მიმდინარე წლის 29 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა წარსდგა. საკითხის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ გრაფიკს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრები: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, საზოგადოებას 2025 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. დოკუმენტში დეტალურად არის გაანალიზებული აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება. მოხსენების თანახმად, მთავრობის მუშაობის ქვაკუთხედს კვლავ წარმოადგენდა დეოკუპაციის ხელშეწყობა, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ისევე როგორც დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვა.

პოლიტიკური მიმართულებით, 2025 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ჩართულობის გაზრდას. მთავრობა აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, სადაც მუდმივად ისმებოდა საკითხები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო პასპორტიზაციისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. პარალელურად, გაძლიერდა მუშაობა დიპლომატიურ კორპუსთან, რაც მიზნად ისახავდა პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას ოკუპირებულ რეგიონში არსებული რეალური ვითარების შესახებ. ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანი რესურსი მიიმართა ნდობის აღდგენის პროექტებზე, რომელთა ბიუჯეტმა 1 006 006 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხით დაფინანსდა ისეთი სამშვიდობო ინიციატივები და მედიაპროექტები, რომლებიც ხელს უწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის დიალოგის აღდგენასა და საერთო ინტერესების გამოკვეთას.

მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა მთავრობის საქმიანობის კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ბიუჯეტი საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 3 967 470 ლარს მიაღწია, რაც მოხმარდა ამბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას, ონკოპაციენტთა მკურნალობასა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს. სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით კი 2 903 940 ლარი დაიხარჯა, რაც ძირითადად დევნილთა განსახლების ობიექტების ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასა და შეჭირვებული ოჯახების ფინანსურ დახმარებაზე გადანაწილდა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ არა მხოლოდ დევნილებს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებსაც.

განათლებისა და კულტურის სფეროში მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებულ გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. ამ პრობლემის საპასუხოდ, მთავრობამ გააფართოვა დისტანციური სწავლების პროგრამები და უზრუნველყო წარმატებული სტუდენტების ფინანსური წახალისება. ამავდროულად, ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში, წარმატებით ამოქმედდა აფხაზეთის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალი. „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე დაფუძნებული ეს პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეების კომუნიკაციას სამთავრობო უწყებებთან და მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისების მიღებას.

დასკვნით ნაწილში გიორგი ჯინჭარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2026 წლისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრატეგია უცვლელი რჩება: ძალისხმევა მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის პროცესის მხარდაჭერისა და თითოეული დევნილი მოქალაქის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისკენ.

მოხსენების წარდგენის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. დასმული საკითხები შეეხებოდა მთავრობის პოლიტიკას ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სოფლის მეურნეობის ტექნიკით მხარდაჭერასა და სამთავრობო სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკას.

გამართულ საქმიან დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და მურმან კვარაცხელიამ. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის მიღწევები, ამასთანავე, წარმოადგინეს რეკომენდაციები და კრიტიკული შენიშვნები.

სხდომის შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა გიორგი ჯინჭარაძეს წარმოდგენილი მოხსენებისთვის და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ჯემალ გამახარიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეპუტატებს გააჩნიათ საკუთარი მოსაზრებები და ხედვები, რაც ანგარიშვალდებულების პროცესის განუყოფელი ნაწილია და ეს წინადადებები მთავრობამ სამომავლო საქმიანობაში უნდა გაითვალისწინოს.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

 

გალერეა

სხვა სიახლეები