რუდიკ ცატავა: „დევნილთა პრობლემები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას...“


8-11 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომისიის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის რაიონებში დაბა ჯვარზენსა და ზუგდიდის რაიონში. შეხვდა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ესაუბრა და გაეცნო იმ პრობლემებსა და საჭირბოროტო საკითხებს, რომლებიც დღეისათვის დგას მათ წინაშე.


როგორც რუდიკ ცატავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამოქმედებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები, დღემდე  მწვავედ დგას საცხოვრისის პრობლემა. შენობები, რომლებშიც განთავსებული არიან აფხაზეთიდან დევნილები, არის ძველი, ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი, რომლებიც საჭიროებს კაპიტალურ რემონტსა და რეაბილიტაციას.

სოციალური საკითხების გარდა, დევნილი მოსახლეობის წინაშე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ასევე ხარისხიანი და ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების წვდომა, რაც გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, რუდიკ ცატავა ზუგდიდში შეხვდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის წევრებს. ისაუბრეს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, აფხაზეთის ომის ვეტერანთა სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური შეღავათების საკითხებზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის რ.ქობალიას რეკომენდაციები ოპერატიულად წარვუდგინეთ აფხაზეთის მთავრობას და აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას“ - აღნიშნა რ.ცატავამ.

„მინდა სასიამოვნო გაკვირვება გამოვხატო დაბა ჯვარზენის 1 საჯარო  სკოლასთან არსებულ ბავშვთა ანსამბლ „სამასთან“ დაკავშირებით, რომლის წევრებიც არიან აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები და 23 ნოემბერს მიწვეული არიან ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ მათი თბილისში გამგზავრების და კონცერტში მონაწილეობის ხარჯების დაფარვას და ეს იქნება დევნილი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან“ - განაცხადა რუდიკ ცატავამ.














































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions