აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციისა და უმაღლესი საჭოს რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია გაიხსნა

სესია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გახსნა, რომელმაც ვრცელ მოხსენებაში დაწვრილებით განიხილა საგაზაფხულო სესიიდან დღემდე უმაღლეს საბჭოში გაწეული მუშაობა და განვითარებული მოვლენები. განვლილი საგაზაფხულო სესიის პერიოდის მიმოხილვისას აღნიშნა, რომ უმაღლეს საბჭოში ჩატარდა ახალი შიდა არჩევნები და შეიცვალა ხელმძღვანელობა როგორც უმაღლეს საბჭოში, ისე მთავრობაში.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სადღეისოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის უზენაეს სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძნებულ  საქმიან ურთიერთობებზე, რამაც ჯემალ გამახარიას განმარტებით, უზრუნველყო რეფორმების დაწყება უმაღლეს საბჭოსა და მთავრობაშიც, რომელიც მიმდინარეობდა არდადაგების პერიოდშიც და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.


ჯემალ გამახარიას განმარტებით, უმაღლესი საბჭოს აპარატის რეორგანიზაცია მიმდინარეობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით და საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან კომუნიკაციით. რეორგანიზაციის მიზანია წლების განმავლობაში არსებული უფუნქციო სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობების ნაცვლად კონკრეტული ფუნქციებით დატვირთული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება,   რომელიც საჭიროა უმაღლესი საბჭოს გრძელვადიანი გეგმებისა და პროექტების სრულად რეალიზებისთვის.


აღინიშნა, რომ  მიმდინარე რეორგანიზაციისას საჭიროდ ჩაითვალა თავმჯდომარის კაბინეტის ჩამოყალიბება.


როგორც საგაზაფხულო სესიის, ისე არდადაგების პერიოდში უმაღლეს საბჭოს ჰქონდა საინტერესო და საჭირო გასვლითი შეხვედრები რამდენიმე რეგიონში.  მნიშვნელოვანი იყო საქმიანი შეხვედრები პრეზიდენტის, მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში.


წარმომადგენლობითი ორგანოს უმთავრესი ფუნქცია კანონშემოქმედებაა და როგორც ბატონმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იქნება საშემოდგომო სესია, რომლის უპირველესი ამოცანაა აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ფაქტობრივად კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება, რაც ითვალისწინებს 2018 წლის ბოლოს ამოქმედებულ საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მის მოყვანას. აღინიშნა ისიც, რომ მოინახა კანონიერი გასაღები მოქმედი კონსტიტუციის 112-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებით, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და განთავისუფლების წესს ადგენს.


როგორც სესიის გახსნის დღეს გაცხადდა, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს მთელი ეს სამუშაო ამ საშემოდგომო სესიის განმავლობაში განახორციელოს.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე გამოქვეყნებულია და დაწყებულია სახალხო განხილვის პროცედურა. წინასწარი საორგანიზაციო სამუშაოები ჩატარებულია. კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები მომზადდება, რათა ის მოვიდეს აფხაზეთის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში. იგივე მიზნით, ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში „აფხაზეთის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.


როგორც ბატონმა ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება ვალდებულია მთელი ძალისხმევა მიმართოს დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობისკენ, რაც მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რომლის მიზანი აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის წარმოებაა იმის გათვალისწინებით, რომ ამ კუთხით არსებობს პრობლემები, კერძოდ ის, რომ დიალოგის წარმოება მეორე მხარის სურვილის გარეშე შეუძლებელია. მიზნის მისაღწევად იგეგმება ყველა რესურსის მაქსიმალური ამოქმედებისათვის მზაობა, სახალხო დიპლომატიის ფორმატში მონაწილეობა, ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სპეციალური მემორანდუმის ფორმატით, რათა  დიალოგი არაფერზე ანუ უსაგნო შეხვედრები გამოირიცხოს. კონკრეტული შეთავაზება იქნება შედეგის მომტანი, ისეთი, როგორიც უკვე გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ ჯანდაცვის პროგრამის, აგრეთვე პროექტების „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და  „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ სახით.


როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დეოკუპაციის პოლიტიკის ხელშეწყობაში ვგულისხმობთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ეროვნული და საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული  ყველა ხერხით და მეთოდით, მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, აგრეთვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით; თავმჯდომარის ამბიციური განცხადებით, რეორგანიზებული უმაღლესი საბჭო ამაში თავის სიტყვას იტყვის.


წარმოდგენილ მოხსენებაში ჯ. გამახარიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების კუთხით არსებულ ვითარებაზე, რაც ასევე საერთაშორისო სასამართლოების განხილვის საგანი უნდა გახდეს, მაგრამ პარალელურად საჭიროა აფხაზეთში დისტანციური სწავლების შემოღება, რომელიც  საქართველოს პარლამენტის მიერ სამი წლის წინ იყო  მხარდაჭერილი, მაგრამ დღემდე ქაღალდზეა დარჩენილი.  ჯ.გამახარიას განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლიდან უმაღლესი საჭოდან განხორციელდება ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების მხარდასაჭერად. ამ მიზნით სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია და ეს მუშაობა გრძელდება.


ბატონმა ჯემალ გამახარიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპანტების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის მაღალ დონეზე წარმოების მნიშვნელობას, რომელიც შესაძლებელს გახდის მსოფლიო თანამეგობრობისათვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის აფხაზეთის პრობლემატიკაზე სრული სიმართლის დამაჯერებლად მიწოდებას:


„ბევრი მტკიცება არ სჭირდება, თუ რამდენად აუცილებელია ჩვენთვის ოკუპანტების წინააღმდეგ საინფორმაციო ომის იმ დონეზე წარმოება, რომ ეს ომი ჩვენ მოვიგოთ, სხვა უფლება არცა გვაქვს; უნდა მოვიგერიოთ მოსკოვიდან მომდინარე ჰიბრიდული  შეტევები. მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ კრემლი საკმაოდ წარმატებით ახერხებს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში იმ აგენტურის თუ მოსყიდული ადამიანების ჩართვას, რომლებიც მას მოფაშისტო ელემენტების სახით მრავლად ჰყავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, როგორებიც თუნდაც, ახლახან  სოხუმში ჩატარებულ „არჩევნებს“ „აკვირდებოდნენ“.


ჩვენი მხრიდან წარმოებული ინფორმაციული ომის მიზანი უნდა იყოს მოწინააღმდეგეთა როგორც დასაბუთებული მხილება, ისე აფხაზურ საზოგადოებასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის პოპულარიზაცია; სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა სჭირდება დაგეგმილი პროექტების  რეალიზებასაც.


ბატონი ჯემალ გამახარიას განმარტებით, მიმდინარე სასესიო პერიოდში საფუძველი ჩაეყრება ონლაინ კავშირის დამყარებას დევნილ მოსახლეობასთან, საქართველოში არსებულ ყველა ძირითად ჩასახლებასთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, რათა მოხდეს მათ  პრობლემებსა თუ შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება.


დაგეგმილია უმაღლესი საბჭოს მიერ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება ყველა რეგიონის, ყველა რაიონის, ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოებთან, სადაც დევნილები კომპაქტურად სახლობენ.


ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია უმაღლესი საბჭოში სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სხდომათა დარბაზის და სამუშაო ოთახების გამოყოფა, ელექტრონულ საქმისწარმოებაზე სრული გადასვლა.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი მოხსენების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თავმჯდომარის მოადგილეებმა თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, დეპუტატებმა ანზორ წოწონავამ თემურ მჟავიამ, ელგუჯა გვაზავამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, აკაკი გასვიანმა, ნუგზარ მგალობლიშვილმა.


თემურ მჟავიამ   ისაუბრა  ფხაზეთის კონფლიქტის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადაცემა „აფხაზეთის“ შესახებ და ხაზი გაუსვა მის მიერ წარმოებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ამასთან მიზანშეწინილად მიიჩნია აღნიშნული გადაცემის ბაზაზე ტელემაუწყებლის შექმნის აუცილებლობა, რასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.






















































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions