუმის ბოიკოტი საქართველოში და სხვა) გამო, 31 მარტის რეფერენდუმი სრულიად შემთხვევით, მაგრამ სავსებით კანონზომიერად დაემთხვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მთავარი შემოქმედის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

უმაღლესი საბჭოს სახელით გულითადად ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს - 31 მარტს. ეს დღე განასახიერებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ ერთიანობას. დიდება 31 მარტს, მის შემოქმედს - ზვიად გამსახურდიას, ზვიადის ერთგულ თანამებრძოლებს, რომელთა ნაწილი დღემდე წარმატებით იღწვის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში!

 

 

სხვა სიახლეები