აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით (2008 წლის 26 აგვისტო) რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები. ფიქტიური დამოუკიდებლობის მინიჭებით, მოსკოვმა სინამდვილეში მოახდინა ორივე ქართული რეგიონის ოკუპაცია. ამჟამად კი სრულიად აშკარად მიმდინარეობს ამ ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პროცესი. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო და არის 26 აგვისტოს უკანონო აქტის საბოლოო და უმთავრესი მიზანი. მოსკოვი ყოველდღე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება დასახულ მიზანს. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, მიზეზთა გამო, დროულად არ მოახდინა სათანადო რეგირება რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, საერთაშორისო წესრიგის უხეშ დარღვევაზე. დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი კრემლი დღეს ზუსტად იგივე მეთოდებით იგივე დანაშაულს სჩადის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ; უფრო მეტიც, ემუქრება და ბირთვულ შანტაჟს უწყობს ცივილიზებულ კაცობრიობას.
ვგმობთ რა რუსეთის ნეოფაშისტურ, ანექსიონისტურ პოლიტიკას, იმედს გამოვთქვამთ, რომ კოლექტიური დასავლეთი, პირველ რიგში, საკუთარი გრძელვადიანი და ფუნდამენტური სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მტკიცედ და ერთიანი ფრონტით აღუდგება წინ მოსკოვის იმპერიალისტურ მისწრაფებებს, ეთნიკური წმენდისა და გენოციდის კრემლისეულ პოლიტიკას, არ დაუშვებს რუსეთის მიერ გაჩაღებული უსამართლო, დაპყრობითი ომების შედეგად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა - საქართველოსა და უკრაინის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების რღვევას.