აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ საგაზაფხულო სესია, რომელიც ნაწილობრივ ონ ლაინ რეჟიმში წარიმართა, გახსნილად გამოაცხადა. სხდომა ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. საგაზაფხულო სესიის გახსნაზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მოადგილე ანზორ მარგიანი, მედიის წარმომადგენლები.

 

უმაღლესი საბჭოს სპიკერატმა  საგაზაფხულო სესიის გახსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ახალი სხდომათა დარბაზის პრეზენტაციას დაამთხვია.

 

დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე(მოხსენების სრული ტექსტი იხილეთ აქ). ჯემალ გამახარიამ ამომწურავად ისაუბრა 2020 წლის საშემოდგომო სასესიო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან თავდაპირველად ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო, დროის ეს მონაკვეთი იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ უმაღლესმა საბჭომ, მისმა აპარატმა საკმაოდ გამართულად და ეფექტიანად იფუნქციონირეს. მუშაობა დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში განაგრძეს, რომელიც გასული წლის საგაზაფხულო სასესიო პერიოდში ქვეყანაში პირველებმა უმაღლეს საბჭოში დანერგეს და რეგლამენტითაც დააკანონეს.

 

2020 წლის სექტემბრიდან დღემდე ჩატარებულია 11 პლენარული სხდომა და პრეზიდიუმის 18 სხდომა. განიხილეს სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალური, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები. საშემოდგომო სასესიო პერიოდის განმავლობაში, რეგლამენტის მოთხოვნების სრული დაცვით, ფუნქციონირებდნენ კომიტეტებიც და ფრაქციებიც.

 

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა კორონავირუსული პანდემიის პირობებში უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩებოდა როგორც დეპუტატებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ისე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სამთავრობო ღონისძიებებში მონაწილეობა, ასევე საკუთარი ინიციატივით ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დევნილთა მოწყვლადი ჯგუფებისათვის. შესაძლებლობის ფარგლებში უყურადღებოდ არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი დარჩენიათ. დაასახელა აფხაზეთიდან გადმოყვანილი დაავადებული ადამიანების რაოდენობა უშუალოდ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით. ხაზი გაუსვა, რომ მარტო განვლილ სასესიო პერიოდში, უმაღლეს საბჭოში შექმნილი ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“მეშვეობით, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა უდიდესი უმრავლესობის მიერ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან გაღებული სახსრებით, ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტებით 689 ოჯახს ანუ 3100 ადამიანს გაეწია; მთლიანობაში კი 2020 წლის მარტიდან უმაღლესი საბჭოს მიერ ჰუმანიტარული დახმარება აღმოჩენილია 1113 ოჯახისთვის ანუ 5008 ადამიანისთვის. მათ შორის იყვნენ და არიან სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვეტერანები, ასევე სხვა კატეგორიის ადამიანები. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების აქციები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ჯემალ გამახარიას განმარტებით, უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო და არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიური ვითარების ანალიზი, იქ მიმდინარე პროცესების შეფასება და მათზე ადექვატური რეაგირება. ის შეეხო 2014 წლის 24 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებულ ე. წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“; 2020 წლის 12 ნოემბერს ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბის მიერ ხელმოწერილ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების 45 პუნქტიან „პროგრამას“. ჯემალ გამახარიას განცხადებით, „ანექსიის საფრთხის არსებობის შესახებ უმაღლესი საბჭო წლებია საუბრობს. სამ წელიწადზე (2021-2023) გათვლილი საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამა“, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციის ანუ მისი ანექსიის გეგმას“.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 12 ნოემბრის ხელშეკრულების საფრთხეების მიმოხილვისას ყურადღება გაამხვილა ამ პროგრამის იმ მუხლზე, რომელიც, რუსეთსა აფხაზეთს შორის მიმდინარე წელსვე ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას „აკანონებს“, რაც ითვალისწინებს რუსების მიერ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მიღებას ზუსტად ისევე, როგორც აფხაზები იღებენ რუსეთის მოქალაქეობას. ჯ.გამახარიას განმარტებით, „სულ რამდენიმე წელიწადში დემოგრაფიული ვითარება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების მომხრეთა სასარგებლოდ შეიცვლება, მათ ხელში აღმოჩნდება დღეისათვის „უპატრონოდ“ დარჩენილი უძრავი ქონება ანუ ყოველივე ის, რაც ჩვენ, დევნილებმა, იქ დავტოვეთ (მოგეხსენებათ, დე-ფაქტო კანონმდებლობით, ჩვენს ქონებას „უპატრონო“ ქონების სტატუსი აქვს მინიჭებული). სწორედ ამ ქონების ხელში ჩაგდება წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ მიზანს. ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შემთხვევაში პრორუსული ძალები არა მხოლოდ ქონებას დაეუფლებიან, არამედ ძალაუფლებასაც მოიპოვებენ, მათი დომინირებით ჩატარდება დე-ფაქტო არჩევნები და ა.შ.“

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეეხო 2021 წლის 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ და დასძინა, „დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალი განჩინებით, კიდევ უფრო დამძიმდება რუსეთის მდგომარეობა. ყოველივე ამით კრემლის წინაშე აღიმართება სერიოზული სამართლებრივი ბარიერი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის გზაზე; უფრო მეტიც, სტრასბურგის, მომავალში კი ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები გახდება საფუძველი დეოკუპაციის სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურებისთვის, დეოკუპაციის პროცესის დაჩქარებისთვის და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის.“

 

ჯ.გამახარია შეეხო აგრეთვე უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ პროექტს, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევის, ასევე ქონებრივი საკითხების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას ითვალისწინებს.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა, იყო და რჩება უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. მან აქცენტები გააკეთა ჯანდაცვის პროგრამების აქტუალობაზე, აგრეთვე სახელმწიფო პროგრამების -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, „აწარმოე საქართველოში“ „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ სრულად ამოქმედებისა და მასში დევნილი საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

 

უმაღლესი საბჭოს, უპირველესი მოვალეობა საკანონმდებლო საქმიანობაა. საშემოდგომო სასესიო პერიოდში დამტკიცდა ცვლილებები აფხაზეთის კანონში ნორმატიული აქტების შესახებ, კანონი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ; მომზადდა ცვლილებების პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სხვადასხვა ფორმით ხელყოფისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს; გასული წლის ივნისში საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება.

 

საგაზაფხულო სასესიო პერიოდში გაგრძელდება საქართველოს პარლამენტში კიდევ სხვა საკანომდებლო ინიციატივების წარდგენა, რომელთა მიზანი იქნება დევნილთა სოციალური და ქონებრივი უფლებების დაცვა. უკვე მზად არის წინადადება და ამ დღეებში დაიწყება მუშაობა ცვლილებებზე საქართველოს კანონში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ. დევნილთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატოვებული ქონების დასაცვად საჭიროა საჯარო რეესტრში დევნილთა საკუთრების რეგისტრაციის დაშვება. დასაჩქარებელია აგრეთვე რესტიტუციის კანონის მიღება.

 

ჯემალ გამახარია შეეხო აგრეთვე რუსეთის მიერ აფხაზეთში დაგეგმილ.წ. „საინვესტიციო“ ანუ ანექსიონისტურ პროექტებს და მათ საპირწონედ უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ საკანონმდებლო აქტივობებზე იმსჯელა.

 

დასასრულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლიერებით მოიხსენია როგორც კოლეგა დეპუტატები, ასევე აპარატის თითოეული თანამშრომელი, რომლებიც წინა სასესიო პერიოდის განმავლობაში გამოირჩეოდნენ ნაყოფიერი მუშაობით და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით.

 

საგაზახფულო სესიას მიესალმა და წარმატებული კანონშემოქმედებითი მუშაობა უსურვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ. მან ხაზი გაუსვა კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ფუნქციათა გამიჯვნის მნიშვნელობას.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, დღესვე ტრადიციულად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს თორმეტი გამოკლებული კოლეგის – მიხეილ ჯინჭარაძის, თამაზ ნადარეიშვილის, გერმანე ფაცაციას, გენო კალანდიას, კიმ ჯაჭვლიანის, ოთარ ზუხბაიას, რენალდ დგებუაძის, გივი ლომინაძის, მალხაზ ბარამიძის, არნოლდ ფენდერავას, ალექსანდრე ჯიქიას, თემურ გოგოხიას ხსოვნას; საბურთალოს ამაღლების სახელობის ეკლესიაში მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

 

 


აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნა - 02.02.2021

https://www.youtube.com/watch?v=76pmfX6-fD8



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions