,,უკვე დაიწყო მუშაობა უკრაინის ომში აფხაზეთის მოსახლეობის გასაგზავნად, აფხაზი ვალდებული იქნება, წავიდეს ამ ომში”- ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტ მთავარში”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2014 წელს დაიდო ხელშეკრულება ,,თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”, რომლის თანახმადაც, ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას.

 

ჯემალ გამახარიას თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზები ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ომში და მხარში ამოუდგნენ ”სტრატეგიულ მოკავშირეს”.

,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის არის დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა ნიშნავს მეორე მხარეზე თავდასხმას. როდესაც ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოლქის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას და იტყვის, რომ უკრაინელები რუსულ ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს და ხერსონს ბომბავენ, იმ წუთიდან აფხაზები ვალდებულები არიან მონაწილეობა მიიღონ ომში და მხარში ამოუდგნენ ”სტრატეგიულ მოკავშირეს”,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ  „მედიაცენტრ მთავარში“.

ჯემალ გამახარიას განცხადებით, უკვე  დაწყებულია მუშაობა უკრაინის ომში აფხაზეთის მოსახლეობის გასაგზავნად.

,,უკვე დაიწყო მუშაობა უკრაინის ომში აფხაზეთის მოსახლეობის გასაგზავნად. გუშინ ასლან ბჟანიამ ჩაატარა დიდი  თათბირი ე.წ. მთავრობის წევრებთან მობილიზაციის თაობაზე. მათ უკვე შექმნილი აქვთ სამობილიზაციო მზადყოფნის გაუმჯობესების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი. ყველაფერი აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ როგორც კი რუსეთი იტყვის, აფხაზი ვალდებულია ჩაერთოს ომში. ეს დიდ უკმაყოფილებას იწვევს აფხაზეთში. გუშინ აფხაზეთში დონეცკიდან დაბრუნდა ტერორისტი ავიძბა თავისი ბატალიონის წევრებთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ არა თუ აფხაზეთის მოსახლეობას, არამედ ვინც იქ იბრძოდა იმათაც არ სურთ ომში მონაწილეობა, რადგან ხედავენ ეს არის განაღდებული სიკვდილი უკრაინის მიწაზე. არავის უნდა სიკვდილი რუსეთის დამპყრობლური, ანექსიონისტური მიზნებისთვის,”- აღნიშნა ჯემალ გამახარიამ  „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/161892/

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში - 30.09.2022

https://youtu.be/MV5lVHKiFgo



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions