26 მაისს დამიანე გოგოხიას ასი წელი შეუსრულდებოდა

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დამიანე გოგოხიას კომუნისტურ ეპოქაში მოუწია მოღვაწეობა, ვისაც კი მასთან ურთიერთობა ჰქონია, ყველა ნამდვილ დემოკრატად აღიარებდა. თანამედროვენი მას თხემით ტერფამდე ქართველს უწოდებდნენ. იგი ისეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც კეთილი და სასარგებლო საქმის კეთებით, თავიანთი შრომით და ღვაწლით  ქვეყნის, ხალხის, მეგობრების, ოჯახის და  ახლობლების წინაშე დიდი წვლილი მიუძღვით.

დამიანე გოგოხია დაიბადა 1919 წლის 26 მაისს გალის რაიონის სოფელ ბარღებში. 1938-41 წლებში სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუში სწავლის შემდეგ, განათლების მიღება ქალაქ მოსკოვში განაგრძნო. 1944 წლიდან პარტიულ და სახელმწიფო სამუშაოებზე იყო. სხვადასხვა დროს იყო არჩეული საქართველოს კომპარტიის გალის რაიკომის პირველ მდივნად, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგედ. 1967 წელს დამიანე გოგოხია დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო 1973-80 წლებში მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება „ცოდნის“ გამგეობის თავმჯდომარედ.

1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო.

საზოგადოება განსაკუთრებით ხაზს უსვამს დამიანე გოგოხიას მოღვაწეობას აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნის პოსტზე. აფხაზეთში მუშაობის პერიოდში ის ისეთი პრინციპებით ხელმძღვანელობდა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ჭეშმარიტად ძმური და მეგობრული ურთიერთობა იყო დომინანტი.  მართალია, მისი მოღვაწეობის პერიოდში ნიკიტა ხრუშოვი და მიხეილ სუსლოვი განსაკუთრებით ცდილობდნენ აფხაზებისა და ქართველების  ერთმანეთთან დანა-სისხლად გადაკიდებას, მაგრამ დამიანე გოგოხიას გამჭრიახმა გონებამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

„ბატონი დამიანე  ცოცხალი რომ ყოფილიყო, აფხაზეთის პრობლემა, ალბათ, არ იარსებებდა. “ - აცხადებენ  მისი კოლეგები და მეგობრები.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დამიანე გოგოხია თითქმის ორმოცი წელი იკვლევდა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი ისტორიის საკითხების მეცნიერული შესწავლის დარგში.

დამიანე გოგოხიას ოჯახის წევრები მოწმენი იყვნენ მისი დამოკიდებულებისა აფხაზთა მიმართ და ხაზს უსვამენ, რომ ბატონი დამიანეს ურთიერთობა აფხაზებთან ჭეშმარიტ სიყვარულსა და პატივისცემაზე იყო დაფუძნებული.  „აფხაზები მცირენი არიან დ მათ მეტი ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ,“- ასე იგონებენ მის სიტყვების მისივე ოჯახის წევრები.

მარადიული ხსოვნა აფხაზეთის საზოგადოების კოლორიტული წარმომადგენლის, დამიანე გოგოხიას ხსოვნას, რომელსაც 26 მაისს ასი წელი შეუსრულდებოდა.

















































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions