გილოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს

19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ეს არის დღე, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება მთელი სისავსით გაცხადდა და მან მოციქულთა თვალწინ ფერი იცვალა.

 

სახარების თანახმად, ამ დღეს, ანუ იესოს წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მაცხოვარმა სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე წაიყვანა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესომ მათ თვალწინ  ფერი იცვალა. ფერისცვალებისას მისგან ისეთი ნათელი გადმოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს უფალს მარჯვნივ და მარცხნივ ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, რომლებიც ესაუბრებოდნენ იმ საშინელ წამებასა და სიკვდილზე, ადამიანთა ცოდვების მისატევებლად, ქრისტეს რომ ელოდა. ზეციდან კი ამ დროს მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ იესო მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულები გააფრთხილა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. მორწმუნე მამათა განმარტებით, „უფალმა მხოლოდ წამიერად გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე, რომელსაც ადამიანებზე ზრუნვის გამო მალავდა და ჩვეულებრივი მოკვდავივით დადიოდა მათ შორის. სხვაგვარად მას ადამიანები თვალს ვერ გაუსწორებდნენ, ვერ შეხედავდნენ. წამიერი ფერისცვალებით მაცხოვარმა მიანიშნა კიდეც მოწაფეებს, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ყველა ქრისტიანი.''.

 

ცნობილია, რომ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილი იკურთხება, ოჯახებში კი  ხილის სუფრები იშლება. ხილის შეწირვის ტრადიცია, სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს, მადლობის ნიშნად, უფალს სწირავდნენ. ეს კეთილი ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. მრევლს ტაძარში მიაქვს ხილი და ეკლესიას სწირავს. კურთხევის შემდეგ, სიმბოლურად, სურვილისამებრ, ოჯახშიც მიაქვთ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველა თანამემამულეს, უპირველესად მაინც ენგურსგაღმა თუ გამოღმა, ემიგრაციაში მცხოვრებ აფხაზეთის ყველა მკვიდრს; უამრავ კეთილ სურვილთაგან ამ ეტაპზე უმთავრესს - ჯანმრთელობას, უვერაგესი კორონა ვირუსის დამარცხებას, მშვიდობიან ცხოვრებას და მომავალი  დღესასწაულების  დეოკუპირებულ, ფერშეცვლილ, გაერთიანებულ საქართველოში აღნიშვნას გისურვებთ ურთიერთმიტევებითა და  ნდობის აღდგენით შემოერთებულ აფხაზ და ოს თანამოძმეებთან ერთად!

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions