ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სია

შესავალი

 

აფხაზეთში ომის შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა რეგიონის მოსახლეობისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. ორივე მხრიდან ათეულ ათასობით დაღუპულის გარდა, ავტონომიური რესპუბლიკა დატოვა მისი კანონიერი მოსახლეობის სამმა მეოთხედმა. დევნილებად იქცა თითქმის 300 ათასი ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი, ათასობით ბერძენი, ესტონელი, უკრაინელი, ებრაელი, რუსების ნაწილი და ა.შ. ომამდელი 535 ათასი მოსახლიდან (მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები 1992 წლის იანვრისთვის) 1997 წლისთვის აფხაზეთში 145 986 ადამიანი დარჩა (შემდგომში ეს მონაცემები საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა სეპარატისტების ოფიციალური სტატისტიკა ასახელებს აშკარად არარეალურ ციფრს - 240 705 კაცს, რომელთა შორის აფხაზურ ეროვნებას ვითომ 122 690 კაცი მიეკუთვნება); ამრიგად, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 388 075 კაცით – 72,7 პროცენტით, ანუ 3,7 ჯერ შემცირდა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებზე მეტად ქართული მოსახლეობა დაზარალდა. 1992წ. 1 იანვრისთვის მისი რაოდენობა 244 872 კაცს (მონაცემები აშკარად შემცირებულია) შეადგენდა, ეთნოწმენდის შემდეგ, 1997 წლისთვის – 43 442 კაცს. ამრიგად, ეთნიკური ქართველების რაოდენობა სულ ცოტა 201 430 კაცით – 82,2% ანუ 5,64 – ჯერ შემცირდა. აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ელემენტარული უფლებები არ გააჩნია და საქართველოსთან შემოერთებას უჭერს მხარს. იმავე პერიოდში ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 94 767 კაციდან 53 993 კაცამდე შემცირდა. აფხაზეთში ცხოვრობენ ასევე საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური და რუსული თემები. საერთო ჯამში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის რაოდენობა იქ დარჩენილებს 3,5-ჯერ აღემატება. ამიტომ ეუთომ რუსეთის მონაწილეობით სამჯერ აღიარა და დაგმო აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდა (1994წლის 6 დეკემბერს ბუდაპეშტში, 1996წ. 3 დეკემბერს ლისაბონში და 1999 წლის 17-18 ნოემბერს სტამბულში).

 

მოტანილი მშრალი სტატისტიკური მონაცემები და ეუთოს ზოგადი ხასიათის რეზოლუციები მიახლოებითაც ვერ ასახავენ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბებს, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და წამების გაუგონარ მეთოდებს, არნახულ სისასტიკეს. ამის შესახებ მოგვითხრობენ ქვემოთმოტანილი კონკრეტული ფაქტები. მსგავსი რამ არ ახსოვს თვით ლენინურ-ტროცკისტულ-სტალინური და ჰიტლერული საკონცენტრაციო ბანაკების მოწმე XX საუკუნეს. ამ ფაქტების ანალოგები შუასაუკუნეებში და უფრო შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.

 

მოტანილი მასალების მიხედვით, ათასობით ადამიანს წამების გარეშე დახვრეტა სანატრელი გაუხადეს. ძალიან ხშირად სეპარატისტები და ოკუპანტები თავიანთ მსხვერპლს ორმოს ამოთხრას აიძულებდნენ და მერე მასში ცოცხლად მარხავდნენ. ცნობილია ცალკეული ადამიანების, მთელი ოჯახების, ზოგჯერ ადამიანთა დიდი ჯგუფის ამა თუ იმ შენობაში, მათ შორის საკუთარ სახლებში ჩაკეტვისა და ცოცხლად დაწვის მრავალი შემთხვევა. უამრავია აგრეთვე როგორც ცოცხალი ადამიანებისთვის, ისე დახოცილებისთვის ბენზინის გადასხმისა და დაწვის მაგალითები. ეტყობა, ოკუპანტებს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა დახვრეტის წინ უმწეო ადამიანების სასტიკად წამება - ხელებისა და ფეხების, აგრეთვე ცხვირის, ყურების, ენის, სასქესო ორგანოების მოჭრა, დაკოდვა, თვალების დათხრა, ფრჩხილებისა და კბილების მოძრობა. მრავალი მაგალითია ცნობილი, როდესაც ტყვე-მამაკაცებს ჯერ აყურებინებდნენ, თუ როგორ აუპატიურებდნენ მათ დედებს, მეუღლეებს, ქალიშვილებს, დებს, მერე ყველას ერთად ფიზიკურად ანადგურებდნენ. არც თუ ისე იშვიათი იყო შემთხვევები, როცა მოძალადეები დახვრეტილი ადამიანების დასაფლავების საშუალებას არ აძლევდნენ მათ ახლობლებს, რათა გვამები ძაღლებისა და ღორების საჯიჯგნი გამხდარიყვნენ. 1992 წლის სექტემბერში სოფ. ბზიფში (გაგრის რ-ნი) მოკლული გიორგი აბრამიშვილის ხორცის ნაჭრები ჯერ დაამარილეს, მერე მისსავე ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს. 1993 წლის 10 ოქტომბერს სოფ. ზემო კელასურის (სოხუმის რ-ნი) მკვიდრს იროდიონ ფიფიას გული ამოაჭრეს და ძაღლებს მიუგდეს. ხშირი იყო ამ XX-XXI საუკუნეების კაციჭამიების მიერ მსხვერპლის სხეულის დანაწევრების, ადამიანთა მოკვეთილი თავებით ბურთის თამაშის, ან ამ თავების თვალსაჩინო ადგილას სარებზე ჩამოცმის ფაქტები. ეთნიკური წმენდისა და გენოციდის საკმაოდ გავრცელებული ფორმები იყო ადამიანების ხეებზე ან ელექტრობოძებზე ჩამოკიდება, აგრეთვე საკუთარი ეზოს ჭაში ჩახრჩობა. ამით ისინი ორ მიზანს აღწევდნენ: კონკრეტული ადამიანის წამებას, მის ფიზიკურ განადგურებას და საარსებო წყლის ხშირად ერთად-ერთი წყაროს - ჭის სამუდამოდ გაფუჭებას.

 

ოკუპანტები და სეპარატისტები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ ქალებს, მათ შორის ორსულებს. გაუპატიურება (მათ შორის კოლექტიური), აუცილებლად მკერდისა და სხეულის სხვა ნაწილის მოჭრა, თვალების დათხრა, ორსულებისთვის მუცლის გამოფატვრა, ბოლოს კი ცოცხლად დაწვა ან დახვრეტა იყო მოძალადეთა ხელში ჩავარდნილი ქალების დიდი ნაწილის ხვედრი. არც ბავშვებს ჰქონდათ რაიმე შეღავათი. მათ მშობლებთან ერთად ხოცავდნენ. აფხაზეთის ტრაგედიის თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი მიხეილ აიდიონოვი ერთ-ერთ თავის წერილში (იხ.: Век, №40, 1993) გვამცნობს ასეთი შემზარავი ფაქტების შესახებ: “ახალდაბაში (ოჩამჩირეს რ-ნი - ავტ.) ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. სტადიონზე გაუპატიურებული ქალები ცოცხლად დაწვეს. ბავშვი გაატყავეს, ხორცზე წააწერეს: “ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე““ (დროებითი ფულის ერთეული მაშინდელ საქართველოში - ავტ.). კომენტარები ზედმეტია.

 

ოკუპანტები და სეპარატისტები არ ინდობდნენ ლოგინს მიჯაჭვულ ინვალიდებსა და სხვა მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც პირდაპირ საწოლში კლავდნენ. გაუგონარ აგრესიას იჩენდნენ მოხუცების მიმართაც. მაგალითად, საკუთარ სახლებში ცოცხლად დაწვეს 103 წლის დურუ ტაბაღუა (სოფ. ოტობაია, გალის რ-ნი), 96 წლის მარინე გოგუა (სოფ. ლინდავა, სოხუმის რ-ნი), 90 წლის ლუშა ცაავა (სოფ. შრომა, სოხუმის რ-ნი) და მრავალი სხვა.

 

აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი უპირატესად ქართველები გახდნენ, მაგრამ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მათთან ერთად ასობით სხვა ეროვნების წარმომადგენელიც დახოცეს. მათ ბრალად ედებოდათ ქართველთა გადარჩენის მცდელობა. ასე მაგალითად, 1993 წლის ნოემბერში სოფ. ოდიშში (სოხუმის რ-ნი) ჯერ დახვრიტეს და მერე მის სახლში შეფარებულ 13 მეზობელ ქართველთან ერთად დაწვეს ბერძენი მერი ანასტასიადი. მსგავსი “დანაშაულისთვის“ დახვრეტილთა შორის, გარდა ბერძნებისა, არიან აფხაზები, რუსები, სომხები, ებრაელები, უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. მათგან დავასახელებთ ოჩამჩირელ ბრანისლავა იგუმენოვას, რომელიც 1993წ. დეკემბერში დახვრიტეს იმისთვის, რომ სეპარატისტთა ბოევიკებს განუცხადა: “ასეთს ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ“.

 

სეპარატისტებმა ოკუპანტებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მისი მთავრობის წევრები რაულ ეშბა, სუმბატ სააკიანი, ქ. სოხუმის მერი გურამ გაბესქირია და მათი თანმხლები პირები. არ ინდობდნენ სასულიერო პირებსაც. მათ შეიპყრეს და სიცოცხლეს გამოასალმეს კომანის მონასტრის წინამძღვარი ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი).

 

აფხაზეთში ჩატარებული ეთნოწმენდისა და გენოციდის მსხვერპლთა ქვემოთ მოტანილი სია არასრულია. დღემდე ვერ ხერხდება სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ აფხაზეთის დაპყრობის დღეებში მასობრივად დახოცილთა შესახებ მონაცემთა სრული ბაზის შექმნა. მაგალითად, საკმაოდ ინფორმირებული მოსკოვური გაზეთის «Россия»-ს ცნობით, სოხუმის აღების დღეებში 6 ათასამდე ადამიანი დაიხოცა (Россия, №42, 1993); წარმოდგენილი სიის მიხედვით კი, ქ. სოხუმში დახოცილ მშვიდობიან მოქალაქეთა რიცხვი 1150 ადამიანზე ნაკლებს შეადგენს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ქალაქის ქუჩები ქართველთა ცხედრებით იყო მოფენილი, მარტო ნ. კურჩენკოს პარკში 400 ადამიანი დაუხოცავთ. მიცვალებულთა ცხედრები ზღვაშიც ეყარა. რთული აღმოჩნდა მათი, აგრეთვე იმ პირთა ვინაობის დადგენა, ვინც ოკუპაციის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში დაიღუპა ოკუპანტებისა და სეპარატისტების ხელიდან. მაგალითად, ზემოხსენებული მიხეილ აიდიონოვი გვაუწყებს, რომ “სოფელ კინდღში (ოჩამჩირეს რ-ნი - ავტ.) ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი ქართველი ჩამოახრჩვეს“ (Век, №40, 1993). რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ა. კოზირევი იძულებული იყო 1993 წლის 15 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ეღიარებინა: ”ის, რაც ხდება დღეს სოხუმში, არის ეთნიკური წმენდა”. იმჟამად სოხუმში ჩასული ი. დიაკოვი კი 1993 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში «Известия» მოწმობს: ”აფხაზეთში მეფობს გენოციდი”; მან პირადად იხილა ”ათეულობით ცხედარი ზღვაში”, ”ქალები გამოფატრული მუცლით”, ”მოჭრილი თავები, რომლებიც პლიაჟზეა დაყრილი”. რა თქმა უნდა, მათი უმეტესობის ვინაობა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დაღუპულთა სრული სიის დასადგენად მუშაობა გრძელდება. არ არის გამორიცხული, ამ მუშაობის შედეგად სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების სია გაორმაგდეს ან, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

არ შეიძლება უდიდესი სინანულით არ ვახსენოთ იმის შესახებაც, რომ აფხაზეთში ქართველი ჯარისკაცების, უფრო ხშირად კი ყაჩაღების ხელებით არაერთი საქართველოს მოქალაქე, მათ შორის მშვიდობიანი აფხაზი დაიღუპა, ჩადენილია მრავალი დანაშაული და უკანონობა. მაგრამ თვით აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურის მონაცემების (http://www.abkhaziya.org/genocid.html) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბები და სიმძიმე შეუდარებლად უფრო დიდია, ვიდრე ქართველებისა, რომლებიც ძირითადად საკუთარ ქალაქებსა და სოფლებს იცავდნენ. რაც ყველაზე მთავარია, აფხაზები არ გამხდარან და ვერც გახდებოდნენ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მსხვერპლნი, თუნდაც იმიტომ, რომ მათ კომპაქტურ დასახლებებში ქართული სამხედრო შენაერთები არ შესულან. საოკუპაციო ძალებმა კი ამ დროს მთლიანად მიწასთან გაასწორეს ასობით ქართული დასახლებული პუნქტი, დახოცეს ან განდევნეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიტაცეს (და დღემდე უკანონოდ ფლობენ) ან მოსპეს მისი კუთვნილი აურაცხელი ქონება ქალაქად და სოფლად. ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდათ ქართველებს, წარმოადგენს აფხაზეთის ხელში ჩაგდების, საქართველოსგან მისი მოწყვეტის ხანგრძლივი მიზანმიმართული და გეგმაზომიერი კრემლისეული პოლიტიკის უშუალო შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკა ხორციელდებოდა და ხორციელდება სეპარატისტთა სახელით და მათი ფორმალური მონაწილეობითაც, მთავარი პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სწორედ მან შეამზადა და მოახდინა ომის პროვოცირება აფხაზეთში; ის აიარაღებდა სეპარატისტებს (დღემდე აიარაღებს), რუსეთიდან შემოგზავნილ სამხედრო და ბანდიტურ ფორმირებებს; იცავდა და იცავს პასუხისმგებლობისაგან ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი საზარელი ბოროტმოქმედებების უშუალო შემსრულებლებს.

 

ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონებას ყველანაირად ხელს უწყობდა რუსული “სამშვიდობო“ მისია, რომელიც 1994 წლიდან ხორციელდებოდა. რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი ე.წ. სამშვიდობო მისიის ნამდვილი მიზნების რეალიზაცია, როდესაც 2008წ. აგვისტოში დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების უხეში დარღვევით აფხაზეთის “დამოუკიდებლობა“ აღიარა (2008წ. 26 აგვისტო), რაც სინამდვილეში ამ ტერიტორიის ოკუპაციას, სხვადასხვა ეროვნების 400 ათასამდე დევნილის დასაღუპავად გაწირვას ნიშნავს. რუსეთის სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანს საქართველოს ხელისუფლების დამხობა, თბილისში მარიონეტული რეჟიმის დასმა და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის შეჩერება წარმოადგენდა. თავისი უკანონო ნაბიჯით, რუსეთმა აბუჩად აიგდო საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, რეალური საფრთხე შეუქმნა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მთელი ევროპის უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველოს დაცვაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკავშირის, მაშინდელი მისი ხელმძღვანელის - საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პრინციპულმა პოზიციამ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნებას მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, ნატო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის ოფიციალური პოზიცია გაზიარებულია ისეთ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, როგორიცაა გაეროს გენერალური ასამბლეის 63-65 სესიებზე მიღებული რეზოლუციები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2009წ. 9 სექტემბერი, 2010წ. 7 სექტემბერი, 2011წ. 29 ივნისი); ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურთა საგანგებო საბჭოს სხდომის დასკვნა (2008წ. 1 სექტემბერი), ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნები (2008წ. 15-16 სექტემბერი), ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ (2008წ. 3 სექტემბერი), “ევროკავშირის შავი ზღვის პოლიტიკის შესახებ“ (2011წ. 20 იანვარი), რეკომენდაციები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე (2011წ. 17 ნოემბერი); ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633 (2008), 1647 (2009), 1683(2009) რეზოლუციები, ანგარიშები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ (SG/Inf (2009)7, SG/Inf (2009) 9, SG/Inf (2009) 15); ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების შესახებ (2008წ. 27 აგვისტო), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შესახებ (2008წ. 18 ნოემბერი), საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბრიუსელის შეხვედრის საბოლოო კომუნიკე (2008წ. 4 დეკემბერი), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის #382 რეზოლუცია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ (2010წ. 16 ნოემბერი), ნატოს ლისაბონის სამიტის კომუნიკე და დეკლარაცია (2010წ. 19-20 ნოემბერი); ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მოხსენება საქართველოში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ (2008წ. 27 ნოემბერი), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მეზობელ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეროვნული შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე (2010წ. 6-10 ივლისი) და ა.შ. საერთაშორისო აქტებში რუსული აგრესია შეფასებულია როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ისინი შეიცავენ დაჟინებულ მოწოდებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმების, საქართველოდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ.

 

საქართველოს რეგიონების აღიარების საკითხში რუსეთი პრაქტიკულად მარტო დარჩა, მას მხარი არ დაუჭირეს კრემლის ჰეგემონიის ქვეშ მყოფმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის მისმა უახლესმა მოკავშირეებმაც კი. მოსკოვის დიპლომატიურ წარმატებად ვერანაირად ვერ ჩაითვლება სარფიანი ეკონომიკური შეთანხმებებისა თუ ღიად ქრთამის გადახდის სანაცვლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე დანიელ ორტეგას (ნიკარაგუის პრეზიდენტი), უგო ჩავესის (ვენესუელას პრეზიდენტი), აგრეთვე ორი კუნძულოვანი ჯუჯა სახელმწიფოს (ნაურუ, ტუვალუ) დაყოლიება. არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო, საკუთარი ღირსების მქონე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ წავიდა და არც წავა ისეთ დანაშაულებრივ ნაბიჯზე, როგორიცაა ეთნოწმენდა განხორციელებული და მარიონეტული ეთნოკრატიული რეჟიმების მმართველობის ქვეშ მყოფი რეგიონების აღიარება.

 

საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი კვლავაც აგრძელებს თავის უაღრესად რეაქციულ, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიზანმიმართულ დარღვევაზე ორიენტირებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას. მან საგრძნობლად გაზარდა სამხედრო კომპონენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაადგა მათი ფაქტობრივი ანექსიის გზას. 2009წ. 30 აპრილს სეპარატისტებთან გაფორმებული “ხელშეკრულების” საფუძველზე კრემლი ახორციელებს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის “დემარკაციას”, მთელ პერიმეტრზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცდანაყოფების დისლოკაციას. გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებით 2009 წლის 15 ივნისს რუსეთმა შეაჩერა აფხაზეთში გაეროს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. ყოველივე ამით სერიოზული საფრთხე ექმნება მშვიდობას და სტაბილურობას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში.

 

თანამედროვე ეტაპზე სამშვიდობო პროცესი აფხაზეთში მთლიანად ბლოკირებულია. ძალაშია 2008 წლის 23 ნოემბრის საქართველოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. ამავე დროს მოქმედებს საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 27 იანვარს დამტკიცებული “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობა – თანამშრომლობის გზით” და იმავე წლის 3 ივლისს მიღებული “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა”. ქართული სახელმწიფოს მიზანია ოკუპირებულ ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებთან ეკონომიკური, კულტურული და სხვა კავშირების შენარჩუნება და  თანდათანობითი გაფართოება; მათთვის ხელმისაწვდომობა ყველა იმ სიკეთისა და სოციალური შეღავათისა, რითაც სარგებლობენ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები (განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში). პირველი დადებითი შედეგები აღნიშნულმა სამთავრობო სტრატეგიამ უკვე გამოიღო.

 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. 2010 წლის 23 ნოემბერს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრინციპულად ახალი სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენა. საქართველომ ცალმხრივად დადო პირობა ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის განუახლებლობის, ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოგვარებისთვის მზადყოფნის შესახებ.

 

საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის რეალიზაციისთვის, არსებული ფეთქებადსაშიში მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებისთვის სჭიროა აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანა, ნეიტრალური სახელმწიფოების მონაწილეობით სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაცია, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი და სამართლიანი მოგვარება, მათ შორის აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს კონსტიტუციის, ისტორიისა და არსებული რეალიების გათვალისწინებით.

 

წარმოდგენილი სია ასრულია. სამუშაოები მის დასაზუსტებლად და შესავსებად გრძელდება. მზადდება ინგლისური თარგმნა.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ფოტოგალერეა
ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions