ჯუმბერ ბეთაშვილი - კაცი, რომელიც აფხაზეთის ქართველობის ნათელ სახედ, სიმბოლოდ წარმოუდგება ყველას, ვინც მას იცნობდა, ვისაც მასთან, თუნდაც ერთხელ, ჰქონია ურთიერთობა...
ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა, ცხოვრობდა ზემელზე, სწავლობდა ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. მისი მეგობრები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გელა ჩარკვიანი... მამა რკინიგზელი იყო და სამსახურის გამო სოხუმში გადავიდნენ საცხოვრებლად. ასე გახდა ჯუმბერ ბეთაშვილი სოხუმელი და მთელი თავისი ცხოვრება აფხაზეთს დაუკავშირა. იქვე შექმნა ოჯახი მშვენიერ ქალბატონ ნელისთან ერთად, სამი ქალიშვილი შეეძინათ და მას შემდეგ მათი ულამაზესი ოჯახი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ყველა სტუმრის ლეგენდარული მასპინძელი.
ჯუმბერ ბეთაშვილი - საოცრად მომხიბლველი აღნაგობის, ინტელიგენტური ქცევითა და მანერებით, თვალშისაცემი შინაგანი კულტურის მატარებელი, დახვეწილი მუსიკალური და პოეტური გემოვნებით, წარმოსადეგი ქართველი ვაჟკაცი, ურთიერთობაში მარტივი და უბრალო, ქართული ხელგაშლილობითა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული.
ჯუმბერ ბეთაშვილი - აფხაზეთის ომს შეწირული აუნაზღაურებელი მსხვერპლი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ომს არაფერი მოაქვს ქაოსის, განუკითხაობის, უსამართლობისა და უბედურების მეტი. ამას წერენ ჯუმბერ ბეთაშვილთან დაკავშირებით მისი ქართველი, რუსი და არაერთი სხვა ეროვნების უახლოესი მეგობრები.
ჯუმბერ ბეთაშვილი 1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. ომის დროს მას არც ერთი დღით არ დაუტოვებია სოხუმი. ის ერთნაირად ეხმარებოდა ყველას, ქართველს, აფხაზს, ბერძენს, რუსს, სომეხს. როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვეს დაეტოვებინა ქალაქი, მაგრამ ჯუმბერ ბეთაშვილს უთქვამს: ,,მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ".
1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან და მის სხვა კოლეგებთან ერთად ჯუმბერ ბეთაშვილი ხელშეკრული გამოიყვანეს სეპარატისტთა ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან და ცალკე გაიყვანეს. მას შემდეგ მასზე მხოლოდ ლეგენდები დადის.
ჯუმბერ ბეთაშვილი - ჩვენი დროის ნამდვილი გმირი, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
დღეს ბატონი ჯუმბერის საიუბილეო თარიღია. ის 80 წლის გახდებოდა. სულით ხორცამდე ქართველი პატრიოტის და ჰუმანისტის ჯუმბერ ბეთაშვილის ხსოვნა სამარდჟამოდ გადაეცემა თაობებს და წარუშლელ კვალს დატოვებს საქართველოს ისტორიაში, კაცის, რომელმაც მთელი თავისი ადამიანური, ინტელექტუალური და სამსახურებრივი რესურსი მოახმარა თანამოძმეთა გვერდში დგომას, მშობლიური აფხაზეთის დაცვას და უღალატო მეგობრობის უპირატესობას.