ანზორ წოწონავა: ”ორმაგი ოკუპაცია”

 

10 მარტისთვის აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. რას ნიშნავს ეს არჩევნები აფხაზეთისთვის და რამდენად შეუძლია მას გავლენა იქონიოს შიდა პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე, გვესაუბრება აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა.

 

– აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნები“ ადრეც დარღვევებით მიმდინარეობდა და არც ამჯერად გადაუხვევენ, ალბათ, კურსს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს დარღვევები არც ამომრჩეველს და მით უმეტეს, არც არჩეულ „დეპუტატებს“ არ აღელვებთ, რადგანაც სამართლებრივ–მოქალაქეობრივი თვალსაზრისით აფხაზეთი არის არშემდგარი „რესპუბლიკა“. დარღვევად კი არა, ანომალიად მიმაჩნია ასეთი პატარა რეგიონისთვის 35 დეპუტატი, მაქსიმუმ 15-16 უნდა იყოს. წინა ე.წ. არჩევნების დროს საინიციატივო ჯგუფის რაოდენობამ რეკორდულ ზღვარს – 174–ს  მიაღწია, წელს ჯერჯერობით 70 დათვალეს, მაგრამ დრო კიდევ არის წინა რეკორდის მოსახსნელად. ადრე არჩევნები პერსონიფიცირებულად მიმდინარეობდა, ანუ ამომრჩევლები ერთიანდებოდნენ ამა თუ იმ ავტორიტეტის გარშემო, დღეს ასეთი პიროვნებები იქ აღარ არიან, მათ დატოვეს აფხაზეთი, ადგილი აქვს აფხაზების მასიურ მიგრაციას.

 

რატომ, აწყინათ აფხაზებს ნანატრმა ”დამოუკიდებლობამ“?


„დამოუკიდებლობამ“ ისინი კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში შეიყვანა, რადგანაც „აღიარების“ შემდეგ აფხაზებს თავად უნდა ეზრუნათ რეგიონის განვითარებაზე, ამისთვის კი იქ არავითარი ეკონომიკური ბაზა არ არსებობდა. მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი მიხვდა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აფხაზეთს არავითარი პერსპექტივა არა აქვს არათუ განვითარების, არამედ ფეხზე წამოდგომისაც კი, ამიტომაც თავს უშველეს  ყოფილი სსრკ–ს ქვეყნებში გაქცევით. შერჩა აფხაზეთს მარიონეტი ხელისუფლება და ამომრჩეველთა ხმები, რომელთა უმრავლესობას ძირითადად გლეხობა წარმოადგენს (ამას ყოველგვარი დაკნინების გარეშე ვამბობ) და რომელთა მანიპულირებას უპრობლემოდ ახერხებს მმართველი ძალა. გარდა ამისა, „აღიარების“ შემდგომ პერიოდში ახლად დაფიქსირებულ აფხაზ პენსიონერებს არ დაენიშნათ  რუსული პენსია, შეჩერდა რუსული პასპორტების გაცემაც – ეს ხომ უკვე სხვა „სახელმწიფოა“. ასე რომ, ის მიმზიდველი „შეღავათები“ გაქრა და დარჩნენ აფხაზები შიშველი, არცთუ სახარბიელო რეალობის წინაშე.  დღეს აფხაზეთი არის სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც არავითარი სახელმწიფოებრივი მექანიზმები არ გააჩნია, პირდაპირ არის დამოკიდებული რუსეთის ხელისუფლებაზე და მისი სტრატეგიული პლაცდარმია. რაც შეეხება ეკონომიკურ სფეროს, აქაც სავალალო მდგომარეობა აქვთ: ყველა ბერკეტი სომხური დიასპორის ხელშია, რომელიც საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და „პარლამენტშიც“ აქვს 8 ადგილი. ალბათ, აფხაზებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ არც წინააღმდეგობის გაწევის უნარი შესწევთ, რადგანაც ეს „პარლამენტარები“ – ბაგრამიანის ბატალიონის ყოფილი წევრები ანუ დღეისათვის ეროვნული გმირები  თვლიან, რომ აფხაზები მათთან ვალში არიან. ისინი მათთვის დამახასიათებელი ცხოვრებისეული „ალღოთი“ მასპინძლებზე უკეთესად გრძნობენ თავს, თანაც აფხაზებს ბევრად სჭარბობენ...

 

დემოგრაფიული ფონის შეცვლა სომხების გამრავლებამ გამოიწვია?


არა, ეს ის სომხებია, რომლებიც  ყარაბაღის კონფლიქტის დროს დევნილობაში აღმოჩნდნენ და სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეს შეაფარეს თავი. არცერთი მათგანი ისტორიულ სამშობლოში – სომხეთში არ დაბრუნებულა. მათ სხვის სამშობლოში, სხვის მზა კერიაზე დასახლება არჩიეს და სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთს მიაშურეს. დღეს სომხური დიასპორა აფხაზ ეთნოსზე ძლიერია სოციალურ–ეკონომიკური თვალსაზრისით.  მათ იქ გახსნეს სომხური კერძო სკოლები, სახელმძღვანელოებსაც ეზიდებიან სომხეთიდან. ისინი რუს ბიზნესმენებთან პარტნიორობენ და ადრე ჩამოსული ჩრდილოკავკასიელი ბიზნესმენიებიც ჩამოიშორეს „გაკოტრებით“ ან მათთვის დამახასიათებელი სხვა „მარჯვე“ ხერხებით და მათი ადგილი დაიკავეს.

 

ე.ი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ აფხაზეთი ორმაგად არის ოკუპირებული – პოლიტიკურად რუსეთის და ეკონომიკურად სომხური დიასპორის მიერ?


– დიახ, ასეც არის! რუსეთმა აფხაზეთისგან უკვე მიიღო, რაც უნდოდა. აფხაზეთის მითვისება ოფიციალურად გააფორმა, ანუ „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა და სხვა დანარჩენი – აფხაზეთის სტაგნაციური ეკონომიკა, უხერხემლო პოლიტიკა, უუფლებო აფხაზი მოქალაქეები მეხუთეხარისხოვნად მიაჩნია. ვინ იცის, რამდენი დაერთვება მომავალში პაპუასების მიერ აღიარებულ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის სტატუსს.

 

და მაინც, მიუხედავად ასეთი ქაოსური და კრიზისული მდგომარეობისა, ხელისუფლება ქართულ  შეთავაზებებს გაუგონარი სიჯიუტით უარყოფს.


ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ახლა სწორედ აფხაზეთის მმართველი ძალაა. რუსეთმა „აღიარებამდე“ აფხაზეთის ე.წ. სახალხო პარლამენტს ისეთი კანონები მიაღებინა, რომლებიც აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ანუ წინა ხელისუფლების ხელით ჩადებული რუსული ნაღმები დღეს ა. ანქვაბის თავსატეხია.  ა. ანქვაბმა რუსული „დანაღმული დავალებაც“ უნდა შეასრულოს და ეროვნული ინტერესებიც დაიცვას, რომ ოპოზიციის გულისწყრომა აიცილოს თავიდან.  აფხაზებმა უნდა გაიგონ, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ ერთიან საქართველოში შეიძლება, ფედერაციის თუ კონფედერაციის სტატუსით - ამას არა აქვს მნიშვნელობა.

 

მაგრამ ორივე სტატუსით აფხაზეთს  შეეძლება სურვილის შემთხვევაში გამოვიდეს საქართველოს შემადგენლობიდან.


– კი, შეეძლება, მაგრამ, მე ვფიქრობ, არ მოუნდება. ფედერაციული და კონფედერაციული მოდელი ბევრ ქვეყანაშია და დღემდე არავის  გასჩენია გამოყოფის სურვილი. ასეთ სისტემაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება აფხაზი, შეიძლება აფხაზი იყოს სპიკერიც, პარლამენტართა ჯგუფს ექნება ვეტოს უფლება. ფული, ჯარი და საზღვრის დაცვა, რა თქმა უნდა, ერთობლივი იქნება, სამაგიეროდ მათ ექნებათ საკუთარი კონსტიტუცია, ეკონომიკური საკითხების ავტონომიურად გადაწყვეტის უფლება და ა.შ. ასეთი ქვეყნები მრავლადაა მსოფლიოში. მაგალითად, ავიღოთ იტალია და ესპანეთი, იქაც არის ფედერაციული სუბიექტები, თუმცა ისინი თავის სახელმწიფოებს უნიტარულად მიიჩნევენ.

 

ორი სიტყვით შევაჯამოთ, როგორ ჩაივლის არჩევნები აფხაზეთში?


– ვერ ვიტყვი, რომ დეპუტატებს აირჩევენ, ალბათ, უფრო  დანიშნავენ. ჯერჯერობით ყველაფერი გაგრძელდება ძველი კურსით.  აფხაზები ვერც არჩევნებით და ვერც სხვა გზებით შეცვლიან იქ რამეს. ამის დრო ჯერ არ დამდგარა. რუსული პოლიტიკა, დღესთუ არა, ცოტა ხანში მაინც რაღაც ზღვარს მიაღწევს და თავის პრეზიდენტიანად შეიცვლება. აი, მერე ვნახოთ....

 

 

 


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions