აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა
და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და ტექნიკური პერსონალის
წარმომადგენლები, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთის კონფლიქტამდე დაიწყეს და წლების განმავლობაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში.
ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა, სადაც
მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია
II-ის და იმ აფხაზეთელი ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებიც აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს
ემსხვერპლნენ ან დევნილობაში გარდაიცვალნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორნ ეკა წივწივაძემ.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურია საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები ზურაბ ზჯგუბურია, მურმან კვარაცხელია, თემურ მჟავია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასმედიის დამსახურებული წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოების ინფორმირებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურებიან.