ონლაინ შეხვედრა მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მოსკოვისა და პეტერბურგის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

 

ონლაინ დიალოგში ჩართული ქართველი სტუდენტები ინტერნეტსაზოგადოება „მარიხის“ წევრები არიან. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი აღნიშნული ინტერნეტსაზოგადოების ხელმძღვანელი, სტუდენტი დიმიტრი შუბლაძე იყო. ზუმის მეშვეობით  შეხვედრაში მონაწილეობა ოცმა სტუდენტმა მიიღო. საკმაოდ საინტერესო, გულღია და პოლიტიკური შეკითხვებით დატვირთული საღამო სამ საათს გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ არიან დაბადებული, უმეტესობის ბიოგრაფია აფხაზეთს უკავშირდება, მათი მშობლები აფხაზეთის მკვიდრნი არიან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის მათი  ინტერესი და ის, რომ საკმაოდ კარგად არიან ჩახედული კონფლიქტის ანატომიაში და კვალიფიციური კითხვებითაც გამოირჩეოდნენ. შესაბამისად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ამომწურავი პასუხი გასცა თითოეულ მათგანს.

საუბარი შეეხო ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის სპეციფიკასა და მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  პოლიტიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და  კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას; რუსეთის ღია და სავარაუდო გეგმებს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში; საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჟენევის ფორმატის როლს პრობლემის მოგვარების მრავალწახნაგოვან პროცესში; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სამართლებრივად გამართული და დასაბუთებული საჩივრების მომზადების მიმდინარე სამუშაოებს, საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შესატანად; ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს მცხოვრები მომავალი თაობის, კერძოდ ქართველი ბავშვებისათვის დისტანციური სწავლების მეშვეობით დახმარების გაწევის უკვე წარმატებით განხორციელებულ პროექტებს და ა.შ.

როგორც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ აქვთ სურვილი ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესში. ამასთან დაკავშირებით, ბატონმა ჯემალ გამახარიამ მათ შესთავაზა ჩაერთონ უმაღლეს საბჭოსთან დაგეგმილი ახალგაზრდული პარლამენტის ჩამოყალიბების პროცესში, რაც იქნება წინაპირობა, კონფლიქტის მოგვარების საქმეში ახალგაზრდული წვლილის შესატანად.

საგულისხმო იყო სტუდენტების შეკითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ ესახებათ დეოკუპაციის პროცესი ქართულ პოლიტელიტას, ხელისუფლების მესვეურებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე; საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რა რეალური ბერკეტი მოიაზრება დამატებით, თუკი მათი რეზოლუციები და სანქციები რუსეთისადმი შედეგს ვერ გამოიღებს; იკვეთება თუ არა პოზიტიური რესურსები ქართველებსა და აფხაზებს შორის, ორივე მხარის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობაში და რამდენად უწყობს ამას ხელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება აფხაზი ეროვნების ადამიანებისათვის მკურნალობის უფასოდ გაწევის თაობაზე ან კიდევ პროექტი - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და ა.შ...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა და დაარწმუნა ისინი, რომ „ბევრი რამ, რაც დღეს საეჭვოდ ჩანს, უახლოეს მომავალში სარწმუნო და რეალური გახდება - ისევე როგორც მტკიცე და ძლიერი საბჭოთა კავშირის დაშლა აღმოჩნდა ერთი შეხედვით, დაუჯერებელი, მაგრამ გარდაუვალი ფაქტი. ზუსტად ასევე დამარცხდება ყოველგვარი უკანონობა, უსამართლობა, ძალადობა, ოკუპაცია და მერწმუნეთ, რომ 10-15 წელიწადში თქვენ იხილავთ საქართველოს, როგორც ნამდვილ ევროპულ ქვეყანას!“ - მიმართა შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს ჯემალ გამახარიამ და თავადაც მიესალმა სტუდენტების ინიციატივას -  მომავალი ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ.

მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ და პრესსპიკერმა დალი ჯონჯუამ.

 

 

 


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions