13 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს
უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
დეპუტატებმა მოისმინეს დღის წესრიგით
გათვალისწინებული ანგარიში „ქართულენოვანი სინქრონული და ასინქრონული დისტანციური სწავლებები
ოკუპირებულ აფხაზეთში“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ“, რომელიც წარმოადგინა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებულ ტერიტორიის
მოსახლეობასთან ურთიერთობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა
კვარაცხელიამ. მან ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მნიშვნელობაზე,
გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგებზე და ასევე ცალკეული ობიექტური თუ სუბიექტური
მიზეზით არსებულ პრობლემებზე, ხელშემშლელ ფაქტორებზე. ნანა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ
არსებული საგნების სწავლებას, კერძოდ ქართული ენასა და ლიტერატურას და ინგლისურ ენას
მოსწავლეების სურვილიდან გამომდინარე დაემატება ახალი საგნები საქართველოს ისტორია
და ჭადრაკი. საუბარი შეეხო დისტანციური სწავლების შესახებ კანონს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დისტანციური სწავლების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას.
საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები
გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის
დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, უმაღლესი
საბჭოს წევრებმა თეიმურაზ მჟავიამ, ელგუჯა გვაზავამ. მათ უაღრესად დადებითი შეფასება
მისცეს იმ შედეგებს, რაც თვალნათლივ ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის
ქართული ენის სწავლების კუთხით და სამომავლოდ ამ საქმიანობის უფრო მეტი განვრცობის
აუცილებლობაზე ისაუბრეს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის
განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე.
შემაჯამებელ სიტყვაში ჯემალ გამახარიამ
აღნიშნა, ჩვენ ამ პროექტიდან გამომდინარე სახელმწიფოს
ვეუბნებით, რომ შესაძლებელია დისტანციური, პარალელური სწავლების განხორციელება ოკუპირებულ
ტერიტორიაზე. „ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩამოყალიბება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეთავაზება“. - განაცხადა
ჯემალ გამახარიამ.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში
მიმდინარეობდა.