მიმდინარე წლის 9 დეკემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვის განრიგის დამტკიცების შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“, და „უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას და თემურ მჟავიას ქ. ფოთსა და ქ. ბათუმში მივლინების შედეგების შესახებ“.

კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდა მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს და ფრაქციებს უკვე წარედგინათ განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც. მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

რეგლამენტში ცვლილების შეტანსთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილება მიზნად ისახავს მთავრობის წევრების ინტერპელაციის წესით მოსმენების ფორმატში გარკვეული დაზუსტებების შეტანას. საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდიუმის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

სხდომის ბოლო ნაწილი დეპუტატების ვახტანგ ყოლბაიას და თემურ მჟავიას ქ. ფოთსა და ქ. ბათუმში მივლინების შედეგების განხილვას მიეძღვნა. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ქ. ფოთში ვიზიტის დროს, უმაღლესი საბჭოს დელეგაცია აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზებით, ფოთის საცურაო კომპლექსში გამართულ ცურვის ტურნირს დაესწრო, რომელშიც 50-მდე აფხაზეთიდან დევნილმა და ფოთში განსახლებულმა უკრაინელმა მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა. ვახტანგ ყოლბაიამ და თემურ მჟავიამ გამარჯვებულებს სიგელები, მედლები და თასები გადასცეს. ქ. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მოინახულეს აფხაზეთის აფროსანთა კლუბი - "ცხუმი", შეხვდნენ კლუბის დამფუძვნებლებს ვახტანგ და გივი ხაბურძანიებს. შეხვედრაზე განიხილეს კლუბის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, დაფინანსების მოძიებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვახტან ყოლბაიას განცხადებით, ვიზიტი ნაყოფიერი იყო.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მჟავიამ. მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული. 

გალერეა

სხვა სიახლეები