უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

26 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბწოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელებით დაჯილდოების შესახებ; და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“.

საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ დასკვნა წარმოადგინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ კომიტეტის დასკვნა შეიცავს კრებსით მოსაზრებებს საკანონმდებლო უწყების მუშა ორგანოებსა და პოლიტიკურ ფორმირებებში უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ პრიორიტეტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების თაობაზე. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ მოკლებულია რეალურ საფუძვლიან გაანგარიშებას და პროგნოზირებას, ვინაიდან ფინანსური მახასიათებლების ანალიზიდან ყოველთვის ვერ იკვეთება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ მოცულობის საპროგნოზო მაჩვენებლის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში მობილიზების სავარაუდო შესაძლებლობები, ამდენად სპეციალური ტრანსფერის მიღება პროგნოზით განსაზღვრული ოდენობით პარამეტრების დაგეგმვა არარეალურ ფინანსურ მახასიათებლად მიგვაჩნია. წარმოადგენილ დოკუმენტში სათანადო განმარტებებიც არ არის წარმოადგენილი.

თამაზ ხუბუას განცხადებით, დოკუმენტში წარმოდგენილია რესპუბლიკური ბიუჯეტის მუხლობრივი ანალიზი, რომელიც ეხება შრომის ანაზღაურების მუხლს, საქონლისა და მომსახურების მუხლს, სუბსიდიებს, სოციალური მომსახურების მუხლს, ასევე არაფინანსური აქტივების ზრდას. აღსანიშნავია, რომ სხვა მუხლებთან შედარებით, სოციალური მომსახურების მუხლს ნაკლები ყურადღება ექცევა, ვინაიდან ეს მუხლი წარმოდგენილია ყველაზე დაბალი ნიშნულით, არადა სოციალური მიმართულების დაფინანსება უპირველეს პრიორიტეტს მიეკუთვნება. მნიშვნელოვანია, რომ საშუალოვადიანი საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით, 2028 წლისათვის მმართველობით ორგანოებში ბიუჯეტის ხარჯები იგეგმება 27 125 000 ლარი, რაც მიმდინარე 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 88% შეადგენს, ხოლო აღნიშნულის შეფარდება 2028 წლის საერთო ხარჯებთან მიმართებაში არის 60%.

საშუალოვადიანი გეგმის პრიორიტეტებისა და წინა წლების საშუალოვადიანი გეგმების რეალიზაციის შუალედური შედეგების შედარებით, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თვლის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლისა და შემდგომი წლების ბიუჯეტში პრიორიტეტულ მიმართულებად დამატებით უნდა ჩაითვალოს ისეთი სოციალური პროგრამების გათვალისწინება, როგორიცაა გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობა, დისტანციური სწავლების არეალის მნიშვნელოვანი გაფართოება, ახალგაზრდა თაობის წახალისება, მათ შორის წარმატებული ახალგაზრდების და სპორტსმენების, უმწეო ოჯახების დახმარება სწავლის დაფინანსების კუთხით და განათლების დონის ამაღლება განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მატერიალური ბაზის განმტკიცება და სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა, რაც დევნილი მოსახლეობის ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება, აღნიშნა თამაზ ხუბუამ.

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, რუდიკ ცატავა, თეიმურაზ მჟავია, ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოისმინეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ხუბუას ანგარიში კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. თამაზ ხუბუამ ისაუბრა რა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური, წლიური შესრულებების, საქართველოს პარლამენტიდან, აფხაზეთის მთავრობიდან, მის ქვემდებარე სტრუქტურებიდან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შემოსული დოკუმენტების და კანონპროექტების 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე.

თამაზ ხუბუამ აღნიშნა, რომ 2023 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ჩაატარა 13 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 18 საკითხი, მათ შორის 9 კანონპროექტი. განხილული საკითხებიდან 5 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 4 საკითხზე სავალდებულო. კომიტეტმა ანგარიშვალდებული ორგანოებიდან სხდომაზე განიხილა 1 ანგარიში. ამასთან, კომიტეტმა 2023 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შეადგინა სამუშაო გეგმა, რომელშიც აისახა ყველა ის ძირითადი და აუცილებელი საქმიანობა, რომლის განხორციელებაც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით ევალებოდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში გაანალიზა და სხდომაზე განიხილა საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესახებ, ასევე ორჯერ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ და ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შესახებ. მისი თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა განპირობებული იყო საქართველოს ფისკალური რეალობის მოცემულობათა გათვალისწინებით, მისი ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით, რამაც შესაძლებელი გახადა ბიუჯეტში დამატებითი მობილიზებული რესურსების განაწილება. ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვადასხვა პარამეტრების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2023 წლისათვის ძირითადი პრიორიტეტების მიხედვით, ფაქტობრივი მაჩვენებელი 54 900 ლარით აღემატება 2023-2026 წლების საშუალოვადიანი გეგმით განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებლებს და შეადგინა 28 305 200 ლარი. 2023 წელს მობილიზებული შემოსულობების ოდენობამ 28 100 000 ლარი, გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 46 500 ლარით, ანუ 103%.

თამაზ ხუბუამ ასევე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა, მხარი დაუჭირა და ცნობად მიიღო ისეთ კანონებში ცვლილებების ინიციირებას, როგორიცაა ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგიონალური საწარმოებების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, საინვესტიციო ფონდების შესახებ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ და სხვა. 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გარკვეული ყურადღება დაუთმო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესწავლას და ანალიტიკური ბარათების უმაღლესი საბჭოში წარდგენა/განხილვებს და სხვა.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს თამაზ ხუბუას წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და გაიზიარეს კომიტეტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული შენიშვნები და წინადადებები.

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს საპატიო და მადლობის სიგელები გადასცა სახელმწიფო დაცვის ორგანოებში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისათვის, გამორჩეული კეთილსინდისიერებისა და მაღალი პასუხისმგებლობისათვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს - პოლკოვნიკ თემურ კოკაიას, ვიცე-პოლკოვნიკ ალენ ლუკავას, კაპიტანს ირაკლი სვანაძეს, უფროს ლეიტენანტს დავით ჩაკვეტაძეს, რიგითებს მინდია არაბულს და დავით ვეკუას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.



















































































































































































































































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions