16 ივნისს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, ამავე სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინა სააკაშვილი, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ფრიდონ შენგელია, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორი ფრიდონ დონაძე.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი.

 აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან თევზაიამ, კომიტეტის სხდომას 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარუდგინა და თავის მოხსენებაში 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც სრულყოფილად ისაუბრა. თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე ღვანიამ, დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორივე საკითხის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნა გააცნო.

დაისვა შეკითხვები, გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები, გაიმართა საინტერესო დისკუსია სხდომის მონაწილეებს შორის. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ -ს თავმჯდომარე ჯემალ საჯაია.  განხილვაში მონაწილეობა მიიღო უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.

სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნაში არსებული საკითხები გააცნო მოწვეულ სტუმრებს. მან აღნიშნა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნით, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მთავრობამ უმაღლეს საბჭოში ერთი თვის დაგვიანებით წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, 43.75 მლნ ლარის ჭარბი შემოსულობების მობილიზების ფონზე, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არასახარბიელო პარამეტრებით შესრულდა, ხოლო ცალკეულ პრიორიტეტულ პროგრამებზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

კომიტეტი სრულად იზიარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას და მხარს უჭერს მის რეკომენდაციებს სახსრების ათვისების პროცესში არათანაბარზომიერების დაძლევის, რესურსების მართვის, საფინანსო აღრიცხვიანობისა და შესყიდვების კონტროლის გაძლიერების შესახებ.

სხდომის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გადასახდელები ჯამში 4,525.0 ათასი ლარით იზრდება და საერთო მოცულობა 50,075.0 ათას ლარს უტოლდება, რაც სრულად ფინანსდება თავისუფალი ნაშთიდან, ხოლო ბიუჯეტის შემოსულობები უცვლელი რჩება. დაფინანსება ეზრდებათ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განათლებისა და კულტურის და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს.

კომიტეტი და აუდიტის სამსახური მიიჩნევენ, რომ განმარტებით ბარათში წარმოდგენილი დასაბუთებები ზოგადი ხასიათისაა და საჭიროებს მეტ სოციალურ-ეკონომიკურ გათვლას. აუდიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უწყებებს ბიუჯეტი ეზრდებათ იმ პირობებში, როდესაც მათ წინა წლებში და 2026 წლის პირველ კვარტალში სახსრების ათვისების დაბალი მაჩვენებლები აქვთ. ეფექტიანი განკარგვისთვის, ასიგნებების კორექტირებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მიმდინარე და გასული წლების სახსრების ათვისების რეალური ტენდენციები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნებსა და წინადადებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, კომიტეტებსა და ფრაქციებში გამართული განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და რეკომენდაცია გაუწია მათ განხილვას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომაზე.

სხდომას  ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი მურმან ფარფალია, ამავე კომიტეტის აპარატის სპეციალისტი ეკატერინე თორია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა თანაშემწე გიორგი გვასალია, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწე ელისო პაჭკორია, უმაღლესი საბჭოს პრეს-სპიკერი მარიამ ინალიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი.

გალერეა