2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

 

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დამატებით 44 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთო ჯამში 45 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.



რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions