აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში

“რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია”,- განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯემალ გამახარიამ.

 

გამახარია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სოჭში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

 

„პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კარგა ხანს არ იყო ცნობილი, რაზე იყო იქ საუბარი. თუმცა, ძნელი მისახვედრი არაა, რის შესახებ. სანამ სოჭის შეხვედრა შედგებოდა, ბჟანიას მოუწია თითქმის 2- კვირიანი კარანტინის გავლა. წარმოიდგინეთ, ნამდვილად დამოუკდიებელი ქვეყნის მეთაური რომ ჩავიდეს ამა თუ იმ ქვეყნის, მით უმეტეს, მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში და კარანტინში გაუშვან 2 კვირის განმავლობაში. ასე მოხდა ბჟანიას შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ფორმალურად კი აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ სინამდვილეში ის მას არ განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ის მას განიხილავს, როგორც თავის პროვინციას, რომლის ანექსიამდეც სულ რამდენიმე ნაბიჯი დარჩა“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რომელიც მცოცავი ანექსიის პროცესის შემდგომი განვითარებისკენაა მიმართული.

„სოჭის შეხვედრაზე რაზეც იყო საუბარი, ეს ბჟანიამ გაამჟღავნა გუშინ თავის პრესკონფერნციაზე, რომელიც სოხუმში ჩაატარა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იქ საუბარი, ძირითადად, იყო სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, იმაზე, რომ აფხაზეთში არის უკიდურესად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, უკიდურესად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აფხაზეთი, რომელსაც თავისი შემოსავლები არ გააჩნია და მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე, აღმოჩნდა ძალიან მძიმე მდგომაროებაში, რადგანაც რუსეთი მას ახლა ისე უხვად არ აფინანსებს, როგორც – წინა წლებში. ამ დაფინანსების სანაცვლოდ, ის მოითხოვს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მიმართულია მცოცავი ანექსიის პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. აფხაზები ცდილობენ, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ, მაგრამ ამ შეხვედრებიდან, ბჟანიას მიერ ჩატარებული პრესკონფერენციიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს წინააღმდეგობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და აფხაზეთი დღეს დგას ანექსიის საფრთხის წინაშე. ეს წინა განცხადებებში არაერთხელ გვითქვამს და დღესაც მინდა, მკაფიოდ გავიმეორო. აფხაზეთის ანექსიის საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რელურია. უნდა ავტეხოთ განგაში, დასავლეთმა უნდა ატეხოს განგაში. ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დასავლეთის ლიდერების, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებში, რეზოლუციებში ეს საფრთხე იყოს ასახული. აფხაზეთი დღეს დგას რეალური ანექსიის საფრთხის წინაშე“, – განაცხადა გამახარიამ.


“ყარაბაღის ომმა და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა არ შეიძლება, დაუსრულებლად ვითმინოთ”, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


გამახარია კავკასიის რეგიონში ყარაბაღის ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ჩვენს რეგიონში. უპირველეს ყოვლისა, ესაა ყარაბაღის კონფლიქტი და ის შეთახმება, რომელიც 9 ნოემბერს გაფორმდა აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის, რომლის საფუძველზეც განალაგდნენ რუსეთის სამშვიდობო ჯარები აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ექსპერტები მთელს მსოფლიოში ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამენ. ეს ბუნებრივიცაა. მინდა, თავიდანვე ცალსახად გავნაცხადო, არ არსებობს დღეისათვის საფუძველი იმისთვის, განვაცხადოთ, რომ რუსეთი გამარჯვებული და ყველა სხვა დანარჩენი დამარცხებულია. ამ ე.წ სამშვიდობო ოპერაციის შედეგად კონფლიქტი გადაწყვეტილი არაა, ის გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ყარაბაღში. აზერბაიჯანმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, ბოლომდე ვერ მივიდა, შესაბამისად, უკმაყოფილოა. სომხეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 30 წლის განმავლობაში და, ბუნებრივია, ისიც უკმაყოფილოა. ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ცალსახად გამარჯვებულია, არ მიგვაჩნია სწორად.

როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები? რუსეთის სამშვიდობო ძალები დგანან ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, მაგრამ რუსეთი არასდროს შეუწყობს ხელს ამ კონფლიქტის დასრულებას რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ. ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანი არასდროს შეეგუება ყარაბაღის დაკარგვას. არც სომხეთი იტყვის უარს ყარაბაღზე. რუსეთი ვერ შეძლებს ვერცერთი მხარის დაკმაყოფილებას. აქედან გამომდინარე, რუსეთის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ძალიან საეჭვოა. თუ რომელიმე მხარე ყარაბაღზე უარს იტყვის, მაშინ კიდევ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. მაგრამ არ მგონია, მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდეს“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის,  მაიკ პომპეოს ვიზიტი რეგიონში განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.

„რაც მოხდა, რიგითი მოვლენა ნამდვილად არაა. ამან სერიოზულად უნდა დააფიქროს დასავლეთი. როგორც ჩანს, დასავლეთი დაფიქრებულია კიდეც, ბატონ პომპეოს ვიზიტი სწორედ ამითაა გამოწვეული. დასავლეთი კარგად აცნობიერებს საქართველოს მნიშვნელობას. საქართველოს მნიშვნელობა ამ შეთანხმების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება დასავლეთისთვის. ამის გამოხატულება გახლავთ ბატონი პომპეოს ვიზიტი საქართველოში.

ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების პრეცედენტი კავკასიაში არ ყოფილა და ყარაბაღის შემთხვევაში ეს პრეცედენტი მივიღეთ. ესაა ჩვენთვის მასტიმულირებელი ფაქტორი. ყარაბაღის ომმა და შემდეგ განვითრებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დაუსრულებლად არ შეიძლება, ვითმინოთ ე.წ. გაყინული კონფლიქტების არსებობა. რაც უფრო მეტ ხანს იარსებებს გაყინული კონფლიქტები, მით უფრო წამგებიან მდგომაროებაში აღმოჩნდება დასავლეთი. გაყინული კონფლიქტების არსებობა არის დასავლეთის, აშშ-ის გავლენის შესუსტება რეგიონში. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც გამომდინარეობს ყარაბაღის მოვლენებიდან“, – განაცხადა გამახარიამ.

იხილეთ :  https://youtu.be/zikWIRnTqs0

Печать