პრეზიდიუმის სხდომაზე ოკუპირებულ აფხაზეთში კლასგარეშე დისტანციური სწავლების შესახებ იმსჯელეს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას  თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. მუშაობა ონლაინ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

 

დღის წესრიგით განსაზღვრული ანგარიში - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასინქრონული კლასგარეშე დისტაცნიური სწავლების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ წარმოადგინა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ.  პრეზიდიუმის სხდომაზე მოწვეული იყვნენ და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, მარინა შენგელიამ.

 

ნანა კვარაცხელიამ ვრცლად ისაუბრა მისი ინიციატივით ოკუპირებულ ტერიტორიაზე წლების წინ დაწყებული დისტანციური სწავლების მნიშვნელობასა და დადებით მომენტებზე, დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე.  ამასთან, ხაზი გაუსვა  ცალკეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით არსებულ ხელშემშლელ ფაქტორებსაც,  აღნიშნა აგრეთვე უმაღლესი საბჭოსა და მისი თავმჯდომარის მხარდაჭერის როლზე საპილოტე პროექტის წარმატებულად მიმდინარეობის საქმეში. ითქვა, რომ ამ პროექტის უმთავრესი მიზანი, გარდა იმისა რომ გაუადვილონ განათლების მიღების პროცესი  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოზარდ თაობას, სადაც ქართულ ენაზე სწავლება კატეგორიულად აკრძალულია, სადაც ყალბი ისტორიით კვებავენ სკოლებში მოსწავლეებს და გარუსების რეალური საფრთხის წინაშე იმყოფებიან,  არის -  წინ აღუდგეს ოკუპაციის პირობებში მომავალი თაობის ანტიქართულად, ანტისახელმწიფოებრივად აღზრდის პროცესს.

 

განხილვაში მონაწილე პრეზიდიუმის წევრებმა, ცალკეულმა დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, დავით გვაძაბიამ, რუდიკ ცატავამ, მურმან კვარაცხელიამ, აკაკი გასვიანმა მოიწონეს წარმოდგენილი ანგარიში და აღნიშნეს რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასინქრონული კლასგარეშე დისტაცნიური სწავლების უმნიშვნელოვანესი პროექტი  აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეული სტრუქტურისგან მეტ ძალისხმევას და მხარდაჭერას საჭიროებს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, აღნიშნულმა პროექტმა   საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა და შესანიშნავი რეკომენდაციებიც გასცა საქართველოს განათლების, საგარეო თუ იუსტიციის სამინისტროების მისამართით. მისივე თქმით, პროექტის მხარდასაჭერად და მკაფიო წარმატების მისაღწევად სერიოზული ორგანიზაციული საკითხებია მოსაგვარებელი, რაც ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

 

როგორც მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციამ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტი უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენისა და ქართული ღირებულებების განსამტკიცებლად; მისივე განცხადებით, ყველა უწყებამ უნდა იმუშავოს კოორდინირებულად, ურთიერთხელშეწყობით, რათა შედეგი კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის მარინა შენგელიას განცხადებით, სამინისტროში შემუშავებულია კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების საკითხების წინწაწევას, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტის ფართომასშატაბიანად განხორციელებას.

 

საბოლოოდ პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია მიეცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამად ჩამოაყალიბოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასინქრონული კლასგარეშე დისტაცნიური სწავლების მიმართულება.

 



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions