დღეს მირქმის ქრისტიანული დღესასწაულია

მირქმა, ანუ მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი აღნიშნავს, მის გულში ჩახუტებას.

 

ამ დღესასწაულის დაწესებას  საინტერესო ისტორია უძღვის.  

ქრისტეშობამდე სამი საუკუნით ადრე ეგვიპტის მეფის-პტოლემეოს ფილადელფოსის ბრძანებით, მაშინდელი განსწავლული ადამიანები ძველი აღთქმის წიგნების ებრაულიდან ბერძნულ ენაზე თარგმნას შეუდგნენ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი შეხვდა განათლებულ კეთილმსახურს სვიმეონს. თარგმნისას იმ ადგილამდე რომ მივიდა, სადაც წმიდა ესაია წინასწარმეტყველი  სწერს: “აჰა, ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ”, ამ სიტყვებმა სვიმეონი დააეჭვა: “თუ ქალწულია, როგორ უნდა შვას ძეო”. მან დააპირა სიტყვა “ქალწულის” შეცვლა “დედაკაცით”, მაგრამ უეცრად  გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა მას: “სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია, რამეთუ არ მოკვდები, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს”.

ამ ამბიდან სამი საუკუნე გავიდა. სვიმეონი, მართლაც არ აღესრულა.  მრავალი ტანჯვით, განცდებით ცხოვრობდა ტაძარში დაუძლურებული, ღრმად მოხუცებული. ანგელოზისგან ნაუწყები ყრმის მოვლინების მოლოდინით მუდმივად ტაძრის კარიბჭისკენ იყურებოდა. ერთხელაც, სწორედ დღევანდელ დღეს, ტაძარში შემოვიდა ღვთისმშობელი 40 დღის ყრმა იესოთი ხელში; სულიწმიდის შთაგონებით, სვიმეონმა მაშინვე ამოიცნო მასში სამყაროს შემოქმედი და ის ყრმა, რომლის მოვლინებაზეც იყო დამოკიდებული მისი ამ ქვეყნიდან გასვლა. სვიმეონი დიდი სიხარულით შეეგებება მაცხოვარს, გულში ჩაიკრა  და აღტაცებულმა  წარმოთქვა: დადგა ჟამი ჩემი განსვენებისა„აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით”... „რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი.” სვიმეონი სინანულსაც გამოხატავდა სამი საუკუნის წინანდელი ეჭვის გამო, მაგრამ მადლობდა უფალს იმ უდიდესი პატივის გამო, რომ მაცხოვარი საკუთარი თვალით იხილა და გულში ჩაიკრა.

მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგულისხმოა ერთი ისტორიული ფაქტი: სამეგრელოში მყოფი რუსი ელჩები 1640 წლის 2 თებერვალს - მირქმის დღესასწაულზე თანამედროვე გალის რაიონს სწვევიან და აი, რა აქვთ დაფიქსირებული: „სოფელ ფუწყურში (წარჩის თემი - scara.gov.ge) მეფის სასახლის გვერდით, სვიმეონ ღმრთისმიმრქმელის სახელობის ხის ეკლესია იდგა“. დღეს ეს ეკლესია არ არსებობს, მაგრამ იმედია, იქიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობა შეძლებს უკან დაბრუნებას და ეკლესიაც აღდგება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს, თითოეულ თანამოქალაქეს - ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ენგურს გამოღმა მცხოვრებთ, მირქმის - უფლის გულში ჩახუტების დიდ ღვთიურ და ადამიანურ დღესასწაულს: ნუ გაეკარება თქვენს გულს ეჭვი უფლის მფარველობისა და წყალობისადმი; გჯეროდეთ, დღეს თუ არა ხვალ, ამქვეყნად სამართლიანობისა და კანონზომიერების სუფევა აუცილებლად გაიმარჯვებს; ჩვენს მიწა-წყალს დახარბებული მტრის მიერ ძალადობრივად გახლეჩილმა ქართველებმა და აფხაზებმა უნდობლობის ეჭვი უნდა დავძლიოთ, გულწრფელი ურთიერთმიტევებით შევრიგდეთ და ჩვენი იდენტობის პატივისცემით, განვამტკიცოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან სამშობლოში!

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions