აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

 

13 მარტს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება 2023 წელს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.


სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია, მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი გაბედავა, მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე - პოლიტიკური მიმართულება, ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაცია,  ქვეყნის ინტერესების მხარდამჭერი და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები, ადამიანის უფლებები და დევნილთა ინტერესები, ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა,  ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა, სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.

რუსლან აბაშიძემ ისაუბრა მთავრობის აღმასრულებელი უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ზემოხსენებული მიმართულებებით, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის გაწეული ჯანდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის დახმარების შესახებ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა საკანონმდებლო ორგანოს წევრთა შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, მთავრობის პოლიტიკას კულტურისა და სპორტის მიმართულებით, ბიუჯეტის დაგეგმვას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენაზე განათლების აკრძალვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და სხვა.

გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია. აქტუალური საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ  ნუგზარ მგალობლიშვილმა, მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ,  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, დეპუტატებმა რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მთავრობის მიღწევებს, ასევე გამოთქვეს კრიტიკული  შენიშვნები.

რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს წევრებს და დადებითად შეაფასა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის განვითარების დინამიკა, იმედი გამოთქვა დასახული მიზნების შესრულებისა.

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა რუსლან აბაშიძეს წარმოდგენილი მოხსენებისთვის, ამასთან დადებითად შეაფასა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა. გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და იქვე დასძინა, რომ უმაღლესი საბჭო მთავრობასთან ერთად იზიარებს ამ პასუხისმგებლობას. მან აღნიშნა, რომ პრიორიტეტები არის სწორად განსაღვრული, მაგრამ ყველა პრობლემის მოგვარება ბიუჯეტის სიმცირიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი, თუმცა აშკარაა წინსვლა. „სწორი მიმართულებით მივდივართ და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სიარული უფრო მძლავრი ნაბიჯებით.“-აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

















Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions