ჯემალ გამახარია აფხაზეთის ტაძრებში ღმრთისმსახურების შეწყვეტას მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას უკავშირებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ტაძრებში თვითმარქვია აპლიას მიერ ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

 

როგორც ჯემალ გამახარიას განცხადებაშია ნათქვამი, „აფხაზეთის თვითმარქვია „მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიის“ თვითმარქვია მმართველმა ბესარიონ აპლიამ რუსეთიდან (მოსკოვიდან, მაიკოპიდან, და კრასნოდარიდან) დაბრუნების შემდეგ, ამა წლის 19 თებერვალს გააკეთა ბუნდოვანი განცხადება აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე ტაძრებში ღმრთისმსახურების დროებით შეწყვეტის შესახებ. ის იმედოვნებს, რომ სტატუსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო მიიღებს. სამწუხაროდ, კანონიკური ღმრთისმსახურება აფხაზეთის ტაძრებში 1993 წლიდან ისედაც იყო შეწყვეტილი, მრევლის თითქმის 90 პროცენტი კი დევნილია. რაც შეეხება აფხაზეთის არარსებული ეკლესიის სტატუსის დადგენის უფლებას, აპლიას მიაჩნია, რომ ასეთი უფლება რუსული ეკლესიის საპატრიარქოს გააჩნია, რადგანაც მას აღუდგენია თურმე კავკასიაში მართლმადიდებლური სარწმუნოება, ხოლო პატრიარქ ტიხონს 1918 წელს აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია უღიარებია. ვინც მსგავს „სიბრძნეებს“ აფრქვევს, ვთხოვთ წარმოადგინონ შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი პატრიარქ ტიხონის ან სხვა ვინმეს მიერ ოდესმე აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ. ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, რუსეთის ეკლესიას არა აქვს ე. წ. აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის დადგენის უფლება.

 

ამჯერად უფრო მნიშვნელოვანია გავერკვეთ ბესარიონ აპლიას მოთხოვნის არსში, საინტერესოა რა კურთხევა-დავალება მიიღო მან მოსკოვში, კონკრეტულად რას მოითხოვს ეს ადამიანი? როგორც ვხედავთ, აპლიას მოთხოვნა ამჯერად საკმაოდ „მოკრძალებულია“ - ის მოითხოვს არა „ავტოკეფალიის“ აღიარებას, არამედ რაღაც გაუგებარი, დაუზუსტებელი სტატუსის განსაზღვრას. აპლიას განცხადებასთან დაკავშირებით აფხაზეთში, ასევე მოსკოვში გაკეთებული კომენტარები გვაფიქრებინებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს 2020 წლის 12 ნოემბერს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი ე. წ. პროგრამის (რომლის მიზანია რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია) რელიგიის სფეროზეც გავრცელების, უფრო კონკრეტულად კი აფხაზეთის რუსეთის ეკლესიის მმართველობის ქვეშ დროებით გადაცემის თაობაზე მოსკოვის ძველი წინადადების რეანიმაციის მცდელობასთან.

 

დარწმუნებული ვართ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, წმინდა სინოდი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბოლომდე გაერკვევიან შექმნილ ვითარებაში და მიიღებენ ადექვატურ გადაწყვეტილებას“- იმედოვნებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions