ჯემალ გამახარია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

28 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თამაზ ხუბუა, მურმან კვარაცხელია, რაისა ქარაია, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ანზორ წოწონავა, თემურ მჟავია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „დღეს ჩვენ აფხაზეთზე ვსაუბრობთ. მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა - ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ. ამასთან, რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით, რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ, ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, როდესაც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“.

შეკრებილთ მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. „ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ძალიან აქტიურად ცდილობს აფხაზეთის ანექსიას. მინდა შეგახსენოთ ბოლო პერიოდში გაფორმებული რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რუსეთის მიზნებზე მოახდინოს აფხაზეთის ინკორპორაცია რუსულ სივრცეში. რუსეთი არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც მოქალაქეობის შესახებ კანონში უწერია სახელმწიფოებრივი კუთვნილება შეცვლილი ტერიტორიების მოსახლეობას როგორ უნდა მიენიჭოს მოქალაქეობა. 2020 წლის ნოემბერში სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმდა დოკუმენტი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების შესახებ. ცხადია, ზემოაღნიშნული დოკუმენტის უკლებრივ ყველა პუნქტი მიმართულია იქითკენ, რომ აფხაზეთი მოექცეს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში. აფხაზების სანაქებოდ მინდა ვთქვა, რომ გუშინდელ დღემდე, ამ 45-ი პუნქტიდან მათ არცერთი არ შეუსრულებიათ. აფხაზური საზოგადოება მკეთრად ეწინააღმდეგება ამ მოვლენას და ყველანაირად აჭიანურებს პროცესს, რადგანაც მათ ძალიან კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს. მაგრამ გუშინ, სწორედ სოხუმის დაცემის დღეს, მოსკოვში ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. რუსეთი წლების მანძილზე ცდილობდა ამ დოკუმენტის გაფორმებას. აფხაზეთის ამჟამინდელი დე-ფაქტო ხელისუფლება მიდის ყველანაირ დათმობაზე, რაც 2022 წლის 27 სექტემბერს დადებული შეთანხმებით დაგვირგვინდა. სამწუხაროდ, გუშინ რუსეთმა აჩვენა მთელს მსოფლიოს 1993 წლის 27 სექტემბერს ვინ გაიმარჯვა აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას უნდა მოჰყვეს ცვლილებები დე-ფაქტო კანონმდებლობაშიც, და მე ვიტოვებ იმედს, რომ სწორედ აქ რუსებს შეექმნებათ პრობლემები. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ცვლილება მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც ითვალისწინებს აფხაზებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას. ისინი მართლაც ჩვენი მოქალაქეები არიან, და ჩვენ ვზრუნავთ მათზე. მაგრამ, როდესაც აფხაზი მოდის და ითხოვს, რომ მას მოქალაქეობა დაუდასტურდეს, ანუ მიეცეს პასპორტი, ამ დროს მას ექმნება ათასგვარი დაბრკოლება. ამასთან, ბოლო პერიოდში, როდესაც რუსეთში ვითარება გართულდა, ქართველები, რომლებიც იძულებით წავიდნენ რუსეთში, განსაკუთრებით აფხაზეთიდან, დღეს ბრუნდებიან სამშობლოში. მათ ექმნებათ პრობლემები მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც ყოვლად წარმოუდგენელია. მე მინდა გთხოვოთ ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ამ საკითხს მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება“.

ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა დაათვალიერეს ახალგაზრდა მხატვრის ნიკა ემხვარის ნამუშევრები აფხაზეთის თემატიკაზე.













































































































































































































































 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions