დევნილთა საერთაშორისო დღე საქართველოსთვის მტკივნეული თარიღია

 

„დევნილთა საერთაშორისო დღე - 20 ივნისი, საქართველოსთვისის ის მტკივნეული თარიღია, ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ ქმედებებს  მთელი სიმწვავით რომ წარმოაჩენს!“, - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ასეულობით ათასი ადამიანი ამ სტატუსით და მძიმე სტრესით აგრძელებს ცხოვრებას დანარჩენ საქართველოში; ბევრი კი ლტოლვილია და შორეულ უცხოეთში სხვადასხვა ქვეყანას აფარებს თავს.

 

მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, გენოციდის მსხვერპლი აღმოჩნდა 5000-ზე მეტი აფხაზეთის მკვიდრი. ნადგურდება ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლები,  იკრძალება მშობლიურ ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი, უპატრონოდ არის დარჩენილი წინაპართა საფლავები. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიური სახლ-კარიდან იარაღის ძალით განდევნილ ადამიანთა უპირობოდ შინ დაბრუნების აუცილებლობის შესახებ უამრავი საერთაშორისო რეკომენდაცია და რეზოლუციაა მიღებული,  რუსეთის ფედერაცია და მის  მიერ „დამოუკიდებლად“ აღიარებული აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმი ყველანაირი მეთოდით იგნორირებას უწევენ საკუთარ სახლში ადამიანის ცხოვრების საყოველთაოდ აღიარებულ უფლებას.

 

სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში რუსეთი ცდილობს ამტკიცოს, რომ მართლმადიდებლური კულტურის მქონე ქვეყანაა, სინამდვილეში დღემდე აგრძელებს მართლმადიდებლური საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ამან განაპირობა მოვლენების იმდაგვარი განითარება, რაც მოჰყვა დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თბილისში.

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ჯემალ გამახარია დარწმუნებულია, რომ
ყველა მშვიდობიანი ხერხისა და მეთოდის თანმიმდევრული გამოყენებით, საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებით  უმაღლესი საბჭო, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთადერთი  ლეგიტიმური, მაგრამ დევნილი საკანონმდებლო ორგანოა, შეძლებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისა და რუსი ოკუპანტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ არაქრისტიანულ, არამართლმადიდებლურ დანაშაულთა მხილებას, დამნაშავეთა დასჯას, რაც მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს დეოკუპაციის პოლიტიკის წარმატებას, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions