უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები ჩატარდა

1 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა განიხილეს მ/წ 24 აპრილს ქ. ზუგდიდში უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტის შედეგებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შესახებ საკითხები.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ნანა კვარაცხელიამ წარმოადგინა მოკლე ინფორმაცია აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლაში განხორცილებული ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, სკოლის ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადაეცა, მათ შორის საბავშვო, საყმაწვილო, სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურა. აღინიშნა, რომ აქციის მიზანს წარმოადგენდა სკოლის წიგნადი ფონდის განახლება და განათლების ხელშეწყობა.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ელგუჯა გვაზავამ.

ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ძირითადი მოხსენება წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რაულ წულაიამ. მისი განცხადებით ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეული იყო: საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსის მიღებით, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვარიდან და რომლის თანახმად, ახლებურად განისაზღვრა მოქალაქეთა აღრიცხვის, წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების საკითხი. გაუქმნდა ტერიტორიულ ორგანიებში წვევანდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურები, რომლებიც უშუალოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეუერთდნენ; ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 21 მარტის #34 განკარგულებით, რომლის თანახმად, სსიპ აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მართვაში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სამედიცინო ტიპის საწარმოების აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ მართვის უფლების გადაცემით; აფხაზეთის მთავრობის 2024 წლის 31 იანვრის #1 საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად, გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების გაწევით და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამებისა და ქვეპროგრამების გაერთიანებით.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებს 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა. მისი განცხადებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი არ იცვლება და იგი შეადგენს 30 691 500 ლარს, როგორც დამტკიცებული ბიუჯეტი, ისე ცვლილებების ნაწილში. ამასთან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს უფრო დეტალურ, სათანადო არგუმენტირებულად შედგენილ დასაბუთებას კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური გათვლებით და მიზნობრივი ჯგუფების მითითებით, და იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ძირითადად უნდა იყოს მიმართული აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე, რომელიც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია განსახლებული. ნოე ქაშიბაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საფინანსო პარამეტრებში ასიგნებების მაჩვენებლების მატების შემთხვევაში მეტი დასაბუთების აუცილებლობაზეც.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა წარმოადგინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. ისაუბრა რა ბიუჯეტის გარკვეულ პარამეტრებზე, შეეხო პროგრამული დაფინანსების ზრდას, რიგი პროექტების განხორციელებას და მიღებულ შედეგებს. მისი განმარტებით, ზრდა ფიქსირდება რესპუბლიკური ბიუჯეტის ისეთ მუხლებში, როგორიცაა საქონელი და მომსახურება, სუბსიდიები, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა. დაიკლო ასიგნებებმა შრომის ანაზღაურების ნაწილში, უცვლელი დარჩა მუხლი - გრანტები. წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პრაქტიკული ღონისძიებებისათვის ბიუჯეტში ცვლილებები და შესაბამისი ფინანსური რესურსების გამოყოფა ხდება არა დამატებითი შემოსავლების ხარჯზე, არამედ შიდა რეგულაციების შედეგად.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე.

სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.






































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions