მორიგი დაჯილდოება უმაღლეს საბჭოში

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მურმან მალაზონია და რამაზ გამისონია მოიწვიეს.

 

სტუმრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობის სიგელით დააჯილდოვა. დეპუტატებმა თამაზ ხუბუამ, დავით გვაძაბიამ, რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, ანზორ წოწონავამ, თემურ მჟავიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ პატივისცემით ისაუბრეს იმ ღვაწლზე, რის გამოც უმაღლეს საბჭოში მიიღეს გადაწყვეტილება მურმან მალაზონიას და რამაზ გამისონიას უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე არა ერთხელ აღინიშნა და მადლობის სიგელშიც ხაზგასმულია, ამ ადამიანებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კოვიდ პანდემიის პერიოდში  ჩვენი თანამემამულეების სოციალური დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის და მათ მიერ გამოჩენილი პირადი აქტივობისათვის დაიმსახურეს უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობის ყურადღება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას განმარტებით, განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მურმან მალაზონიამ და რამაზ გამისონიამ კოვიდ 19-ის გავრცელების ყველაზე რთულ პერიოდში გამოიჩინეს საჭირო ოპერატიულობა და ინიციატივა. ოკუპირებულ აფხაზეთში მედიკამენტებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების უკიდურესი დეფიციტის გამო, მათ გაავრცელეს განცხადება, რომ პირადი კონტაქტების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნათესავებისა და ახლობლებისაგან მიწოდებული მსგავსი ამანათების შეგზავნას.

საგულისხმოა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 30 ათასამდე ასეთი გზავნილი მიეწოდათ ენგურსგაღმა როგორც გალის რაიონში, ასევე სოხუმში, გაგრასა თუ გუდაუთაში მცხოვრებთ; მათ შორის იყვნენ როგორც ქართველები, ასევე აფხაზები, სომხები და სხვები.

































































































































 

























Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions