17 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.  

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ძიგუა, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ძიგუამ და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. თანამომხსენებლებმა განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება სამინისტროების მიერ მომზადებულ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს აპარატში შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

დეპუტატებმა ასევე მოისმინეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბ-ნ ლაშა ქარდავას ინფორმაცია ქ. თბილისში, ორთაჭალაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების შენობაში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით და მისივე ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს სწავლობს. სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ, თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, გია გვაზავამ, ვახტანგ ყოლბაიამ.

ბ-ნმა ჯემალ გამახარიამ, დეპუტატების სახელით, მადლობა მოახსენა აფხაზეთის მთავრობას როგორც სოფ. საბერიოში ჭოლარიების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ოპერატიული და ადექვატური რეაგირებისთვის. უმაღლესი საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ფონდიდან „სოციალური სოლიდარობისთვის“, რომელიც დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების ყოველთვიური შენატანებით ივსება, ჭოლარიების ოჯახს გადაერიცხება 5 ათასი ლარი, ხოლო თბილისში დაზარალებულ ათობით ოჯახს, საკუთარ ბინებში დაბრუნებამდე პერიოდულად მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.   

ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომის დასასრულს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარის ქ-ნ რაისა ქარაიას დაჯილდოების ცერემონია. ქვეყნის წინაშე დამსახურების, ასევე გამორჩეული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, რაისა ქარაია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედლოთ დაჯილდოვდა. მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ქალბატონ რაისა ქარაიას მაღალ ჯილდოს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.


გალერეა

სხვა სიახლეები