უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა

5 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. პარიზში და ქ. სტრასბურგში მივლინების შედეგების შესახებ“; „ალანდის კუნძულებზე (ფინეთის რესპუბლიკა) მივლინების შედეგების შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლევან ჩაკვეტაძის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ“.

საფრანგეთის რესპუბლიკაში მივლინების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ. მან ვრცლად ისაუბრა 17-23 მაისს, ლევილში გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ. აღნიშნა, რომ სწორედ აკაკი ჩხენკელი გახლდათ საქართველოს დამოუკიდებლობის ერთერთი ფუძემდებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი. ღონისძიების ფარგლებში ლევილში აკაკი ჩხენკელის საფლავზე მოხდა ამ თარიღისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის დამაგრება და მისი ცხოვრების ამსახველი ბროშურის პრეზენტაცია, რომელიც მის შვილიშვილს თამარ ჩხენკელს გადაეცა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ზურაბ ქეცბაია, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა, აკაკი ჩხენკელის შთამომავალი თამარ ჩხენკელი, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. ზურაბ ჯგუბურიამ ასევე ისაუბრა ქ. სტრასბურგში ვიზიტის შესახებ, სადაც უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გამოჩენილი ფრანგი (ეთნიკური ქართველის) იურისტის და პოლიტოლოგის, ევროკავშირის დაფუძნების თეორიული საფუძვლების ("ერთიანობა მრავალფეროვნებაში") ავტორის მიშელ მუსხელის ხსოვნას.

აკაკი ჩხენკელის ღვაწლსა და დამსახურებაზე სამშობლოს წინაშე მოკლედ ისაუბრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ადამიანის დამსახურების დაფასებას, მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემას. მისი თქმით, აკაკი ჩხენკელი, დაიბადა 1874 წლის 19 მაისს სოფელ ოქუმში სამურზაყანოს ბლაღოჩინი მღვდლის იოანე ჩხენკელის ოჯახში. 1918 წელს იგი გახლდათ ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის პრეზიდენტი. სწორედ მისი ინიციატივით და კატეგორიული მოთხოვნით დაიწყო ფედერაციის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესი, რომელიც 26 მაისს წარმატებით დაგვირგვინდა.

ალანდის კუნძულებზე (ფინეთის რესპუბლიკა) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მისი განცხადებით, 27-30 მაისს განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის და აფხაზეთის მომავალ კონსტიტუციაზე მუშაობის გაგრძელებას, ამასთან ზემოაღნიშნული წარმატებული ევროპული ავტონომიის მაგალითის დეტალურ შესწავლას. მისი თქმით, აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ურთულესი საკითხია, თუმცა იმ მაგალითების გათვალისწინებით, რა მაგალითებიც არსებობს ევროპაში, ჩვენი მიზანი იყო და დღესაც ამას ვლაპარაკობთ, მიგვეცა აფხაზებისთვის ისეთი უფლებები, რომ აფხაზებს გაუჩნდეთ სურვილი იყონ საქართველოს შემადგენლობაში, მუშაობა ამ თვალსაზრისით გრძელდება. ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მან დადებითად შეაფასა ვიზიტის შედეგები, ხოლო ვიზიტის წარმატებულად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბატონ ირაკლი ხუცურაულს და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველს ბატონ ლევან მაჭავარიანს.

ალანდის კუნძულებზე ვიზიტთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება გამოთქვა დელეგაციის წევრმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ნოდარ თოფურიძემ. მისი თქმით, ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ალანდის კუნძულების პარლამენტის, მთავრობისა და სამეცნიერო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილებოდა ტერიტორიული ავტონომიების სხვადასხვა მოდელები და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი მეთოდები, აგრეთვე ალანდის კუნძულების პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, სავაჭრო-ფინანსური მდგომარეობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელიც საფუძვლად უდევს ალანდის ავტონომიას.

პლენარული სხდომის მესამე ნაწილი მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლევან ჩაკვეტაძის ინტერპელაციის წესით მოსმენას.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, ჯანდაცვის პროგრამებსა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდას, ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას და სამინისტროს სამივლინები ხარჯებს.

მინისტრის თქმით, 2021-2023 წლებში სამინისტროში მოქმედი პროგრამების ფარგლებში მომსახურება 640 ვეტერანს, 966 საციალურად დაუცველს და 371 შშმ პირს გაეწია. მათზე ჯამში გაცემულია 800 000 ლარზე მეტი ფინანსური გარანტიები. 2023 წელს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქვეყნის შიგნით განხორციელდა მივლინებები სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: სამინისტროს სკრინინგული კვლევის ქვეპროგრამის ფარგლებში რეგიონებში სკრინინგის ჩატარებას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი აქტივობების გამართვას.

დებატებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარე რაისა ქარაია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატი ელგუჯა გვაზავა.

სხდომის დასასრულს, დეპუტატებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. ამასთან, ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს წარმომადგენლები.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.



































































































































































































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions