აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი (შემდგომ – რეგლამენტი) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც  განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მუშაობის წესს.

 

მუხლი 2. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

1. უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ხალხის ინტერესების უზენაესობა;

ბ) საკითხთა თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა;

გ) საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის განუხრელი დაცვა;

დ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვა და პატივისცემა;

ე) საჯაროობა;

ვ) გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.

2. უმაღლესი საბჭოს სამუშაო ენებია ქართული და აფხაზური.

3. უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი სოხუმი, დროებითი ადგილსამყოფელი – ქ. თბილისი.

 

მუხლი 3. უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

1. უმაღლეს საბჭოში დაწესებულია უმაღლესი საბჭოს ჯილდოები: საპატიო სიგელი (უმაღლესი ჯილდო), მადლობის სიგელი, წარმატებულის სიგელი და უმაღლესი საბჭოს სამკერდე ნიშანი.

2. პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

3. დაჯილდოების წესს ბრძანებით ადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 4. ვადების ათვლის წესი

1. ვადები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს კალენდარულ დღეებს.

2. ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამეტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა.

3. უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევისა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში ვადის დინების გაგრძელებისა და საკითხის განხილვის თაობაზე.

 

თავი II

უმაღლესი საბჭოს წევრი

მუხლი 5. უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი

1. უმაღლესი საბჭოს წევრი არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი. უმაღლესი საბჭოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია.

2. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

3. თავისუფალი მანდატი უმაღლესი საბჭოს წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა პასუხისმგებლობისაგან.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს უმაღლესი საბჭოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

 

მუხლი 6. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს უმაღლესი საბჭო. უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) უმაღლეს საბჭოს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისა) ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

5. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს იმავე დადგენილებით შეუწყდება მას  ვადამდე უფლებამოსილება.

6. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში (თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრად წარდგენილია უმაღლესი საბჭოს წევრი), უმაღლესი საბჭოს წევრის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

7. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

10. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო და მოთავსებულ იქნა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის,   იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს აღნიშნულის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

11. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სხვა საქმიანობასთან შეთავსება

1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

2. უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან  შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არ აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს საზოგადოებრივ საქმიანობას. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ და სახელოვნებო საქმიანობას, თუ ეს საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლებამოსილებას.

5. უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პოლიტიკურ პარტიაში.

 

მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს წევრის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

1. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) კონტროლის განხორციელებისას:

ბ.ა) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ.ბ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;

ბ.გ) უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უმაღლესი საბჭოს წევრს ამ უფლების გამოყენება შეუძლია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას;

გ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია:

ა) დაესწროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ, პრეზიდიუმის, კომიტეტის, ფრაქციის ან დროებითი კომისიის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

ბ) ხელი შეუწყოს კანონმდებლობის, მათ შორის, რეგლამენტის, მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს უმაღლეს საბჭოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრეს ან შესაბამის კომიტეტს;

გ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებულ შესაძლებლობა;

დ) პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს და არ გაამჟღავნოს სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში მიღებული ან შექმნილი ინფორმაცია;

ე) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით დადგენილი ქცევის სტანდარტები.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხს განსახილველად სვამს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

4. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრი მისი მოთხოვნით.

5. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ.

 

მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს თანამდებობები

1. უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირები არიან:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

გ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დ) კომიტეტის თავმჯდომარე;

ე) ფრაქციის თავმჯდომარე;

ვ) დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

ზ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

თ) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

2. (ამოღებულია - 16.06.20 №09).

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ.

 

მუხლი 10. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეჩერება

1. უმაღლესი საბჭოს წევრს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება. უმაღლესი საბჭოს წევრს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, მისივე მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

2. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ გამოარკვევს გაცდენის მიზეზს, უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება. თუ გაცდენის მიზეზის გამორკვევის შემდეგ დადასტურდა, რომ მიზეზი საპატიოა, უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

3. უმაღლესი საბჭოს წევრის დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს დაკავებულ ან დაპატიმრებულ წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მიეცემა განაცდური თანამდებობრივი სარგო.
5. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, პირს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აღუდგება უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრის სპეციალური შრომითი გარანტიები

1. უმაღლესი საბჭოს წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უმაღლესი საბჭოს წევრის სამსახურებრივი საჭიროებისათვის გადაადგილებას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო.
3. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა.

 

მუხლი 11​1. უმაღლესი საბჭოს წევრის გასამრჯელო

1. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო აისახება უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხაში.

2. უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცემა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ფულადი ანაზღაურება, რომლის ოდენობასაც უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

თავი III

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილეები

მუხლი 12. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე პირი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში (შემდგომ – უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფი).

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ აღნიშნულ თანამდებობაზე.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა ნებისმიერ დროს, მათ შორის, ყოველი კენჭისყრის წინ.

5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისათვის ეძლევა 20 წუთი და შესაბამისი დრო, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.

6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა იმართება ბიულეტენებით.

8. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

10. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

11. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა.

 

მუხლი 13. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს უმაღლეს საბჭოს სხვა ორგანოებთან ურთიერთობებში;

ბ) უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

გ) უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს ორგანოებისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;

დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს. საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს;

ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილეების საქმიანობის სფეროებს, აძლევს მათ ცალკეულ დავალებებს;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად უგზავნის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონებს;

თ) ხელს აწერს და აქვეყნებს რეგლამენტს, ხელს აწერს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ სხვა აქტებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

კ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმიანობას;

ლ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში სვამს დროებითი კომისიის შექმნის საკითხს;

მ) რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას;

ნ) საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში ნიშნავს უმაღლესი საბჭოს სამ წევრს;

ო) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების, უმაღლესი საბჭოს დელეგაციებისა და სხვა დასაქმებულთა მივლინებაში წარგზავნის საკითხებს;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ზომებს უმაღლესი საბჭოს ღირსებისა და უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

ჟ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას. განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ოდენობას;

რ) რეგლამენტით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს, უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ტ) უმაღლესი საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში;

უ) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იწვევს იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც არა აქვთ პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე დასწრების მსურველ საზოგადოების წარმომადგენლებს;

ფ) ამტკიცებს უმაღლეს საბჭოში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს;

ქ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 14. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უმაღლესი საბჭოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.

4.  უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 7 დღის ვადაში ამოწმებს უმაღლესი საბჭოს წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

5. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს განხილვის გარეშე,  საკითხის დასმიდან 15 დღის ვადაში.

6. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადაყენებულად ითვლება, თუ მის გადაყენებას მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ.

7. თუ უმაღლესმა საბჭომ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელმაც ხელი მოაწერა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უფლება არა აქვს, კვლავ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის დასმაში.

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო 14 დღის ვადაში დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭოს ახალ თავმჯდომარეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 15. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის ერთ-ერთ მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

მუხლი 16. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი

1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) ფრაქციას ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობისა და მოადგილეობის კანდიდატების დასახელების შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი და იმართება ხელახალი კენჭისყრა. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეობისა და მოადგილეობის კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

 

მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება აქვთ ამ რეგლამენტის მე-14 მუხლით დადგენილი წესით გადადგნენ თანამდებობიდან.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მათი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრების, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, არა უგვიანეს 15 დღისა ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს ან მოადგილეს.

 

თავი IV

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

მუხლი 18. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უფლებამოსილებები

1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი რეგლამენტით დადგენილი წესით:

ა) შეიმუშავებს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგის პროექტს;

ბ) უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, კონცეფციის, რეზოლუციის, მიმართვის, დეკლარაციის, უმაღლესი საბჭოს მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი კომისიის დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;

გ) საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებისა და სხვა თანამდებობის პირთა თანამდებობაზე განწესების თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას;

დ) ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

ე) ამტკიცებს კომიტეტებისა და დროებითი კომისიების დებულებებს;

ვ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების რეგისტრაციის საკითხს;

​1) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს;

ზ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს უმაღლესი საბჭოს მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე;

ი) იღებს გადაწყვეტილებას პირის უმაღლესი საბჭოს ჯილდოთი დაჯილდოების შესახებ;

კ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

მუხლი 19. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, ხოლო უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდიუმის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს პრეზიდიუმის წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე პრეზიდიუმის წევრთა უმრავლესობა. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე პრეზიდიუმის წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

7. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს შეუძლია უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში.

 

მუხლი 20. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

2. უმაღლეს საბჭოს შეუძლია გააუქმოს ან შეცვალოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ  უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
3. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ფორმდება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერი დანიშნულებისამებრ იგზავნება.

 

თავი V

უმაღლესი საბჭოს კომიტეტები

მუხლი 21. კომიტეტების საქმიანობის საფუძვლები

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს კომიტეტების მეშვეობით.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებია:

ა) ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი;

ბ) საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტი;

გ) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;

დ) სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანრმთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტი;

ე) აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტი.

3. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. კომიტეტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 25 მაისი რეგლამენტი №06 - ვებგვერდი, 27.05.2021 .

მუხლი 22. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წევრებისა და  უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

2. კომიტეტის შემადგენლობაშია უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის სამი მეხუთედი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება იყოს გაწევრებული 2-ზე მეტ კომიტეტში. უმაღლესი საბჭოს წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის (უმაღლესი საბჭოს) მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს.

5. კომიტეტში წევრის  წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

6. უმაღლესი საბჭოს იმ წევრის კომიტეტში გაწევრება, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.

7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს კომიტეტის შემადგენლობაში.

8. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 23. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

2. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) მისი კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;

დ) რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 24. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი

1. კომიტეტის თავმჯდომარეს რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტის წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭო.

2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, კომიტეტის წევრთა მინიმალური რაოდენობის სამი მეხუთედის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან  7 დღის ვადაში.

3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით.

5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.

7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

9. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

 

მუხლი 25. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და ამის შესახებ აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის წევრს.

3. თუ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

4. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

5. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2  საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.

6. მეორე ტურში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.

7. თუ მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ითვლება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

8. არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყების შემთხვევაში შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

 

მუხლი 26. კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს უმაღლესმა საბჭომ, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კომიტეტმა, თუ ამას მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდიუმი, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – შესაბამისი კომიტეტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

2. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში − უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შემთხვევაში – კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს. გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გადადგეს.  გადადგომის შესახებ განცხადება წარედგინება  შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ განცხადებას გააცნობს  კომიტეტს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება აღნიშნული განცხადების კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენის დღიდან. გადადგომის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას კომიტეტი ცნობად იღებს, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

5. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის კვოტით და შეუწყდება შესაბამისი ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებაც.

 

მუხლი 27. კომიტეტის დებულება

1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომაზე შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას.

2. კომიტეტის დებულებით განისაზღვრება კომიტეტის საქმიანობის  მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე კომიტეტის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

3. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

მუხლი 28. კომიტეტის სხდომა

1. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 1 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული გამართოს კომიტეტის სხდომა). კომიტეტის სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს.

2. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომას იწვევს თავისი ინიციატივით, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დავალებით.

3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

5. ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და იმავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

7. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით მიმართვებს.

8. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა.

9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის მოთხოვნით. დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია. კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით.

10. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. კომიტეტის დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს კომიტეტის სხდომის დახურვა.

12. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლები. მათ სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 29. კომიტეტების ერთობლივი სხდომა

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 30. კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები

1. კომიტეტის თავმჯდომარე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

2. კომიტეტის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

ბ) წარმოადგენს კომიტეტს უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;

გ) ხელს აწერს კომიტეტის  აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;

დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ე) ყოველი წლის შედეგების მიხედვით საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს კომიტეტის საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;

ზ) ახორციელებს რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

4. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

 

მუხლი 31. კომიტეტის უფლებამოსილებები

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტების ან/და სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს;

გ) განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

დ) აკონტროლებს საკანონმდებლო აქტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;

ე) ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს უმაღლეს საბჭოს;

ვ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

ზ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

თ) ახორციელებს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს განიხილავს შესაბამისი კომიტეტი, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3. კომიტეტი საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი განცხადების, მიმართვის, პეტიციის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს უმაღლეს საბჭოს.

4. კომიტეტის სხვა უფლებამოსილებები განისაზღვრება კომიტეტის დებულებით.

 

მუხლი 32. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის  წერილობითი მოთხოვნით, რომელიც  უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.

4. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს  ამ ვადის გასვლიდან პირველსავე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის  მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან 2 თვის ვადაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.

 

მუხლი 33. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

 

მუხლი 34. კომიტეტის აქტები

1. კომიტეტის აქტებია: დასკვნა,  რეკომენდაცია, გადაწყვეტილება.

2. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას ან დანიშნულებისამებრ იგზავნება.

3. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების დარღვევის გამოვლენილ ფაქტებზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომიტეტის რეკომენდაცია შესაძლებელია წარედგინოს უმაღლეს საბჭოს ან რეაგირებისათვის ქვემდებარეობით გადაიგზავნოს. მისი განხილვის შედეგები ან მიღებული ზომები არაუგვიანეს 1 თვისა ან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში ეცნობება კომიტეტს.

 

მუხლი 35. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

1. კომიტეტის  თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს.

2. ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს.

3. ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს 10 წუთით.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ანგარიშის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მომხსენებელს.

6. საკითხის განხილვა მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.

7. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს.

 

მუხლი 36. კომიტეტის სამუშაო ჯგუფი

კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

 

მუხლი 37. საკონსულტაციო საბჭო

1. კომიტეტთან, კომიტეტის დარგობრივი სპეციალიზაციისა და მიმართულებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევის  მიზნით  კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომიტეტის გადაწყვეტილებით.

2. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას საჭიროებისამებრ იწვევს შესაბამისი კომიტეტი.

 

თავი VI

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია

მუხლი 38. უმაღლესი საბჭოს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი

1. ფრაქცია არის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოს წევრები ერთიანდებიან საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით.

2. ფრაქციის პირადი, პროფესიული, ადგილობრივი, რეგიონული ან რელიგიური ნიშნით შექმნა აკრძალულია.

 

მუხლი 39. ფრაქციის შექმნა

1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრს.

2. ფრაქციის შექმნის მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრები შეიმუშავებენ სხვა ფრაქციისგან განსხვავებულ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.

3. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები.

4. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოების შექმნისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და წესდების გადასინჯვის პროცედურა.

5. ფრაქციის თანამდებობის პირი არის ფრაქციის თავმჯდომარე. მისი უფლებამოსილება, არჩევის, გადაყენების და გადადგომის წესი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.

6. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 5 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.

7. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა. ახალშექმნილი ფრაქცია რეგისტრაციამდე ახორციელებს რეგლამენტის მე-40 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 40. ფრაქციის რეგისტრაცია

1. ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

4. თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 41. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა

1. უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა.

2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს უმაღლესი საბჭოს ორგანოში ან უმაღლესი საბჭოს თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გარიცხვის ან გასვლის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შემთხვევაში. ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

3. ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში, თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.

4. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.

5. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს ეს ორგანო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 42. ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

1. უმაღლესი საბჭოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში.

2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3. ფრაქცია უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას განიხილავს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც იგი წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს.

5. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფრაქციიდან გარიცხოს წევრი.

6. ფრაქციაში წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე 3 დღის ვადაში წერილობით ატყობინებს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

7. წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.

8. ფრაქციაში წევრის მიღების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილების სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას.

9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ან ფრაქციის წევრის, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა უმაღლესი საბჭოს 5-ზე ნაკლები წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აცნობებს უმაღლეს საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე.

10. ფრაქციის თანამდებობის პირის არჩევის, გადაყენების, გადადგომის და ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში ნებისმიერი შესწორების შეტანის შესახებ შესაბამისი ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში წერილობით ეცნობება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს და ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 43. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა

ფრაქციას უფლება აქვს მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.

 

მუხლი 44. ფრაქციის დაფინანსება

1. ფრაქციის ხარჯები ფინანსდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. ფრაქციისათვის უმაღლესი საბჭოს შენობაში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.

2. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

მუხლი 45. ინტერფრაქციული ჯგუფი

1. უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისას ან განხილვისას წარმოშობილი აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება-შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.

2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებით ან წინადადებით მიმართოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

თავი VII

დროებითი კომისია

მუხლი 46. დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები

1. დროებითი კომისია არის უმაღლესი საბჭოს დროებითი სუბიექტი, რომელიც იქნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

2. დროებითი კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა ინტერესებს;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

3. დროებითი კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხის შესწავლისთანავე.

4. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე.

5. დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

 

მუხლი 47. დროებითი კომისიის შექმნა

1. დროებითი კომისიის შექმნის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა 5-კაციან ჯგუფს. დადგენილების პროექტი უნდა შეიცავდეს დროებითი კომისიის შექმნის საჭიროების სათანადო დასაბუთებას. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. უმაღლესი საბჭო დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი კომისიის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე და კომისიის უფლებამოსილების ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე.

3. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ უმაღლესი საბჭოს წევრთა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც.

4. ფრაქციები და უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვოტების დაცვით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ დროებითი კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

5. დროებითი კომისიის წევრების წარდგენის შესახებ ინფორმაციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ ცნობად მიღების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა იმართება დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.

6. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 48. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი

1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი არის დროებითი კომისიის თავმჯდომარე.

2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს კომისიას უმაღლეს საბჭოში და მის გარეთ;

ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

გ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრთა საქმიანობას;

დ) ხელს აწერს კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;

ე) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 49. დროებითი კომისიის თავმჯდომარის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის წევრთაგან კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  ირჩევს კომისია.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.

3. თუ დროებითი კომისიის თავმჯდომარის  არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ამ ორ კანდიდატს შორის იმართება მეორე ტური, რომელშიც  არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

4. თუ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად დროებითი კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩა, იგი აირჩევა წილისყრით.

5. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე.

6. დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ცნობად იღებს დროებითი კომისია.

7. ამ  მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ დროებითმა კომისიამ უნდა აცნობოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

მუხლი 50. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითმა კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. დროებითი კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს უმაღლეს საბჭოს.

3. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება რეგლამენტის 41-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

4. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს წარადგინოს ახალი წევრი.

 

მუხლი 51. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა

1. დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2. თუ დროებითმა კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტი, უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და მის საფუძველზე სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3. დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის დასრულების შემდეგ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატს.

 

მუხლი 52. დროებითი კომისიის უფლებამოსილება

1. დროებითი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, აგრეთვე საკითხის გამოკვლევისათვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

2. დროებით კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს და წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას შესაბამის პირს, გარდა კანონითა და რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ენა.

4. მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა დროებითი კომისიის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში დროებით კომისიას შეუძლია ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

5. დროებით კომისიას კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

 

მუხლი 53. დროებითი კომისიის სხდომა

1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება.

4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ  უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები და მოწვეული პირები.

5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

 

მუხლი 54. დროებითი კომისიის სხდომის ოქმი

1. დროებითი კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

2. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.

3. თუ დროებითი კომისია თავის მუშაობაში იყენებს დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და ამ დოკუმენტებით სარგებლობისათვის კანონით დადგენილი წესები.

 

მუხლი 55. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი

1. დროებით კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

2. დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. დროებითი კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ რეგლამენტის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

3. დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი აქტები რეაგირებისათვის  შესაბამის დაწესებულებას გადაუგზავნოს.

4. დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი დაწესებულებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

5. დროებითი კომისიის პოზიციას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტი, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული პლენარული სხდომა. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურული პლენარული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს უმაღლესი საბჭოს წევრებს და დახურულ სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს დროებითი კომისიის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.

7. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის აქტის განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით.

8. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და უმაღლესი საბჭოს წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით, კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

9. კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.

 

მუხლი 56. დროებითი კომისიის დაფინანსება

დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

მუხლი 56​1. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოები

1. უმაღლეს საბჭში იქმნება უმაღლესი საბჭოს  სათათბირო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ განსაზღვრულ სფეროში უმაღლესი საბჭოს წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებასა და კოორდინაციას.

2. უმაღლესი საბჭოს სათათბირო საბჭოებია:

ა) უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო;

ბ) უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

მუხლი 57​1. უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭო

1. უმაღლეს საბჭოში საფინანსო საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისთვის შექმნილი ხაზინადართა საბჭოს მიერ.

2. ხაზინადართა საბჭო არის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სათათბირო ორგანო. ხაზინადართა საბჭოს წევრთა რაოდენობას და საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ხაზინადართა საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. ხაზინადართა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ხაზინადართა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

 

თავი VIII

უმაღლესი საბჭოს სათათბირო ორგანო

მუხლი 57. უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – გენდერული თანასწორობის საბჭო). გენდერული თანასწორობის საბჭოს სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭო.

2. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.

3. გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს გენდერული თანასწორობის საბჭო. გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დებულებით გათვალისწინებული უნდა იქნეს გენდერული თანასწორობის საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) შეიმუშაოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი. შემუშავებული სამოქმედო გეგმა უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარედგინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივის წესით;

ბ) განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

დ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;

ე) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ზ) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ სამოქმედო გეგმას უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დადგენილებით.

 

 

თავი IX

უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა

მუხლი 58. უმაღლესი საბჭოს მორიგი და რიგგარეშე სესიები

1. უმაღლესი საბჭო იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.

2. უმაღლესი საბჭო მორიგ სესიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება  წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს  და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.

3. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

4. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია გახსნილად და დახურულად ცხადდება შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ან უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. მორიგი სესიის გახსნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიმართავს უმაღლეს საბჭოს.

5. უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.

6. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია და სხდომა მოიწვევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

7. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას – რიგგარეშე სხდომას.

8. მთავრობის თავმჯდომარე ან უმაღლესი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი წერილობით მოთხოვნას რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადასცემს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.

9. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

10. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტით მე-60 მუხლით დადგენილი წესით.

11. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. უმაღლეს საბჭოს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი, რომლის განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.

 

მუხლი 59. მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი

1. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობას და ამომრჩევლებთან შეხვედრებს. უმაღლესი საბჭოს წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები.

2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომები იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს.

3. უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. პლენარული სხდომების კვირაში ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

4. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.

 

მუხლი 60. პლენარული სხდომის დღის წესრიგი

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს უმაღლესი საბჭოს სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული  რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადები და წესი.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით/ხელის აწევით. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა, საკითხის რიგგარეშე განხილვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ან ერთგვაროვან საკითხებზე საერთო კამათის გამართვა.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

5. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საჭოს წევრი, ფრაქცია მოითხოვს საკითხის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტები და მიმართვები მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.

 

მუხლი 61. პლენარული სხდომის თავმჯდომარე

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს პლენარულ სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს პლენარული სხდომა.

2. პლენარული სხდომის თავმჯდომარე:

ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;

ბ) უძღვება საკითხების განხილვას;

გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;

დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით;

ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;

ზ) რეგლამენტის 124-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს ან მოწვეულ პირს;

თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;

ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;

კ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.

4. პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს კომენტარი გაუკეთოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უმაღლესი საბჭოს წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს.

 

მუხლი 62. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი

1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. სხდომის გახსნის წინ, ასევე კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია.

3. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.

4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. თუ პლენარული სხდომის გახსნისას არ დარეგისტრირდება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.

6. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციათა თავმჯდომარეების დავალებით ფრაქციის სხვა წევრები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე რეგისტრაციამდე წერილობით აცნობებს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები განსაზღვრულ ვადაში არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.

8. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით გაიაროს რეგისტრაცია. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც. ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად.

9. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება მისი ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზის თაობაზე სხდომამდე  ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე. ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.

11. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება ასევე უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

12. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უგზავნის უმაღლესი საბჭოს წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 .

 

მუხლი 63. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი

1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოიწვიოს საზოგადოების წარმომადგენლები და სტუმრები.

4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობის სხვა წევრებს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

5. დახურულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა, სხდომათა დარბაზში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს.

7. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დგება სხდომის ოქმი. უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ასევე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნული სხდომის მუშაობაში.

 

მუხლი 64. პოლიტიკური დებატები

1. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით, წინაწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატები.

2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 15 წუთი, ხოლო უმაღლესი საბჭოს თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, შემდეგ – ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს გამომსვლელთა თანამიმდევრობა. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს დაუთმოს. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.

 

მუხლი 65. პოლიტიკური განცხადებები

1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს წევრებს, ამ თავით დადგენილი წესით, ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით. უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. გამოყოფილი დროის გაზრდა დასაშვებია სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, არაუმეტეს 2 წუთით.

2. განცხადებებისათვის უმაღლესი საბჭოს წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს წევრს ასევე უფლება აქვს, პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, უმაღლესი საბჭოს წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც ჩაწერილია განმცხადებელთა სიაში, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს დაუთმოს.

3. თუ დღის წესრიგის დამტკიცების დროისათვის სხდომის თავმჯდომარეს განცხადებისათვის უმაღლესი საბჭოს არცერთი წევრი არ მიმართავს, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებების პროცედურა არ იმართება, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე აუწყებს პლენარულ სხდომას.

 

მუხლი 66. ხმის მიცემა

1. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

2. კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია. თუ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.

3. თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

4. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.

5. ფრაქციის მოთხოვნით კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით.

6. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.

7. უმაღლესი საბჭოს წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.

 

მუხლი 67. კენჭისყრის ფორმა

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სიის ამოკითხვა­ – სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2. კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ფარული კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

 

მუხლი 68. ხმების დათვლა

1. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილს, ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს.

2. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფის, ფრაქციის სათანადოდ მოტივირებული განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკითხს შესასწავლად გადასცემს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც შეისწავლის საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს უმაღლეს საბჭოს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. უმაღლესი საბჭოს წევრთა ხუთკაციანი ჯგუფის, ფრაქციის მიერ კენჭისყრის შედეგების შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შესაბამის წევრთა ხუთკაციან ჯგუფს, ფრაქციას იმავე დღეს უფლება არა აქვს მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.

3. ყველა კენჭისყრის შედეგებს უმაღლეს საბჭოს აცნობებს პლენარული სხდომის თავმჯდომარე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა

დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის ან დადგენილების გადაკეთება ან გასწორება საბოლოო კენჭისყრის შემდეგ. ამ ქმედების განხორციელება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

თავი X

საკანონმდებლო პროცესი

მუხლი 70. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა

1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებით და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენით, მათ შორის ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-9 მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7 000 მოქალაქეს.

3. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტი. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა უფლებამოსილი უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი.

4. მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი.

5. კანონპროექტი, რომლის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს უმაღლესი საბჭოს წევრმა, უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ ან უმაღლესი საბჭოს კომიტეტმა.

 

მუხლი 71. კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

1. უმაღლესი საბჭოსათვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:

ა) კანონპროექტი რეგისტრაციისათვის გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს;

ბ) უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი კანონპროექტს რეგლამენტის 72-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია პრეზიდიუმის სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე;

გ) უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) წამყვანი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად;

ე) წამყვანი კომიტეტისა და სხვა კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს  უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;

ვ) მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადების მიზნით უძღვება შესაბამისი კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისათვის.

3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე  მიღებამდე.

4. კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს ორი ან ორზე მეტი წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5. უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე, რომლის მიმართაც დაწყებულია რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული რეგლამენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურა, გამოთხოვილად ითვლება.

6. კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.

7. კომიტეტი ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც ისინი მოითხოვენ, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.

 

მუხლი 72. კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

1. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი კანონპროექტი მატერიალური ან ადვილად დამუშავებადი ელექტრონული დოკუმენტის სახით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც აღრიცხავს და რეგისტრაციაში ატარებს მას.

2. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღად მიიჩნევა მისი უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ რეგისტრაციის თარიღი.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ  რეგლამენტის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის გადაცემულ კანონპროექტს უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც მითითებულია:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის ინიციატორი;

გ) კანონპროექტის ავტორი;

დ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენის თარიღი;

ე) წამყვანი კომიტეტი;

ვ) კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი;

ზ) სხვა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს;

თ) კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღი.

4. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების თაობაზე.

5. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ამოწმებს წარდგენილი კანონპროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“-„ე“ ქვეპუნქტებთან და მე-2-მე-4 პუნქტებთან შესაბამისობას. თუ წარდგენილი კანონპროექტი არ შეესაბამება „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ზემოაღნიშნული პუნქტების მოთხოვნებს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მოტივირებული დასკვნის საფუძველზე კანონპროექტი ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნოს მის ინიციატორს.

6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოითხოვს კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განსაზღვრავს კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს და გადასცემს მას შესაბამის კომიტეტებს.

7. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

8. თუ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განხილვისათვის მომზადება დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა, მისი განხილვისათვის დადგენილ ვადას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

 

მუხლი 73. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დასკვნა

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს კანონპროექტის თაობაზე უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია  და დასკვნა.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას;

ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;

გ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია.

 

მუხლი 74. საკანონმდებლო წინადადება

1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს, სხვა იურიდიულ პირებს.

3. საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ან/და მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას. საკანონმდებლო წინადადებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების მიზეზი და არსი, აგრეთვე საკანონმდებლო წინადადების ავტორის ხელმოწერა, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან კომიტეტს (საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე სხვა კომიტეტს), რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ საკანონმდებლო წინადადების აღნიშნულ ვადაში განხილვა ვერ მოხერხდა, მისი განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება სხვა კომიტეტს გადაეცა, იგი საკანონმდებლო წინადადების გადაცემიდან არაუგვიანეს 20 დღისა წამყვან კომიტეტს წარუდგენს საკანონმდებლო წინადადების თაობაზე დასკვნას.

5. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს მისი ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.

7. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება უმაღლესი საბჭოს მორიგ სესიებს შორის პერიოდი.

8. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს მას პრეზიდიუმს.

9. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

10. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე.

11. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.

 

მუხლი 75. კანონპროექტზე მომხსენებელი და თანამომხსენებელი

1. კომიტეტის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განსახილველად წარადგენს ინიციატორი უმაღლესი საბჭოს წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – შესაბამისად ფრაქციის ან კომიტეტის თავმჯდომარე ან/და ფრაქციის ან კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს – ამ კანონპროექტზე მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის მიერ არჩეული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად გამოდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის/მთავრობის თავმჯდომარის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი არ იქნება დანიშნული. ფრაქციის,  კომიტეტის, უმაღლესი საბჭოს წევრის და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პირი, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენელი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქციის ან კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე თანამომხსენებლად გამოდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი.

5. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის (ან სხვა აქტის პროექტის) განხილვის დაწყებისას სხდომათა დარბაზში მომხსენებლის არყოფნის შემთხვევაში კანონპროექტი (ან სხვა აქტის პროექტი) იხსნება ამ პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან და გადადის მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თანამომხსენებლის არყოფნა არ აბრკოლებს კანონპროექტის განხილვას.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში შენიშვნები განიხილება მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლის მოხსენებისა და კითხვა-პასუხის ეტაპების გამოტოვებით.

 

მუხლი 76. კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგადი პროცედურები

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, ფრაქციები, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

2. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს  14 დღისა წამყვანი კომიტეტი იწვევს კომიტეტის სხდომას. წამყვანი კომიტეტის სხდომა მოწვეული უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული ის კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც უნდა ერთოდეს კანონპროექტს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვან კომიტეტს გადასცემენ კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

3. უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტთან ან მის ცალკეულ მუხლებთან/პუნქტებთან დაკავშირებით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვამდე დაფიქსირებული მოსაზრება/შენიშვნა წარედგინება წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გააცნობს მას კომიტეტის წევრებს. თუ კომიტეტი ამ მოსაზრებას/შენიშვნას გაიზიარებს, იგი აისახება კომიტეტის დასკვნაში.

4. კომიტეტის სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი ან კენჭისყრის შედეგად გაიზიარებს კომიტეტი. იმისათვის, რომ შენიშვნა დადგეს კენჭისყრაზე, ის უნდა იყოს წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადების სახით ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს.

6. კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად კანონპროექტი შეიძლება ცნობილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. კომიტეტის მიერ კანონპროექტის არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად ცნობა არ აბრკოლებს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის დაწყებას. თუ ინიციატორი მორიგი სესიის განმავლობაში კომიტეტში კანონპროექტის განხილვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მოწვეულ კომიტეტის სხდომაზე ვერ უზრუნველყოფს ინიციატივის კომიტეტის სხდომაზე წარდგენას, კანონპროექტი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება.

7. წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილ ვადაში წამყვანი კომიტეტი არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

8. თუ ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომის გამართვას და დასკვნის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე დაადგინოს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადა. თუ წამყვანი კომიტეტი ამ ვადაშიც არ გამართავს სხდომას და არ გამოხატავს თავის პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიციატორი უფლებამოსილია კვლავ მიმართოს წამყვან კომიტეტს მისი განხილვის მოთხოვნით ან უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დასვას წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია კანონპროექტი შეიტანოს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე არ დასვამს მისი შემდგომი განხილვის საკითხს, იგი უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწვდის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

10. წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერს კომიტეტის თავმჯდომარე.

11. წამყვანი კომიტეტის სხდომის გამართვის შემდეგ კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარის ხელმოწერით, წერილობითი ფორმით ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების  დეპარტამენტს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. ამასთანავე, კანონპროექტის თითოეული გვერდი ვიზირებული უნდა იქნეს კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ.

12. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომში – შენიშვნების ფურცელი).

 

მუხლი 77. ალტერნატიული კანონპროექტი

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე, რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი. ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს ძირითადი კანონპროექტის განმხილველ წამყვან კომიტეტს. ალტერნატიული კანონპროექტი წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად.

2. ალტერნატიული კანონპროექტი არსებითად უნდა განსხვავდებოდეს ძირითადი კანონპროექტისაგან.

3. წამყვანი კომიტეტი, ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას პლენარული სხდომისთვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი კანონპროექტი და ალტერნატიული კანონპროექტი. უმაღლესი საბჭო დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის მომხსენებელი. თითოეული მომხსენებლის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.

 

მუხლი 78. ალტერნატიული წინადადება

1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვთ კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრს.

2. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადება  წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით შესაბამისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვამდე. ალტერნატიული წინადადება წარედგინება წამყვან კომიტეტს და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

3. კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიული წინადადება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი. თუ მომხსენებელი არ ეთანხმება ალტერნატიული წინადადების მიღებას, წამყვანი კომიტეტი ან უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა კენჭისყრით წყვეტს კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული წინადადების მიღების ან უარყოფის საკითხს. ალტერნატიული წინადადების წამყვანი კომიტეტის მიერ უარყოფის შემთხვევაში იგი წამყვანი კომიტეტის დასკვნასთან ერთად ეგზავნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

მუხლი 79. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

1. კანონპროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და კენჭი ეყრება ერთიანად. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის ფორმის (ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით განხილვის) შესახებ გადაწყვეტილებას წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე იღებს სხდომის თავმჯდომარე.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა იწყება კანონპროექტის ინიციატორის ან მის მიერ დანიშნული წარმომადგენლის გამოსვლით.

3. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

4. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას მომხსენებელი სხვა საკითხებთან ერთად სხდომას შეახსენებს, თუ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გამოთქმული რომელი შენიშვნა (ავტორის დასახელებით) იქნა გათვალისწინებული, რომელი − არა და რატომ.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისათვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისათვის გამოვიდეს თითოჯერ. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

6. შეკითხვების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.

7. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის თანამომხსენებელი. მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

8. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის  უმაღლესი საბჭოს ის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.

9. ამ მუხლის მე-2 –მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი, თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი, და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა – 5 წუთს.

10. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია.

11. უმაღლესი საბჭოს წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

12. ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.

13. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნა გათვალისწინებულად ჩაითვლება, თუ მას დაეთანხმება მომხსენებელი.

14. პლენარულ სხდომაზე განხილვისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.

15. კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მიღების შესახებ.

16. კანონპროექტი, რომელიც კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ.

 

მუხლი 80. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის თავისებურება

1. საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას პაკეტში შემავალ თითოეულ კანონპროექტზე ცალკე იმართება რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.

2. საკანონმდებლო პაკეტში შემავალ ყველა კანონპროექტზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ ერთიანად იმართება რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გამოსვლები.

 

მუხლი 81. პლენარული სხდომის ოქმი

1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე  დგება სხდომის ოქმი.

2. უმაღლესი საბჭოს დახურული პლენარული სხდომის ოქმის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენელს, აგრეთვე იმ ორგანოთა წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ.

 

მუხლი 82. საკანონმდებლო აქტების მიღება

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

2. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.

4. კანონის მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

 

მუხლი 83. მიღებული კანონის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, ხელმოწერა და გამოქვეყნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში, კანონპროექტის ინიციატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის აპარატის პასუხისმგებელი პირისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსის მიერ ვიზირებისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ შესაბამის მიმართვაზე ხელის მოწერის შემდეგ გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს. თუ ამ ვადაში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი და არც უმაღლეს საბჭოს არ დაუბრუნა კანონპროექტი, მომდევნო 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 84. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

2. პირველ რიგში კენჭი ეყრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო  შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.

3.  უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს კენჭს უყრის ერთიანად, რომელთა მისაღებად საკმარისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისათვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, ან რეგლამენტის 83-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-3–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ ვადებში შეუძლებელია კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს უმაღლეს საბჭოს, მაგრამ გამოცხადებულია უმაღლესი საბჭოს არდადეგები ან უმაღლესი საბჭოს არდადეგებამდე დარჩენილია 15 დღეზე ნაკლები, შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია.

 

მუხლი 85. უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უმაღლესი საბჭოს წევთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების მიზნით გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ხელმოწერების მისთვის გადაცემიდან 1 კვირის ვადაში ამოწმებს მათ და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 86. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების მიერ ინიციირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით.

2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

3. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.

4. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.

5. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.

6. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.

7. ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისათვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს,  ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

8. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.

9. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.

10. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე.

11. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;

დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.

12. თუ შემოწმების შედეგად ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ინიციატივით აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

13. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 20 000 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის საფუძველზე საკითხი შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის მიზნით, ხოლო ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად გადაეცემა კომიტეტებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 87. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა

1. უმაღლესი საბჭო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

2. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს უმაღლესი საბჭო.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ ფრაქციების წარმომადგენლები ან/და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ უმაღლესი საბჭოს წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კომისიის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დაკომპლექტება შეუძლებელია.

5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 14 დღის ვადაში განიხილავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტთან  დაკავშირებულ მასალებს.

6. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით მართავს შეხვედრებს.

7. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღისა შეხვედრების გამართვის გრაფიკი ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

8. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტის  არსის  შესახებ მოკლე ინფორმაცია თავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, აგრეთვე რიგდება შეხვედრების დროს.

9. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე მოქალაქეთა მოსაზრებების დაფიქსირება ხდება ზეპირად ან/და წერილობით. მოქალაქეთა ზეპირი მოსაზრებები აისახება შეხვედრის ოქმში და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვისას წერილობით ან/და ელექტრონულად წარდგენილი  მოსაზრებები დაერთვის შემაჯამებელ ოქმს.

 

მუხლი 88. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება

1. უმაღლესი საბჭო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრული კომიტეტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ 2 კვირის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა იწყება საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი წევრის მოხსენებით, რომელიც პლენარულ სხდომას გააცნობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს. ამის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტს პლენარულ სხდომას წარუდგენს საინიციატივო ჯგუფის მიერ დანიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრი.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი განხილული და მიღებული უნდა იქნეს უმაღლესი საბჭოს მიერ კანონპროექტის განხილვისა და მიღებისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

4. დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ალტერნატიული კანონპროექტის ან ალტერნატიული წინადადების წარდგენა.

 

მუხლი 89. საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7000 მოქალაქის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით.

2. საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი. ეს მასალები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.

3. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი პუნქტის ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.

4. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.

5. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება  ხელმოწერების ფურცლების შევსებით.

6.  ხელმოწერების შესაგროვებლად უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქისა. ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისათვის და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

7. საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს საარჩევნო უფლების მქონე არანაკლებ 7 000 მოქალაქის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.

8. შევსებული ხელმოწერების ფურცლები წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას, რომელიც მათ გადასცემს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.

9. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 7000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საინიციატივო ჯგუფს უარს ეუბნება კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.

10. ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც:

ა) შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული;

ბ) არ შეიცავს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს;

გ) შესრულებულია მოტყუებით, მუქარით, ძალდატანებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს;

დ) შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უფლება.

11. ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, ხოლო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

12. უმაღლესი საბჭო არანაკლებ 7 000 მოქალაქის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 90. უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა

1. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ან/და საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომ - კანონპროექტი).

2. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტი მზადდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

4. უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისათვის დანიშნული მომხსენებლის ვინაობა.

5. საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით წარსადგენი კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. უმაღლესი საბჭოს დადგენილება საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით კანონპროექტის წარდგენის თაობაზე (კანონპროექტთან და სხვა მასალებთან ერთად), საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

 

მუხლი 91. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო

საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პაროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლობისაგან საქართველოს პარლამენტში შექმნილ ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს.

 

თავი XI

უმაღლესი საბჭოს დადგენილება

 

მუხლი 92. უმაღლესი საბჭოს დადგენილების შინაარსი

1. უმაღლესი საბჭოს ყველა გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

2. უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ნორმატიული ხასიათის.

3. უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით ან სხვა ნორმატიული აქტით, უმაღლესი საბჭო წყვეტს დადგენილებით.

 

მუხლი 93. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი

1. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება და განიხილება კანონპროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენისა და კომიტეტის მიერ განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. უმაღლესი საბჭოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, თუ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების თარიღად ითვლება უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საბოლოო რედაქციით მიღების დღე.

 

მუხლი 94. უმაღლესი საბჭოს დადგენილების გამოქვეყნება და ძალაში შესვლა

უმაღლესი საბჭოს დადგენილება, გარდა ნორმატიული ხასიათის დადგენილებისა, ძალაში შედის მიღებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. უმაღლესი საბჭოს ნორმატიული ხასიათის დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ ამ დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

 

თავი XII

უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო უფლებამოსილებები

მუხლი 95. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ძირითადი უფლებამოსილება

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის (შემდგომში – რესპუბლიკური ბიუჯეტი) კანონის პროექტის მომზადება, განხილვა და მიღება ხდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

3. უმაღლესი საბჭო ახორციელებს რესპუბლიკური ბიუჯეტის სისტემურ ანალიზს.

 

მუხლი 96. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვა

1. უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2. აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  სამინისტროების  ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები  და ფრაქციები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, სამინისტროებიდან, სხვა უწყებებიდან, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.

4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები, როგორც წესი, მათ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით განიხილავენ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც არაუგვიანეს 25 ივნისისა წარედგინება უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც მათ თავის დასკვნასთან და წინადადებებთან (შენიშვნებთან) ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის გადაგზავნის მიზნით გადასცემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ მასალებს არაუგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

 

მუხლი 97. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არაუგვიანეს 1 ნოემბრისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებით (მათ შორის, მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ) და რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტს (შემდგომში – პრიორიტეტების დოკუმენტი).

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი თანდართული მასალებით, მოხსენება მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ და პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში წარდგენისთანავე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართული მასალები (გარდა წლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა, ასევე რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისა) მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ მტკიცდება უმაღლესი საბჭოს მიერ.

 

მუხლი 98. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ განრიგს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში  განხილვის შესახებ.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენება და პრიორიტეტების დოკუმენტი, ასევე მათი განხილვის განრიგი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებიდან მომდევნო დღეს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს,  აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის განრიგი.

3. უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლეს საბჭოს წარუდგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, ასევე თავის მოხსენებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განხილვის განრიგის შესაბამისად რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებას და პრიორიტეტების დოკუმენტს განიხილავენ კომიტეტები და ფრაქციები. ისინი ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტების მიერ, რეგლამენტის 29-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, შესაძლებელია ერთობლივი სხდომის ჩატარება.

5. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებისა და პრიორიტეტების დოკუმენტის დადგენილი წესით განხილვას ორგანიზებას უწევს  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საჭიროებისამებრ წარუდგენს ინფორმაციას განხილვის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

6. დარგობრივ კომიტეტებში განხილვების დროს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის მოხსენებასა და პრიორიტეტების დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე.

7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრების, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წარმოდგენილი დასკვნების შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასევე წარუდგენს  კრებსითი სახით.

8. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ შენიშვნებსა და წინადადებებს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის მიერ გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის მთავრობის თავმჯდომარეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის პრიორიტეტების დოკუმენტზე დასაგეგმის შემდგომ სამ საბიუჯეტო წელზე გამოთქმული შენიშვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა.

9. მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს არაუგვიანეს 5 დეკემბრისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

10. მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

11. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი არაუგვიანეს 10 დეკემბრისა განიხილავს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს და კომიტეტის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

 

მუხლი 99. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით.

2. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.

5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

6. მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან თანამომხსენებლები:

ა) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი;

ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.

7. თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.

8. მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.

9. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეული არაუმეტეს 10 წუთისა. უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

10. გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე.

 

მუხლი 100. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

1. უმაღლესი საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონს. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არაუგვიანეს დეკემბრის მესამე ხუთშაბათისა.

2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილების შეტანა. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მომხსენებელს და იგი დაეთანხმება ასეთი ცვლილების განხორციელებას.

3. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონს, ხარჯები დაიფარება წინა წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო ბიუჯეტის პროექტი, იგი უბრუნდება მთავრობის თავმჯდომარეს შენიშვნებით. მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში შესაბამისი ცვლილებებით ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის პროექტს.

 

მუხლი 101. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 98-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან მიღებისთანავე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამ კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის კომიტეტებში და ფრაქციებში  განხილვის გრაფიკს.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის თაობაზე დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, კანონპროექტს განიხილავენ უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები და თავიანთ დასკვნებს უგზავნიან უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოდგენილ დასკვნებს თავის დასკვნასთან ერთად და შენიშვნების ფურცელს, კომიტეტის სხდომიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა უგზავნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. შენიშვნების ფურცელში ასახული უნდა იყოს, თუ რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინება  მომხსენებლის მიერ შესაძლებელია, რეგლამენტის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

 

მუხლი 102. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს რეგლამენტის 99-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაკავშირებული დებულებებისა) დადგენილი წესით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისათვის დასკვნების მიწოდებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

2. გამოსვლების დასრულების შემდეგ მომხსენებელს უფლება აქვს გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით არაუმეტეს 15 წუთისა, რომლის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დააყენოს კენჭისყრაზე, თუ სხდომის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

3. უმაღლესი საბჭო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს  იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. თუ უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

 

მუხლი 103. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა

1. უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.

2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვის შედეგები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდეს.

 

მუხლი 104. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

1. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილი რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის კომიტეტებში და ფრაქციებში განხილვას ორგანიზებას უწევს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

3. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში, უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ გადაეცემა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ანგარიში განთავსდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

4. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.

5. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს ინფორმაციას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის უმაღლეს საბჭოში  განხილვის მიმდინარეობის შესახებ.

6. კომიტეტები განიხილავენ რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, თავიანთ დასკვნებს უგზავნიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნასთან ერთად  წარუდგენს მათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.

8. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.

9. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება მიმდინარეობს ამ რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.

10. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მტკიცდება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სრულად ასახავს გასულ საბიუჯეტო წელს ბიუჯეტში შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობებს, ხარჯების კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს შეუძლია არ დაამტკიცოს ანგარიში.

11. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გააკონტროლოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.

 

მუხლი 105. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება

1. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას  უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.

3. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს აპარატის წინადადებების საფუძველზე.

4. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის სახით, თავის დასკვნასთან ერთად არაუგვიანეს 1 ივნისისა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განსახილველად გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი განსახილველად შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

5. რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით – დადგენილებით.

6. უმაღლესი საბჭოსათვის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირების თაობაზე შესაბამის წინადადებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების პროექტის მომზადებისა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისთვის წარდგენის მიზნით უგზავნის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი გადაეცემა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელსაც დადგენილების პროექტი შეაქვს პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

7. უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს უმაღლესი საბჭოსათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი გადანაწილების პროცენტული ოდენობის მიხედვით – უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით.

8. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინების და უმაღლესი საბჭოს ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 მარტის რეგლამენტი №03 - ვებგვერდი, 19.03.2021 .

თავი XIII

უმაღლესი საბჭოს საგარეო ურთიერთობები

მუხლი 106. უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციები

1. უმაღლეს საბჭოს აქვს ოფიციალური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების რეგიონების წარმომადგენელობით ორგანოებთან. აღნიშნულ ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს უმაღლესი წარმომადგენელია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მისი ერთ-ერთი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი უმაღლესი საბჭოს  დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშს, ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია უმაღლესი საბჭოს სახელით საზღვარგარეთის ქვეყნების რეგიონების წარმომადგენლობით ორგანოებთან დადოს შეთანხმებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაციის სხვა წევრს.

 

თავი XIV

უმაღლესი საბჭოს მიერ კონტროლის განხორციელება

მუხლი 107. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა

1. უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა.

2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი  უნდა  შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.

3. კითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს. კითხვას უმაღლესი საბჭოს აპარატი ადრესატს გადასცემს ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა.

4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია უმაღლესი საბჭოს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. შესაბამის პირს კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა კითხვის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გაუგრძელდეს 5 დღით.  კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წევრი.

5. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოითხოვოს კითხვა.

6. კითხვაზე პასუხი უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს.

 

მუხლი 108. ინტერპელაცია

1. უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს (შემდგომ – ადრესატი).

2. შეკითხვა უნდა იყოს წერილობითი. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს.

3. შეკითხვა ბარდება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს 1 დღისა.

4. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას. შეკითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წევრი.

5. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი უმაღლეს საბჭოში წარდგება, როგორც წესი, ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში პლენარული სხდომის დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

6. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გამოითხოვოს შეკითხვა. ამ შემთხვევაში ადრესატი უმაღლესი საბჭოს წინაშე აღარ წარდგება.

7. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

8. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს დამაზუსტებელი კითხვით ადრესატს მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 3 წუთით. პასუხის დაზუსტებისათვის ადრესატს ეძლევა არაუმეტეს 10 წუთისა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით: თითოეულ ფრაქციას ეძლევა 15 წუთი, ხოლო უმაღლესი საბჭოს თითოეულ დამოუკიდებელ წევრს – 5 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, შემდეგ – ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანმიმდევრობით. ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

10. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.

 

მუხლი 109. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარედგინება 1 ივნისამდე.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენების დასრულების შემდეგ მოხსენების განხილვა გრძელდება კანონპროექტის განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.

 

მუხლი 110. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში

1. უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოსთხოვოს სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ამ ანგარიშის წარდგენის მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით და დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით უმაღლეს საბჭოს წარუდგენს სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 2 კვირის ვადაში და არაუგვიანეს 3 კვირისა უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება შესაბამისი ანგარიშით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიში განიხილება კანონპროექტის განხილვის პროცედურის შესაბამისად. განხილვის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს დადგენილება.

 

მუხლი 111. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

1. უმაღლესი საბჭო კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. ისინი ვალდებული არიან გამოცხადდნენ პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის პლენარული სხდომის დღეს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.

4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 1 წუთით, დაზუსტების უფლების გარეშე. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ შეიძლება მიიღოს   დადგენილება.

 

მუხლი 112. მინისტრის საათი

1. მინისტრის საათი გულისხმობს წელიწადში ერთხელ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრების (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა) უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი მიმართულების შესახებ მოხსენებით  გამოსვლას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრების უმაღლესი საბჭოს წინაშე წარდგომის განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე ადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია განრიგში ცვლილების შეტანა. განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ სულ მცირე პლენარული სხდომების ყოველ 2 კვირაში ერთხელ (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირისა) გაიმართოს 1 მინისტრის საათი მაინც.

3. მინისტრის საათი იწყება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით, რისთვისაც მას ეძლევა 45 წუთი.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის მოხსენებას უმაღლესი საბჭო განიხილავს რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 113. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მოუსმენს უმაღლესი საბჭო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი ვალდებულია უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს 3 დღისა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს უმაღლესი საბჭოსადმი მიმართვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს აპარატის მეშვეობით უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის ფრაქციებისა და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული  თანამდებობის პირის მიმართვისას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში იგი შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ 10 წუთით.

4. თანამდებობის პირის მიმართვის დასრულების შემდეგ თანამდებობის პირის გამოსვლა განიხილება რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 114. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნა და მთავრობის დამტკიცება

1. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

2. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის იმავე ან სხვა შემადგენლობას, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში.

 

მუხლი 115. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლება

1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს მთავრობას მიმართავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მისაღებად.

2. საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ უმაღლესი საბჭო 1 კვირის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

მუხლი 116. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა

1. უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილ ანგარიშს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭო განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ანგარიშს უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის უახლოეს სხდომას.

3. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის უმაღლეს საბჭოში განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.

4. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები და ფრაქციები უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

5. წამყვანი კომიტეტი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვა სავალდებულოა, თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებულია ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა.

7. თუ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული არ არის ანგარიშის წარმდგენი ორგანოს დაკომპლექტებაში უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა, წარდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან უმაღლესი საჭოს პრეზიდიუმის (პრეზიდიუმის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

8. ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის სავალდებულოობის საკითხი აღინიშნება წამყვანი კომიტეტის დასკვნაში.

9. ანგარიში უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესით.

10. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად, როგორც წესი, გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული მომხსენებელი.

11. ანგარიშის განხილვის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს ან უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება.

12. კანონით და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი  ორგანოს/თანამდებობის პირის მოხსენება, მიმოხილვა ან ინფორმაცია განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი XV

განსაკუთრებული პროცედურები

მუხლი 117. დაინტერესებული პირების წერილები და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობა

1. უმაღლესი საბჭოს წევრი იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს.

2. კომიტეტი მიღებულ ინფორმაციას 3 თვეში ერთხელ აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

3. უმაღლესი საბჭოს წევრები, კომიტეტები, უმაღლესი საბჭოს სხვა სუბიექტები ვალდებული არიან განიხილონ დაინტერესებული პირების წერილები და განცხადებები და პასუხი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აცნობონ ავტორს ერთი თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის რეგლამენტი №09 - ვებგვერდი, 18.06.2020 წ.

 

თავი XVI

თანამდებობის პირთა განწესება

მუხლი 118. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის წესი

1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან, უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს.

2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.

3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

4. კანდიდატის დასახელების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-­განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

5. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

6. თუ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი შეიძლება გამოწვეულ იქნეს საჯარო სამსახურის საბჭოდან, თუ ამას სათანადო წერილობითი დადასტურებით მოითხოვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციანი ჯგუფი.

9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით.

10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა­-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას გააცნობს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების პრეზიდიუმისთვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით.

11. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს ამ მუხლით დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე.

 

თავი XVII

უმაღლესი საბჭოს აპარატი

მუხლი 119. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილება

1. უმაღლესი საბჭოს აპარატი ახორციელებს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის  სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ანალიტიკურ, დოკუმენტურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის მართვა და ეკონომიკურ, შრომით, სამართლებრივ და სხვა ურთიერთობებში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა, მისი უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტითა და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 120. უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

1. უმაღლესი საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

2. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საბჭოს წევრი.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი არის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირი. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი თავისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს.

5. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე.

6. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 121. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურა

1. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან დეპარტამენტები, სამსახურები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატები, უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისიების აპარატები, უმაღლესი საბჭოს ფრაქციების აპარატები.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

 

მუხლი 122. დებულებები და წესები

1. უმაღლესი საბჭოს აპარატის, დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის დებულებებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატის დებულებას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მიერ შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

3. უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

4. უმაღლესი საბჭოს აპარატის დეპარტამენტების, სამსახურების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების აპარატების უფროსებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

5. უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეებისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ სხვა პირებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

6. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაქმებულ პირთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება კანონმდებლობით და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით.

7. უმაღლესი საბჭოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სამუშაო აღწერილობით.

8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებით.

9. სამუშაოთა აღწერილობებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსთან შეთანხმებით, ხოლო კომიტეტების აპარატებში – შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

10. უმაღლესი საბჭოს აპარატში დასაშვებია პრაქტიკისა და სტაჟირების გავლა. უმაღლესი საბჭოს აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის წესს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

თავი XVIII

პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისთვის. უმაღლესი საბჭოს ეთიკა

მუხლი 123. სანქციები რეგლამენტის დარღვევისათვის

რეგლამენტის დარღვევისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები:

ა) სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა;

ბ) გაფრთხილება;

გ) კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინება;

დ) ხელფასის დაკავება.

 

მუხლი 124. უმაღლესი საბჭოს წევრისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირისთვის სანქციების შეფარდება

1. კომიტეტის ან პლენარულ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე სიტყვას ჩამოართმევს უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც:

ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;

ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;

გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო;

დ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.

2. გაფრთხილება გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;

ბ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.

3. კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება უმაღლესი საბჭოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგაც აგრძელებს იმავე მოქმედებას;

ბ) დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებს.

4. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას.

5. უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ, განხილვის საგნად აქციონ წესრიგის დაცვისაკენ მოწოდების საკითხი.

6. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც კომიტეტის სხდომის ან სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა იქნა გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

7. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ქმედების მეორე და ყოველი მომდევნო განმეორების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს წევრს დაუკავდება ხელფასის 25%. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

8. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელი ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზში კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც  ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

9. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი (გარდა რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა) არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

10. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას, შესაბამისად, ყოველი მომდევნო სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.

11. უმაღლესი საბჭოს წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ორზე მეტი პლენარული სხდომიდან თითოეულისთვის, აგრეთვე რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი პლენარული სხდომისთვის დაუკავდება ხელფასის 10%.

12. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რომელიმე რეგისტრაციას,  მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5% (მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა), გარდა რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ოთხზე მეტი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.

13. თუ კომიტეტის თავმჯდომარე კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მოიწვევს კომიტეტის ერთ სხდომას მაინც, მას დაუკავდება ხელფასის 50%. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი განიხილავს კომიტეტის სხდომის მოუწვევლობის მიზეზს და იმავე სესიის განმავლობაში აღნიშნული ფაქტის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი.

14. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-10–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის ერთჯერადად დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს წევრის ხელფასის 50%-ს.

15. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-10–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.

16. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტების სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.

17. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს ადგენს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, მასში უთითებს თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობასა და გაცდენის თარიღებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 125. პროტესტი პასუხისმგებლობის ზომაზე

უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა რეგლამენტის 124-ე მუხლის მე-6–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული ზემოქმედების ფორმა, უფლება აქვს, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი. პროტესტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

 

მუხლი 126. სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევა და სანქციები

1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია უმაღლეს საბჭოში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) უმაღლეს საბჭოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

დ) არ ასრულებს უმაღლესი საბჭოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;

ე) დაბრკოლებებს უქმნის უმაღლესი საბჭოს წევრს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. უმაღლესი საბჭოს კომიტეტის ან/და პლენარულ სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც უმაღლესი საბჭოს ან უმაღლესი საბჭოს წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს კომიტეტის სხდომის დარბაზი ან სხდომათა დარბაზი.

4. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საბჭო თანამდებობის პირის (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრისა) მიმართ  იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;

ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

 

მუხლი 127. ეთიკის საბჭო და უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმები

1. უმაღლესი საბჭოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმებით, რომლებსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს დადგენილებით.

2. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დაცვას.

3. უმაღლესი საბჭო დადგენილებით ქმნის ეთიკის საბჭოს. ამ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობა. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უმაღლესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. ფრაქციის მიერ ეთიკის საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.

5. შესაბამისი ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ  კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.

6. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება უმაღლესი საბჭოს წევრის ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.

8. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უმაღლესი საბჭოს აპარატი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 5 მაისის რეგლამენტი №07 - ვებგვერდი, 06.05.2020 .

თავი XIX

გარდამავალი დებულება

მუხლი 128. გარდამავალი დებულება

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662 და 1995 წლის 14 ივნისის №759 დადგენილებების შესაბამისად, 1991 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში და 1992 წელს აფხაზეთიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული შესაბამისი წევრებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე              ელგუჯა გვაზავა

ქ. თბილისი,

2012 წლის 15 ივნისი.

№156- 2 ს

Печать