მიმდინარე წლის 3 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბესიკ კუსიდის ინტერპელაციის წესით მოსმენის“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ“.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, მინისტრის პირველი მოადგილე მანონი გეჯუა, ა(ა)იპ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა, აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე.

მინისტრმა პასუხი გასცა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა 2025 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ა(ა)იპ-ის „აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს“ მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას; 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით სამინისტროს ეკონომიკური კატეგორიით (საბიუჯეტო მუხლით) „სოციალური უზრუნველყოფა“ განსაზღვრული საბიუჯეტო გადასახდელების (ასიგნებების) 1.970.000 ლარის ოდენობით ხარჯვის ეფექტიანობას; დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსებისა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტურად განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების შესაბამისობას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წელს სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან 1 პროგრამული მიმართულებით განსაზღვრული იყო 205,000.00 ლარი, საიდანაც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ქვეპროგრამები მოიცავდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებითა და აღჭურვილობით მხარდაჭერას, კერძოდ: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მედიკამენტებით მხარდაჭერის ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 15,000.00 ლარით, საკასო შესრულებამ შეადგინა 14,413.22 ლარი; დაწესებულებების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა 48 დასახელების (17,628 ერთეული) მედიკამენტის შესყიდვა და გადაცემა. აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 25,000.00 ლარის ოდენობით, საკასო შესრულებამ შეადგინა 21,271.00 ლარი; დაწესებულებების მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა 34 დასახელების (50,754 ერთეული) სამედიცინო ინვენტარის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებისა და სახარჯი მასალის შესყიდვა და გადაცემა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქვეპროგრამები შეფასდეს არა მხოლოდ საკასო შესრულების პროცენტული მაჩვენებლით, არამედ მათი მიზნობრიობითა და პრაქტიკული შედეგით. 2025 წელს სააგენტოს პროგრამული რესურსი მიმართული იყო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ისეთი მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და სახარჯი მასალების მიწოდებაზე, რომლებიც აუცილებელია ადგილზე პირველადი, გადაუდებელი და ყოველდღიური სამედიცინო მომსახურების მინიმალური შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, განაცხადა ბ. კუსიდიმ.

მეორე საკითხთან დაკავშირებით ბესიკ კუსიდიმ აღნიშნა, რომ 2025 წელს სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯი მიმართული იყო დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო 3 მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ. თანხები განაწილდა როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული დახმარების მიმართულებით, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის სააგენტოს შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში. 2025 წელს „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლით დაფინანსებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში ჯამურად დახმარება გაეწია 7,288 ბენეფიციარს, ხოლო საკასო ხარჯმა შეადგინა 2,830,749.52 ლარი. შედარებისთვის, 2024 წელს ამავე მუხლით დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწია 4,870 ბენეფიციარს, ხოლო დახმარების ოდენობამ შეადგინა 1,778,274.00 ლარი. შესაბამისად, 2025 წელს ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა 2,418-ით (49.7%-ით), ხოლო დახმარების ოდენობა გაიზარდა 1,052,475.52 ლარით (59.2%-ით). აღნიშნული ზრდა მიუთითებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის მუხლით გაწეული ხარჯი პასუხობდა რეალურ და მზარდ მოთხოვნას, განმარტა მინისტრმა.

ბესიკ კუსიდი შეეხო დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსებისა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული აქტივობების ეფექტურად განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების შესაბამისობის საკითხსაც. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი არის საქართველოს შესაბამისი ცენტრალური აღმასრულებელი უწყება და მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს საკუთარ, მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ავსებს იმ საჭიროებებს, რომლებიც დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის პრაქტიკაში რჩება დამატებითი მხარდაჭერის საგნად. 2025 წლის ანალიზის და პროგრამებში შესატანი გაუმჯობესებების მიხედვით დაიგეგმა სამინისტროს 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილია 1,986,017.00  ლარით წინა წელთან შედარებით და შეადგენს  6,066,000.00 ლარს. აღნიშნულის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებიდან გამომდინარე, რომელმაც გვიჩვენა მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო გაზრდილი დაინტერესება და მოთხოვნა სამინისტროს პროგრამების მიმართ, მთავრობის მიერ ინიცირებულია ბიუჯეტში ცვლილების პროექტი, რომლებიც ითვალისწინებს ჯანდაცვის პროგრამული მიმართულებით დამატებითი რესურსის გამოყოფას -  1,344,120.00 ლარის ოდენობით. აღნიშნული რესურსი მიზნად ისახავს როგორც არსებული პროგრამების უწყვეტობის უზრუნველყოფას, ისე გაზრდილი მომართვიანობის პირობებში ბენეფიციართა საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.

სხდომის მსვლელობისას დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის და დადებითად შეაფასა ინტერპელაციის წესით მისი მოსმენა. ჯემალ გამახარიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა ენგურსმიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე.

პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ იმსჯელეს. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, დეპუტატებმა რეგლამენტის თანახმად ღია კენჭისყრით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ხელმეორედ აირჩიეს ქალბატონი ადა მარშანია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის და კოლეგების სახელით ხელმეორედ არჩევა მიულოცა. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.       

გალერეა

სხვა სიახლეები