ღონისძიების აღსანიშნავად საგანგებოდ შეირჩა 17 ოქტომბერი - საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მუსიკოლოგის, საზოგადო მოღვაწის სვეტლანა ქეცბას დაბადების დღე, ვისთვისაც პოეზია და მუსიკა იყო სულიერი საზრდო და უმოკლესი გზა ადამიანთა ურთიერთგაგებისკენ და სიყვარულისკენ.
გენო კალანდიას სიცოცხლეშივე ჰქონდა სურვილი, მოესმინა მუსიკაში გარდასახული საკუთარი ლექსი. პოეტის სურვილი ახდა - ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც გუშინ პირველად გაჟღერდა აღნიშნულ საღამოზე. ირმა სოხაძემ, რომელსაც აკომპანირებას უწევდა კომპოზიტორი თამარ ვაშაკიძე, შეასრულა სიმღერა გ.კალანდიას ლექსზე „გაზაფხულის ყვავილო“. იმავე ლექსზე შექმნილი გიორგი შავერზაშვილის სიმღერა, ასევე კახა ცაბაძის სიმღერა „ვჩქარობ და ვჩქარობ“ შეასრულა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა ანსამბლმა დავით ოკუჯავას ხელმძღვანელობით; თამარ ვაშაკიძის „მიყვარს აფხაზთა სოფელი“ დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აფხაზეთის საგუნდო კაპელის ანსამბლის შესრულებით.
საღამო გახსნა ცენტრის თავმჯდომარემ ირინა ქეცბამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის. გენო კალანდია გაიხსენეს მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა. წაიკითხეს პოეტის ლექსები. ქალიშვილის თეა კალანდიას სიტყვებით, „გენო კალანდიამ თავისი ამქვეყნიური მისია შეასრულა საინტერესოდ და ტკივილიანად, თუმცა, როგორც პოეტი, ის ბოლომდე წაკითხული მაინც არ არის...“
თ. კალანდიამ ასევე გამოთქვა სურვილი, წელიწადში ერთხელ, ზუგდიდში, პოეტის მშობლიურ სახლში ჩატარდეს პოეზიის საღამო სახელწოდებით „ბიჭები ქუთაისის ქუჩიდან“ და დამკვიდრდეს ტრადიციად მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გენო კალანდია გაიხსენა როგორც პოეტი და პატრიოტი, რომელმაც აფხაზეთის მოუშუშებელი ტკივილით დატოვა წუთისოფელი: „გენო კალანდია თითქოს არ წასულა ჩვენგან, უმაღლეს საბჭოში დღემდე ჩაგვესმის მისი განუმეორებელი ხმა, დღემდე ის რაღაცას გვირჩევს, წინ მიგვიძღვება, გვაიმედებს, აფხაზეთის დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ ვიცნობდით და ვიცნობთ ასეთ გენო კალანდიას, ასეთად დარჩება იგი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს ცნობიერებაში“.