მიმდინარე წლის 28 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.

კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის შედეგების თაობაზე.

სხდომის წამყვანმა აღნიშნა, რომ  აღნიშნული კანონის პროექტი დევნილთა ფართო საზოგადოების მიერ იქნა განხილული, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და აფხაზეთში საომარი მოქმედებების ომის ვეტერანები. კანონპროექტი განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყველა სამინისტროში, მათ წარმოადგინეს ამის შესახებ თავისი მოსაზრებები. უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციამ და კომიტეტმა წარმოადგინა დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო ცვლილება საგაზაფხულო და საშემოდგომო სასესიო პერიოდების გახსნის დღის დაზუსტებას უკავშირდება. დღეს არსებული მდგომარეობით ეს დღე ემთხვევა საქართველოს პარლამენტში სესიის გახსნის დღეს, აღნიშნული ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ ასეთი დამთხვევა არ იყოს და საგაზაფხულო სასესიო პერიოდი გაიხსნას ორი კვირით გვიან, ხოლო საშემოდგომო - ერთი კვირით გვიან, რაც ხელს შეუწყობს სარეგლამენტო პროცედურის დახვეწას.

საკითხის განხილვის შემდეგ კომისიის წევრები შეთანხმდნენ კანონის პროექტით შემოთავაზებულ ცვლილებაზე.  კომისიის თავმჯდომარეს დაევალა კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის შედეგების შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოხსენების წარდგენა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი, აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები. 

 

გალერეა