კონსტიტუციის კანონპროექტის განხილვა იმერეთის რეგიონში

აფხაზეთის ა.რ კონსტიტუციის  კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის სხდომა ამჯერად ქუთაისში გაიმართა.


ქუთაისსა და მიმდებარე რეგიონებში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილები არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზინტერკონტის“ ოფისში შეიკრიბნენ.


შეხვედრას უძღვებოდა საორგანიზაციო კომისიის წევრი, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.


განხილვაში მონაწილეობდნენ და ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრესი კანონის პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეკრებილ საზოგადოებას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აკაკი გასვიანმა, შოთა ხეცურიანმა, აფხაზეთის ა.რ კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის წევრებმა იურისტმა გიორგი ქოიავამ, აფხაზეთის მთავრობის მინისტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დავით ფაცაციამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწემ იურიდიულ საკითხებში გიორგი გვასალიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ.


ქუთაისის შეხვედრაზეც, ისევე როგორც სხვაგან, პროექტისადმი განსაკუთრებული ინტერესი და კვალიფიციური მიდგომა დაფიქსირდა. კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილე პირები თავშეუკავებლად და თავისუფლად სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს არამხოლოდ კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით, აგრეთვე აფხაზეთის პრობლემატიკის დარეგულირების გზებთან, მეთოდებთან და დევნილ სახელისუფლო სტრუქტურებთან დაკავშირებით. შეკითხვები შეეხებოდა იმ პუნქტებს, რომელთაც ცვლილებები შეეხო, ამასთან უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების მართლზომიერების საკითხსაც.


გამართულ დისკუსიაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა დევნილებმა გიორგი ცალანმა, უნივერსიტეტის თანამშრომელმა ციალა კოპალიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანული რამიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალუ გამახარიამ და სხვებმა.

კონსტიტუციურ კანონპროექტთან თუ ზოგადად გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და სამართლებრივად არგუმენტირებული პასუხები გასცეს უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის   წევრებმა.

















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions