აფხაზეთის და სრულიად საქართველოს
მოსახლეობას გულითადად ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენას
— საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების
დღეს. ეს დღე შემთხვევით, მაგრამ იმავდროულად კანონზომიერადაც დაემთხვა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის ლიდერის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების
დღეს.
1991 წლის 31 მარტს გამართულმა
რეფერენდუმმა გამოხატა ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნება — აღედგინა საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა. ეს დღე წარმოადგენს ჩვენი ეროვნული ერთობის, თავისუფლებისა და დემოკრატიული
არჩევანის სიმბოლოს.
საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე გამართულმა რეფერენდუმმა ტრიუმფით ჩაიარა აფხაზეთშიც.
სეპარატისტებისა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის
მიუხედავად, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის თითქმის
ორმა მესამედმა, რომლის 97%, ანუ მთელი მოსახლეობის 60%-ზე მეტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას.
31 მარტს ვიხსენებთ და განსაკუთრებულ
პატივს მივაგებთ ამ დღის მთავარ შემოქმედს, ზვიად გამსახურდიას, რომლის ღვაწლი და ბრძოლა
ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის სრულიად გამორჩეულ ადგილს იკავებს
საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაში.
უმაღლესი საბჭოს სახელით
კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს -
31 მარტს. ვუსურვებ ჩვენს საზოგადოებას მშვიდობას, ერთიანობასა და წარმატებას ქვეყნის
განვითარებისა და გამთლიანების რთულ გზაზე.