აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში საქართველოს კულტურის მკვლევარს, იტალიელ მეცნიერს ფრანჩესკო ტრეჩის უმასპინძლეს

13 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის მკვლევარი, იტალიელი მეცნიერი ფრანჩესკო ტრეჩი და ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ნანა ლომია.

 

სტუმრებს უმასპინძლეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ, თანაშემწემ დინარა დარსალიამ, აპარატის მთავარმა სპეციალისტმა მარინა შენგელიამ.

შეხვედრის მსვლელობისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს, მეტადრე კი აფხაზეთის შესახებ იტალიაში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე, რაც გამოწვეულია სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით აქტიური დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებით, რომელიც თავის მხრივ მხარდაჭერილია რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ ორგანიზაციის მიერ.

ამასთან, ჯემალ გამახარიამ სტუმარს, როგორც ისტორიის მეცნიერების დარგში მის კოლეგას, გააცნო თავად დადიანებსა და გენუელ პილიგრიმებსა თუ ვაჭრებს შორის ურთიერთობების ამსახველი ისტორიული წყაროები. თამაზ ხუბუამ და დეპუტატებმა ისაუბრეს იტალიური კულტურის გავლენაზე შავიზღვისპირეთის რეგიონში.

შეხვედრაზე გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.

ფრანჩესკო ტრეჩიმ, რომელიც არის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიის შესახებ ორი წიგნის ავტორი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მესვეურთ გადასცა საკუთარი ნაშრომი საქართველოს შესახებ და გადაუხადა გულითადი მადლობა გულთბილი მასპინძლობისათვის.

შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იტალიელი სტუმარი დააჯილდოვა უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით და სამახსოვრო სუვენირები გადასცა.





















































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions