საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე


დღეს, 2021 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ. საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პროფესორი მინდია უგრეხელიძე, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

 

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებული პირველი ძირითადი კანონის - თავის დროზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და სრულყოფილი კონსტიტუციის ისტორიულ - სამართლებრივ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება და ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.

 

საიუბილეო საზეიმო სხდომას პარლამენტის წევრებთან, საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელები ბატონები რუსლან აბაშიძე და ჯემალ გამახარია. ჩვენთან საუბარში ბატონმა ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია იმითაც არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რომ მასში პირველად ისტორიაში დადასტურებულია აფხაზეთის ავტონომიური უფლებები. კონსტიტუციის 107-ე მუხლში ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი) ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“. იქვე 108-ე მუხლი აზუსტებდა: „წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით“.

 

დამფუძნებელ კრებას უკვე ჰქონდა შემუშავებული „დებულება ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ“. მასში ვკითხულობთ: „აფხაზეთი მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე და შავი ზღვის ნაპირებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად განაგებს თავის საშინაო საქმეებს“.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, „საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ შემდეგი ანექსიით ჩაშალა საქართველოს პირველი კონსტიტუციისა და ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ დებულების ამოქმედება. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ რა წარსულს, ჩვენი ვალია ვიფიქროთ და ვიზრუნოთ აწმყოზე, განსაკუთრებით მომავალზე - დღეს კვლავაც ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%-ის, მათ შორის აფხაზეთის დეოკუპაციაზე, საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში მის დაბრუნებაზე, ახალი რეალიების გათვალისწინებით, ისეთი სამართლებრივი ბერკეტების შექმნაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე აფხაზეთის სრულფასოვან ავტონომიურ მმართველობას“.


Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions