მიმდინარე წლის 25 აპრილს, “გლობალური განათლების სამიტი 2026“ ჩატარდა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო ბილტმორში, საერთაშორისო ორგანიზაცია - “განსაკუთრებული ზრუნვა განათლებაზე“ (AKS) ორგანიზებით განხორციელდა.

სამიტზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ხარისხიანი განათლების მიწოდების პერსპექტივები. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დელეგატები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლზე განათლების სფეროში. განიხილეს მსოფლიოს მასშტაბით განათლების სფეროს ხელშეწყობის საკითხები. მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი ნაშრომებით მოხდა დაგროვილი გამოცდილების და შეხედულებების ურთიერთგაცვლა.

სამიტზე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია: („განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის გზით“). მან ვრცლად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე დისტანციური სასწავლო რესურსის მომზადების პროცესის შესახებ, წარმოადგინა სწავლების მეთოდოლოგია. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მონაწილეთა შორის.

ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ესწრებოდა, მიეძღვნა განათლების სფეროს ხელშეწყობისათვის გამორჩეული ნომინანტებისა და მომხსენებლების დაჯილდოების ცერემონიას.

ჯემალ გამახარია მიესალმა დამსწრეთ, მადლობა გადაუხადა სამიტის ორგანიზატორებს ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების ხელშეწყობისათვის და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისკრიმინაციის პირობებში მიმდინარე ქართულენოვანი სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლების საპილოტე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.   

 

გალერეა

სხვა სიახლეები