ჯემალ გამახარია: “31 მარტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებისა და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა“

1991 წლის 31 მარტი ასოცირდება საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დიდ პოლიტიკურ გამარჯვებასთან, მათ შორის აფხაზეთშიც. ამ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი - საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე, რომელშიც ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მონაწილეთა 98,9 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთმაც; აფხაზეთის მოსახლეობის 61,27% გავიდა რეფერენდუმზე და საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა მონაწილეთა 97,73%-მა. ასეთი შედეგი დადგა იმ პირობებში, როდესაც პროსაბჭოური სეპარატისტული ორგანიზაციები ე.წ. ბლოკი „სოიუზი“, აფსუური „აიდგილარა“ რუსული „სლავიანსკი დომ“ და სომხური „კრუნკი“ ბოიკოტს უცხადებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს და ამისკენ მოუწოდებდნენ აფხაზეთის მთელს მოსახლეობას.

 

აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ისტორიული დოკუმენტი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

გარემოებათა გამო, რეფერენდუმის დღე, 31 მარტი, შემთხვევით, მაგრამ სავსებით კანონზომიერადაც ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაემთხვა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი 85 წლის გახდებოდა. განსაკუთრებული პატივით უნდა მოვიხსენიო თავდადებული მამულიშვილი, უპირველესად იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც მან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის გასწია.

სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იგი დევნილობაში იმყოფებოდა. 1993 წლის დეკემბერში კი ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, გილოცავთ წარმატებული საერთო-სახალხო რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია


2024 წლის 31 მარტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions