ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია საუბრობს
- ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა წინ წამოსწიეს რუსული ოკუპაციის თემა. რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?
- მხოლოდ მივესალმები რუსული ოკუპაციის თემის აქტუალიზაციას, თანაც საზოგადოების, უპირატესად სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენი დროც არ უნდა გასტანოს ოკუპაციამ ქართველობა მას არასოდეს შეეგუება, არასოდეს მიიღებს 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად შექმნილ ე.წ. ახალ რეალობას. მოგეხსენებათ, კრემლის მესვეურები ხშირად გვესაუბრებიან ყბადაღებული „ახალი რეალობის“ შესახებ და გვირჩევენ შევურიგდეთ მას - საქართველოს დანაწევრებას, რათა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან, აღვადგინოთ მასთან „ძმობა“ და „მეგობრობა“. თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში ნამდვილად შეიქმნა ახალი რეალობა, თუმცა სრულიად საპირისპირო შინაარსის. ნამდვილი ახალი რეალობა გამოიხატა რუსეთის დუმის დელეგაციის თბილისიდან განდევნაში, საქართველოზე მოსკოვის გავლენის უკიდურესად შემცირებაში, რასაც დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოჰყვება სამხრეთ კავკასიიდანაც რუსეთის საბოლოოდ განდევნა.
- თქვენ რუსეთის დუმის დელეგაცია ახსენეთ. ხომ არ გქონიათ მასთან შეხვედრა?
- არა, არავითარი შეხვედრა იმ ე.წ. დელეგაციასთან არ მქონია. 19 ივნისს მიწვეული ვიყავი მართლმადიდებელთა საპარლამეტთაშორისო ასამბლეის გახსნაზე, რომელიც პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გაიმართა. სამწუხაროდ, მეორე დღეს ასამბლეამ მუშაობა პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააგრძელა. პარლამენტში შეგნებულად არ მივედი სწორედ რუსული დელეგაციის გამო, თანაც პროგრამიდან, რომელიც ასამბლეის გახსნაზე დაგვირიგეს, ამოვიკითხე, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი გავრილოვი ასამბლეის პრეზიდენტი ყოფილა. გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში წამოსკუპებას მოჰყვა ის, რაც უნდა მოჰყოლოდა - საყოველთაო აღშფოთება. თურმე, ეს ამაზრზენი ფაქტი ყოფილა აუცილებელი, რათა ქართულ საზოგადოებას საკუთარი თვალით ეხილა რუსული ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და მიეღო რადიკალური, მაგრამ გამართლებული ზომები.
- რა საფრთხეებს გულისხმობთ?
- უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ რუსულ ოკუპაციასთან შეგუებას თუ შეგუების სინდრომის გაჩენას. ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი იქამდეც კი მივიდა, რომ საერთოდ არ აღიარებს ოკუპაციის ფაქტს. გაიხსენეთ ა/წ 9 მაისი. სამწუხაროდ, რუსული გავლენა აშკარად გაიზარდა. 20 ივნისმა ყოველივე ამას წერტილი დაუსვა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად მოხსნილია. რუსული ოკუპაციის მხოლოდ დაგმობა საკმარისი არ არის, საჭიროა მასთან მუდმივი ბრძოლა და არა მხოლოდ და არა იმდენად ლანძღვა-გინებით.
- რას აკეთებს ამ მიმართულებით უმაღლესი საბჭო?
- ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იყო და რჩება რუსული ოკუპაციის პრობლემა. მე პირადად უკანასკნელი თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში ძირითადად ამ საკითხით ვიყავი და ამჟამადაც ვარ დაკავებული. ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემა ყოველმხრივ და საფუძვლიანად არის შესწავლილი თავისი ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტებით. შესაბამისი მასალები და კვლევები გამოცემულია ათამდე ენაზე და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. აღნიშნული მასალებითა და კვლევებით სარგებლობენ როგორც პოლიტიკური, ისე აკადემიური წრეები. სეპარატისტები და ოკუპანტებიც კი აღიარებენ, რომ მათ წააგეს ჩვენთან იდეოლოგიური, ინფორმაციული ომი, რაც უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი საბჭოს დამსახურებაა. მისი ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც ორ თვეზე ოდნავ მეტია რაც შეუდგა თავის საქმიანობას, მიიჩნევს, რომ რუსი ოკუპანტების მხილება საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მეტი ინტენსიურობით, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებელია დეოკუპაციისკენ მიმართული ღონისძიებების გეგმაზომიერი გატარება. უმაღლეს საბჭოს გააჩნია შესაბამისი პროექტები, რომელთა რეალიზებას შევუდგებით აპარატში ამჟამად მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ. ჩვენი ღრმა რწმენით, შერიგებისა და ნდობის აღდგენის, არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ერთადერთი სწორი პოლიტიკაა, მაშინ იქნება წარმატებული, თუ პარალელურად განვახორცილებთ ქმედით ზომებს ოკუპანტის წინააღმდეგ. აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის პოლიტიკა და დეოკუპაციის პოლიტიკა ერთი მედლის ორი მხარეა. სამწუხაროდ, ეს არ არის სათანადოდ გააზრებული ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ იმედი მაქვს, მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ამ თვალსაზრისითაც მოახდინეს გარკვეული გარდატეხა.
დეოკუპაციის პოლიტიკის გატარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ოკუპანტების მხილება ან მათი ლანძღვა-გინება. იგი მოითხოვს უზარმაზარ ინტელექტუალურ ძალისხმევას, ყოველდღიურ მუშაობას. ჩვენ უკვე დავაანონსეთ სამართლებრივი ომის დაწყება ოკუპანტების წინააღმდეგ, რისთვისაც სერიოზულად ვემზადებით. ამ სამზადისის ფარგლებში გასული წლის 29-30 ნოემბერს ჩვენი ინიციატივით, ჩვენივე დაფინანსებითა და სოხუმის უნივერსიტეტის თანადგომით, მოვიწვიეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და გენოციდის კონვენციის მიღების 70-ე წლისთავს. კონფერენციას ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. ორი მომხსენებელი ჰააგის სასამართლოდან იყო წარმოდგენილი. ჩვენ გავეცანით საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულთან (გენოციდი, ეთნიკური წმენდა, ადამიანის უფლებების დარღვევები) ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებას. სტუმრებმა მოისმინეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები. ერთი სიტყვით, შევიძინეთ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც გამოვიყენებთ ოკუპანტების წინააღმდეგ სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლაში. უმაღლესი საბჭოს აპარატში სამუშაოდ მოვიწვიეთ და კიდევ მოვიწვევთ თანამედროვე განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს - იურისტებს, რომელთა დახმარებითაც ვაპირებთ სამართლებრივი ომის გამართვას ოკუპანტების წინააღმდეგ როგორც ჰააგაში, ისე სტრასბურგში. რა თქმა უნდა, ვაპირებთ სხვა ზომების გატარებასაც. მზად ვართ მივიღოთ დახმარება, ვითანამშრომლოთ ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ პიროვნებასთან, ვინც არა მხოლოდ მოწოდებებით, არამედ საქმით აპირებს ბრძოლას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.