14 აგვისტო - საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი

აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული ომის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მემორიალთან.

 

ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გაავრცელა მიმართვა დევნილი თანამემამულეებისადმი.

 

ძვირფასო   თანამემამულენო!


დღეს შესრულდა 25 წელი აფხაზეთში რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებებიდან, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ადამიანური ტრაგედია - 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ათასობით რჩეულმა ვაჟკაცმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე, დაინვალიდდა ათასობით ადამიანი.

გასულმა 25 წელმა აჩვენა ჩვენი თანამემამულეების გაუტეხელი სული, ჭირთა ღირსეულად თმენის და სირთულეების დაძლევის მისაბაძი მაგალითები, საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების დაუოკებელი ჟინი,  მაღალი პოლიტიკური კულტურა.

ჩვენ ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპულთა წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს ერთიანობისათვის შეწირულ ვაჟკაცთა ოჯახებს, შვილდაღუპულ მშობლებს, ქვრივებს, ობლებს.

გვჯერა და გვწამს, რომ სამშობლოსთვის დაღვრილი სისხლი და შეწირული სულები თითოეული ჩვენგანისთვის არის სწორედ ის უმთავრესი მოწოდება, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს - დაგვაბრუნებს მშობლიურ სახლ-კარში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

Print
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions