ბიჭვინთის საკითხზე აფხაზების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ფანდია, რუსეთმა მესამე მხარეს რატომ უნდა გადასცეს აგარაკები, რომლის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია, ცდილობს?“ – ჯემალ გამახარია

 

„ცვლილებების პროექტი, რომელიც ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ე.წ შეთანხმების დოკუმენტში შესატანად მომზადდა, აფხაზური მხარის იმ ნაწილის ფანდია, რომელსაც უნდა, რომ ე.წ. დოკუმენტის რატიფიკაცია მოხდეს. რუსეთმა მესამე მხარეს რატომ უნდა გადასცეს აგარაკები, რომლის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობს?“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე იმ პროცესებზე ისაუბრა, რომელიც ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს უკავშირდება.

მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებაზე ცვლილებების პროექტი იმ იმედით გაუგზავნა, რომ ეს ცვლილებები მიღებული იქნებოდა და რატიფიკაციის პროცესს გააადვილებდა.

როგორც გამახარიამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოება აღნიშნული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია.

„უკვე რამდენიმე თვეა, აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების თემა უაღრესად აქტუალურია. საკითხი იმის თაობაზე დგას, რომ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ე.წ შეთანხმების რატიფიკაცია დე ფაქტო პარლამენტში უნდა მოხდეს. ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ ამა წლის იანვარში ჩუმად მოეწერა ხელი. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ხელმოწერილ ე.წ. შეთანხმებაზე ცვლილებების პროექტი იმ იმედით გაუგზავნა, რომ ეს ცვლილებები მიღებული იქნებოდა და რატიფიკაციას გააადვილებდა. საზოგადოება რატიფიკაციის, ანუ ამ შეთანხმების ძალაში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია. არძინბამ რუსულ მხარეს შესწორება შესთავაზა. პირველი შესწორება შემდეგს გულისხმობს: მას შემდეგ, რაც რატიფიკაცია მოხდება და რუსეთი ამ აგარაკებს დაეუფლება, მას აგარაკების მესამე მხარისთვის გადაცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ფანდი აფხაზური მხარის იმ ნაწილისა, რომელსაც უნდა, რომ ე.წ. დოკუმენტის რატიფიკაცია მოხდეს. რუსეთმა მესამე მხარეს რატომ უნდა გადასცეს აგარაკები, რომლის ხელში ჩაგდებას დიდი ხანია ცდილობს? ამით აფხაზურ საზოგადოებას ეტყვიან, ხედავთ – რა დათმობაზე წავიდა რუსეთი და შეთანხმების რატიფიკაცია უნდა მოვახდინოთო.

ამ ე.წ. ხელშეკრულებას თან იმ ტერიტორიის გეოგრაფიული კოორდინატები ახლავს, რომელიც რუსეთს უნდა გადაეცეს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ამ კოორდინატებში გარკვეული უზუსტობაა. ამ უზუსტობის შედეგად, რუსებს ბევრად მეტი ტერიტორია მიაქვთ, ვიდრე ხელშეკრულებაშია მითითებული და ამის გასწორებაა საჭიროო. ამ საკითხის გასარკვევად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ნოტა გაიგზავნა, შემდეგ კი დე ფაქტო პარლამენტიდან დუმაში 4 -კაციანი დელეგაცია გაემგზავრა და ამ საკითხებს იხილავდნენ. ისინი უარით გამოისტუმრეს, უთხრეს, ჯერ რატიფიკაცია უნდა მოახდინოთ და მერე განვიხილოთ, თუ რამე პრობლემებიაო. როცა ეს ე.წ. დეპუტატები უკან დაბრუნდნენ, აფხაზეთში გადმოსვლისას ე.წ. საზღვარზე 4 საათ-ნახევარი აყურყუტეს, გაჩხრიკეს. ამით, ალბათ, მიანიშნეს, სინამდვილეში ვინ არიან ეს ადამიანები: მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დეპუტატები, თუ უკანონო პარლამენტის უკანონო წარმომადგენლები“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, რუსული მხარე ცდილობს, მოსკოვის პოლიტიკით უკმაყოფილო აფხაზურ საზოგადოებაში ისეთი თემები გაააქტიუროს, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას გაანეიტრალებს.

„ისინი, ვინც აფხაზური მხრიდან რატიფიკაციის მომხრეები იყვნენ, რუსული ასეთი პოზიციის გამო დღეს მძიმე მდგომარეობაში არიან. რუსული მხარე ცდილობს, მოსკოვის პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოებას რაღაც ისეთი თემები შეუგდოს, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას გაანეიტრალებს. ერთ-ერთი ასეთი თემა ლუკაშენკოს ვიზიტი და ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარება იყო. ეს აღიარება არ მოხდა, მაგრამ ახლახან ბჟანიამ გამოაცხადა, რომ ბელარუსი აფხაზეთში 50- მილიონიანი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებს და იმ ქვეყანაში სადაც ამხელა ინვესტიციას დებს, აუცილებლად საელჩოს გახსნის. ამ განცხადებამ დაგვაინტერესა. ჩვენთვის საინტერესო იყო, გაგვერკვია, რა ინვესტიციებს დებს ბელარუსი ოკუპირებულ აფხაზეთში. ბჟანიამ თქვა, რომ ბელარუსი ინვესტიციებს ოჩამჩირის რაიონში ახორციელებს. ეს სრული ტყუილია. ჩვენ ეს საკითხი ძალიან მაღალ დონეზე შევისწავლეთ. გავარკვიეთ, რომ დღეისთვის არავითარი ინვესტიციები არაა ჩადებული ამ თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს. ეს სრული ბლეფია. ბჟანიამ ეს თემა საზოგადოების მოსატყუებლად შემოაგდო. ყოველი მისი განცხადება მოსკოვიდან მიღებული ამა თუ იმ მითითების შესრულებაა”, – განაცხადა გამახარიამ.

http://kvira.ge/794369

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში - 21.11.2022

https://youtu.be/8NIkEkqNIhM

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions