გადავარჩინოთ გადამწვარი აფხაზეთი!

ასეთი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ერთსულოვანი განწყობა პრეზიდიუმის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებებს მიეძღვნა.

 

საკითხის განსახილველად პრეზიდიუმის მუშაობაში მონაწილეობისათვის მოწვეული იყო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორი მინისტრი: ივანე დოლიძე - ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ლევან თევზაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, რომელიც ონლაინ რეჟიმში უძღვებოდა სხდომას, თავდაპირველად აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს სთხოვა მათ ხელთარსებული ინფორმაცია მიეწოდებინათ დეპუტატებისათვის ზარალის ოდენობასა და იმ ღონისძიებებზე, რაც იქ მცხოვრები დაზარალებული ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად შეიძლება გაკეთდეს.

ივანე დოლიძემ და ლევან თევზაიამ ხაზი გაუსვეს რა იმ ფაქტს, რომ ოკუპაციის პირობებში, სამწუხაროდ, არ არსებობს რეგიონზე ეფექტური წვდომის საშუალება, მათ მაინც შეძლეს სხადასხვა არხით და საშუალებით, მეტ-ნაკლები სიზუსტით დაედგინათ ზარალის რეალური ოდენობა. გრძელდება მუშაობა ზიანის სრულყოფილად დასადგენად.

აღინიშნა რომ სერიოზული ზიანი მიადგა ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიურ მდგომარეობას. გადაიწვა გაგრის მსოფლიო მნიშვნელობის გეოგრაფიული არეალი,   უნიკალური ხე-ტყის საფარი, განადგურდა ენდემური ჯიშის ხე-მცენარეები.  მძიმედ იზარალა გალის რაიონის მოსახლეობამ, დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, ბეღლები, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, გადაიწვა 130 ჰექტარი თხილის პლანტაცია, მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ბოძები და ა.შ. ხაზი გაესვა იმასაც, რომ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლება სრულ თანხვედრაში მუშაობს საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციით. აფხაზეთის მთავრობის წევრთა განცხადებით, დაწყებულია ღია ცის ქვეშ დარჩენილთა პირველადი დახმარება.

სიტყვით გამოსულებმა - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამაზ ხუბუამ, მოადგილე დავით გვაძაბიამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  აკაკი გასვიანმა, დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობას”თავმჯდომარე რაისა ქარაიამ ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრისაგან მიყენებული ზიანის შესახებ; ამასთან აღმოჩნდა, რომ მათ თავიანთ მხრივ, საკუთარი ბერკეტებით მოიპოვეს ინფორმაცია სტიქიისაგან შექმნილი ვითარების შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა მთავრობასთან ერთობლივად გააგრძელონ მუშაობა გადამწვარი აფხაზეთის აღსადგენად და გალის რაიონის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლეს საბჭოსთან არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური სოლიდარობისათვის“ სასურსათო პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით გალის რაიონის ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ „გაგრა საქართველოს კარიბჭეა, აფხაზეთის ხიბლი და წალკოტი და მისი გადამწვარი იშვიათი ლანდშაფტი ყველა ქართველის, აფხაზეთის თითოეული მკვიდრის  უდიდესი გულისტკივილია. ფერფლიდან მის აღდგენაში ჩვენი მონაწილეობა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს გაუნელებელ სიყვარულს და განუყოფლობას მშობლიურ აფხაზეთთან“.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საერთო განცხადებით მიმართონ ქართულ ბიზნესსექტორს მხარდაჭერისათვის, რათა აფხაზეთის მთავრობასთან შეიქმნას სპეციალური ფონდი გადამწვარი გაგრისა და დანარჩენი აფხაზეთის გადასარჩენად. პრეზიდიუმის მონაწილეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას. ვინაიდან, ხანძრის მიერ აფხაზეთისათვის მიყენებული ზარალის მასშტაბები სოლიდურ სახსრებს საჭიროებს, როგორც ფულადს, ასევე მატერიალურს - სამშენებლო მასალებს, იშვიათი ჯიშის  ნარგავებს გაგრისთვის, თხილის ნერგებს გადამწვარი სავარგულების ხელახლა გასაშენებლად; ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჟეტი კი ამას, ცხადია, ვეღარ გასწვდება.

პრეზიდიუმის სხდომაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ იმ მძიმე დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ზურგი აქცია რუსეთის მხარემ და არავითარი დახმარება არ გაუწია ხანძრის ჩაქრობაში; სწორედ ამან გააჩინა კიდეც ეჭვი, ხანძარი სტიქიური მოვლენა იყო თუ მავანის მიზანმიმართული გეგმის ნაწილი! დასანანია, რომ ამ ვითარებაში სეპარატისტულმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას უარი უთხრა შეთავაზებულ დახმარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და მთავრობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება - პროცესში ჩართვა თხოვონ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე საკითხი გაიტანონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაზე. დეპუტატების განცხადებით, ამ გზით ისინი შეძლებენ აირიდონ კიდევ ერთი გაუმართლებელი წინააღმდეგობა  ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მხრიდან. ეს კი შესაძლებელს გახდის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი სახელისუფლო სტრუქტურების დახმარების ერთსულოვან სურვილს - საკუთარი წვლილი შევიტანოთ საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის, გაგრის, გალის  აღდგენასა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების უმნიშვნელოვანეს საქმეში.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions