მიმდინარე წლის 1 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა. სხდომებს უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
დეპუტატებმა
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჯგუბურიას
ქ.ფოთში მივლინების შედეგების შესახებ; იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მივლინების შედეგების შესახებ;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის კომიტეტის ანგარიში 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება სამთავრობი
პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ
ქ.ფოთში მივლინების შედეგების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს მივლინება იყო
მიზნობრივი ქ. ფოთის 21-ე საჯარო სკოლაში.
ქ.ფოთის 21-ე საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის
სახელის მინიჭების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამავე სკოლაში არსებული აკაკი ჩხენკელის
სახ. აფხაზეთის ისტორიის კაბინეტისთვის სახელის შეცვლის საკითხი. 24 მარტს სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე გადაწყდა
არსებული კაბინეტისთვის მიენიჭებინათ ცნობილი აფხაზი/ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის,
პროფ. ზურაბ ანჩაბაძის სახელი - პროფ. ზ. ანჩაბაძე იყო 1978 წელს დაფუძნებული აფხაზეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი და ქართულ - აფხაზური უნივერსიტეტის აღიარებული
სპეციალისტი.
სკოლის კონტიგენტის
გაზრდის ღონისძიებების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად მიჩნეული იქნა სკოლის I-IVკლასების
მოსწავლეებისთვის გახანძლივებული სწავლების შემოღების საკითხი, რაც დამატებით მოიზიდავს
დევნილ ბავშვებს გარკვეულ კონტიგენტს. სკოლას ამ მიზნების განხორციელებისთვის გააჩნია
აუცილებელი ინფრასტრუქტურა (ოთახები), ყავს
ტრანსპორტი და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში საკითხი შედარებით მარტივად
გადაწყდება.
სკოლის
„აფხაზეთის ისტორიის კაბინეტში“ ზურაბ ჯგუბურიამ წაიკითხა ლექცია თემაზე: „აკაკი ჩხენკელის
მოღვაწეობისა და საქმიანობის შესახებ“, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელობა, კაბინეტის
გამგე, მასწავლებლები და მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 26 მარტს სკოლის დირექციასთან ერთად განხილული იქნა
სკოლის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების ღონისძიებების საკითხები.
იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ, სხდომის მონაწილეებს
ქალაქ სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში განხორციელებული სამუშაო მივლინების
შედეგები გააცნო. მან აღნიშნა, რომ 4 მარტს იმყოფებოდა მივლინებით სამეგრელოს რეგიონში.
ჩასვლის მიზანი იყო შარტავას დაბადების დღის აღსანიშნავად ონლაინ გაკვეთილის ჩატარება,
რომლის ინიციატორი გახლდათ სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის, ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა თავართქილაძე. მასში ასევე მონაწილეობდნენ
ჟიული შარტავას სახელობის ქუთაისის, სენაკის, თბილისის და რუსთავის სკოლების უფროსკლასელები.
სწორედ ამ ღონისძიების ჩასატარებელ ტექნიკურ მხარეებზე შედგა საუბარი ქალბატონ ნანა
თავართქილაძესთან.
ვახტანგ
ყოლბაიამ კოლეგებს აცნობა ქალაქ ზუგდიდში მდებარე ჟიული შარტავას ბიუსტის მდგომარეობის
შესახებ. კერძოდ, დაზიანებული იყო კვარცხლბეკზე განთავსებული წარწერა (ასოები ჩამოცვენილი
იყო) და გამოკვეთილი იყო სხვა მცირე ხარვეზები. მისივე ინიციატივით, აღნიშნული პრობლემების
მოსაგვარებლად მოწვეულ იქნა ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი, არქიტექტორი, მოქანდაკე
თენგიზ აბრამიშვილი, რომელმაც არსებული ხარვეზები სრულად აღმოფხვრა.
ვახტანგ
ყოლბაიას წალენჯიხაში შეხვედრები ჰქონდა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქალაქ
ჯვარის სოფლის გამგებელთან, წალენჯიხის მერთან და მის მოადგილესთან. შეხვედრებზე საუბარი
ეხებოდა დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, კერძოდ, სოფელ
ზღვაიას დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების საჭირბოროტო საკითხებს. შეთანხმდნენ, რომ
სამეგრელოს წარმომადგენელი მოვიდოდა გამგეობაში იმ პრობლემების ნუსხით, რომლებიც არსებობს
ამ დასახლებაში.
სამუშაო
მივლინების ფარგლებში, ბოლო ლოკაციას წარმოადგენდა დაბა ჩხოროწყუ, სადაც აფხაზეთის
ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული №10 საჯარო სკოლის
ახალი შენობის მშენებლობის პროცესი დათვალიერდა. ვახტანგ ყოლბაიამ, აღნიშნა, რომ სამშენებლო
სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და პროექტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მისი
დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურ ფაზაშია და
ადგილზე სამუშაოები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოლეგების მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
მათ მომხსენებლებს კითხვები დაუსვეს და განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი
მოსაზრებები გამოთქვეს.
სხდომაზე
უმაღლესი საბჭოს წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის
ყოველწლიური მოხსენების საკითხიც განიხილეს, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების
მიმდინარეობას ეხება.
დეპუტატები
შეთანხმდნენ, რომ მთავრობის მეთაურის ანგარიშს აპრილის მეორე ნახევარში მოისმენენ.
უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარესთან კოორდინაციით, შესაბამისი სხდომა 15-დან 30 აპრილამდე
პერიოდში ჩაინიშნება.
პლენარულ
სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში.
დოკუმენტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ მგალობლიშვილმა წარუდგინა.
საანგარიშო
პერიოდში საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის
მთავარ პრიორიტეტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში
არსებულ სსიპ-ებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მიმდინარე პროცესების ანალიზი წარმოადგენდა.
წლის განმავლობაში
კომიტეტმა გამართა 32 სხდომა, რომელთაც წევრთა უმრავლესობა რეგულარულად ესწრებოდა.
განხილული საკითხები ძირითადად ეხებოდა სამინისტროს საქმიანობას, კერძოდ — დისტანციურ
სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ასევე, სხდომებზე იმსჯელეს რესპუბლიკური ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშსა და მომზადდა დასკვნები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
საანგარიშო
პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოვიდა 134 წერილი, ხოლო გაიგზავნა — 98. აღსანიშნავია,
რომ კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, ყველა მიმართვაზე გაიცა დროული და შესაბამისი
პასუხი.
კომიტეტის
მხარდაჭერით, 2025 წლის 27 ოქტომბერს, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნუგზარ
მგალობლიშვილის შემოქმედებითი საღამო და ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
მაღალ დონეზე ორგანიზებულ ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთისა და საქართველოს
ხელისუფლების წევრები, ხელოვანთა წრეები და აფხაზეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
კომიტეტი
კვლავინდებურად აქტიურად არის ჩართული განათლებისა და კულტურის სფეროში გამართულ ყველა
მნიშვნელოვან აქტივობაში. ამ მიმართულებით სისტემატური ხასიათი აქვს შეხვედრებს სტუდენტებთან
და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, რომელთაც კომიტეტი შესაბამის კონსულტაციებსა
და პროფესიულ მხარდაჭერას უწევს.
აღსანიშნავია,
რომ კომიტეტის წარდგინებით, 2025 წელს კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში მოღვაწე
წარმატებული პირები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
მსგავსი აღიარება მნიშვნელოვანი სტიმულია მათი შემდგომი შემოქმედებითი თუ პროფესიული
წინსვლისთვის.
სიტყვით
გამოსვლისას ნუგზარ მგალობლიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კიდევ ერთ მნიშვნელოვან
ინიციატივას, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ჯგუბურიას ავტორობითა
და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა.
კერძოდ,
ქალაქ ფოთის №21 საჯარო (დევნილთა) სკოლაში აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიის
კაბინეტი გაიხსნა. აღნიშნული პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებად ქართველებსა და აფხაზებს
შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა
განისაზღვრა.
ისტორიის
კაბინეტის ფარგლებში, ფაკულტატური მომსახურების მეთოდით, რამდენიმე ძირითადი კომპონენტი
განისაზღვრა. პროექტი ითვალისწინებს ტრენინგების, საინფორმაციო და საგანმანათლებლო
შეხვედრების გამართვას, ასევე დისტანციურ და სხვა ტიპის არაფორმალურ აქტივობებს. აღნიშნულ
პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მეცნიერ-მუშაკები, რაც შემეცნებითი პროცესის მაღალ აკადემიურ
დონეს უზრუნველყოფს.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ კაბინეტს გადასცა შესაბამისი ლიტერატურა,
კედლის სურათები(ა.ჩხენკელის, ა.ემუხვარის, ბ.ჯუღელის), საოფისე ინვენტარი.
მიმდინარე
წლის 28 იანვარს, ქალაქ ფოთის საკრებულომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და დეპუტატ ზურაბ ჯგუბურიას ინიციატივით,
ასევე აფხაზეთის მთავრობის შუამდგომლობით, ფოთის №21 საჯარო (დევნილთა) სკოლას გამოჩენილი
ქართველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, აფხაზეთის მკვიდრის — აკაკი ჩხენკელის სახელი
მიენიჭა. აკაკი ჩხენკელი გახლდათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
მინისტრი, ქვეყნის ელჩი საფრანგეთში და საგანგებო წარმომადგენელი ევროპაში.
საინფორმაციო
მიმართულებით აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებს მულტიფუნქციური საერთაშორისო პლატფორმა
— „რეალური აფხაზეთი“ (rabkhazia.com), რომლის მთავარ რედაქტორს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია
წარმოადგენს. ვებგვერდი გამართულად მუშაობს და მასზე სისტემატურად იტვირთება ახალი,
აქტუალური მასალები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების ინფორმირების საქმეში.
პარალელურად,
კომიტეტი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სოციალურ პასუხისმგებლობასაც იჩენს. საბჭოს წევრებისა
და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებულმა ააიპ-მა „სოციალური სოლიდარობისთვის“
მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა. ოქტომბრის ბოლოს, ქალაქ ფოთში მცხოვრებ
150 დევნილ ოჯახს ფონდიდან გამოყოფილი საკვები პროდუქტები გადაეცა.
დისკუსიაში
მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები
ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა.
მოსაზრებებისა
და წინადადებების მოსმენის შემდგემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მადლობა
გადაუხადეს ნუგზარ მგალობლიშვილს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასეს
კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.